შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დღეს, 2 აგვისტოს გამართულ შიდაპარტიულ კენჭისყრაზე, დემოკრატ დელეგატთა უმრავლესობის ხმები მიიღო. მოელიან, რომ მას საპრეზიდენტო ნომინაციის მანდატს მალე გადასცემენ.
დემოკრატიულ პარტიაში კენჭისყრა დილიდან დაიწყო. 4 000-მდე დემოკრატი აქტივისტისა და პოლიტიკოსის ხელმოწერა ჰარისის მხარდაჭერის წერილს უკვე ჰქონდა. პარტიის ოთხდღიანი ყრილობის, ე.წ. კონვენციის წინ, დემოკრატი დელეგატები მომავალ ნომინანტს ხმას ელექტრონული კენჭისყრის გზით აძლევენ.
თავად ჰარისმა საკუთარი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი უახლოეს დღეებში უნდა დაასახელოს. არ არის გამორიცხული, ეს ორშაბათს მოხდეს, მას შემდეგ, რაც ჰარისი ამ უქმეებზე რამდენიმე კანდიდატს გაესაუბრება. შემდეგ კი ვიცე-პრეზიდენტი იმ მნიშვნელოვან შტატებს ესტუმრება, სადაც შესაძლოა, არჩევნების ბედი გადაწყდეს.
კამალა ჰარისის კანდიდატურა რომელიმე სხვა სერიოზულ კანდიდატს ეჭვქვეშ არ დაუყენებია. მან მალევე მოიპოვა დელეგატების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობისა და პარტიის გავლენიანი ლიდერების საჯარო მხარდაჭერა.
"ჩვენს დელეგატებს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა აქვთ მომდევნო დღეებში, ხმა მისცენ ისტორიის შემქმნელ ბიულეტენებზე ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს, უზრუნველყონ, რომ ის ყველა შტატში იქნება ბიულეტენზე ნოემბრის არჩევნებში", - თქვა ჯეიმი ჰარისონმა, პარტიის თავმჯდომარემ.
"ჩვენს პარტიას უპრეცედენტო დრო უდგას გამჭვირვალე, დემოკრატიული და მოწესრიგებული პროცესით იმ ნომინანტის ირგვლივ გაერთიანდეს, რომელსაც დადასტურებულად შეუძლია გაგვიძღვეს წინ ამ ბრძოლაში", - თქვა მან.
ჰარისი პირველი ფერადკანიანი და სამხრეთ აზიული წარმოშობის ქალი გახდება, ვინც კი შეერთებულ შტატებში წამყვან პარტიას როდესმე კანდიდატად დაუსახელებია. შეერთებულ შტატებში ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 100 დღეზე ნაკლები რჩება და კამალა ჰარისიც და რესპუბლიკელთა კანდიდატი დონალდ ტრამპიც ახლა ე.წ. მერყევ შტატებზე ფოკუსირდებიან.
ანალიტიკოსების აზრით, მომდევნო დღეებში, ყველაზე გვიან, 7 აგვისტოს გახდება ცნობილი, თუ ვის შეარჩევს ნომერ მეორე დემოკრატად ქვეყნის ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი.