ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ორშაბათს, 22 ივლისს, საპრეზიდენტო რბოლაში, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობილი დემოკრატის, ნენსი პელოსის მხარდაჭერა მოიპოვა.
პელოსიმ, რომელმაც 2022 წელს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, პარტიაში გავლენა შეინარჩუნა, წამყვანი როლი ითამაშა 81 წლის ბაიდენის დარწმუნებაში, რომ დაესრულებინა თავისი საპრეზიდენტო კამპანია.
„სიყვარულითა და მადლიერებით მივესალმები პრეზიდენტ ბაიდენს, რომელსაც ყოველთვის სჯერა ამერიკის შესაძლებლობების და აძლევს ხალხს საშუალებას, მიაღწიონ მათ მიზანს“, - ნათქვამია 84 წლის პელოსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ვეცადოთ, რომ დონალდ ტრამპი მტკიცედ დავამარცხოთ და ენთუზიაზმით ავირჩიოთ კამალა ჰარისი შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტად",- ამბობს ყოფილი სპიკერი.
პრაქტიკულად ყველა ცნობილი დემოკრატი, რომლებიც ჰარისის პოტენციურ ოპონენტებად ითვლებოდნენ, მის სასარგებლოდ გაერთიანდა, მათ შორის არიან გუბერნატორები: გრეტჩენ უიტმერი მიჩიგანიდან, გევინ ნიუსომი კალიფორნიიდან და ენდი ბეშიარი კენტაკიდან.
59 წლის ჰარისმა ორშაბათს, 22 ივლისს, ბაიდენის გადაწყვეტილების მიღებიდან თავის პირველ საჯარო სიტყვით გამოსვლაში, შეაქო ბაიდენი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის.
"ჯო ბაიდენის მემკვიდრეობა ბოლო სამი წლის განმავლობაში შეუდარებელია თანამედროვე ისტორიაში", - თქვა ჰარისმა თეთრ სახლში, კოლეჯის სპორტსმენების პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე.
„ჩვენი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ყოველდღე იბრძვის ამერიკელი ხალხისთვის და ჩვენ ძალიან, ძალიან მადლიერი ვართ ჩვენი ერისთვის გაწეული სამსახურისთვის", - თქვა ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა.
ჰარისს კონკრეტულად არ უხსენებია თავის ახალი სტატუსი და ის, რომ შესაძლოა პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს.
კამპანიის ოფიციალურმა პირებმა და მოკავშირეებმა უკვე გააკეთეს ასობით მოწოდება ჰარისის სახელით და მოუწოდეს დელეგატებს, მომავალ თვეში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე შეუერთდნენ მის წარდგენას საპრეზიდენტო კანდიდატად, რათა 5 ნოემბრის არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი დაამარცხოს.