ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი უზენაესი სასამართლოს რეფორმაზე და დემოკრატიის მომავალზე საუბრობს


საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნიდან ერთ კვირაზე ნაკლები ხნის შემდეგ, პრეზიდენტი ბაიდენი ახალი ინიციატივით გამოდის. მან, სამოქალაქო უფლებების აქტის 60 წლისთავზე, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით იმ შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრა, რაც მისი აზრით, შედეგად დონალდ ტრამპის გამარჯვებას მოჰყვება.

"კანონზე მაღლა არავინ დგას", - თქვა ბაიდენმა და პოლიტიკაში თავისი კარიერის პირველი წლები გაიხსენა, ისაუბრა მარტინ ლუთერ კინგზე, ჯონ კენედისა და ლინდონ ჯონსონზე. გაიმეორა, რომ პოლიტიკაში ცვლილებების სურვილით ჩაერთო.

ლინდონ ჯონსონი, ამერიკის ისტორიაში, ჯო ბაიდენამდე ბოლო პრეზიდენტი იყო, ვინც მეორე ვადით კენჭისყრა არ ისურვა. პრეზიდენტი სიტყვით სწორედ ჯონსონის სახელობის ბიბლიოთეკაში გამოვიდა.

ინიციატივა უზენაეს სასამართლოში ცვლილებების შესახებ

ამერიკის პრეზიდენტმა ქვეყნის უზენაესი სასამართლოს რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ საჭიროა ამ პოზიციაზე მსახურობისთვის გარკვეული ვადების და ეთიკის კოდექსის შემუშავება. ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც საპრეზიდენტო იმუნიტეტი შეიზღუდება. თუმცა, ჯო ბაიდენის ინიციატივები რესპუბლიკელების მიერ მართულ წარმომადგენელთა პალატაში, სავარაუდოდ, არ დამტკიცდება. ეს, ბევრის აზრით, ერთგვარი სიმბოლური ნაბიჯი იყო იმ მიმართულებით, რასაც როგორც თავადაც ამბობს, მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ემსახურებოდა. ამ ინიციატივით პრეზიდენტი ორი კვირის წინ უნდა გამოსულიყო, მისი გადადება კოვიდის გამო გახდა საჭირო. ახლა კი, ბაიდენი საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს როგორც პრეზიდენტი, რომელსაც მხოლოდ 6 თვე დარჩა ოვალურ კაბინეტში და არა როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი. ამ ორი კვირის განმავლობაში შეცვლილ პოლიტიკურ გარემოში, ჯო ბაიდენი ცდილობს თავისი პოლიტიკური მემკვიდრეობის ყურადღების ცენტრში დემოკრატიული ღირებულებებისა და მომავლის დაცვა მოაქციოს.

სარჩევნო ოლქს კი, რომელშიც პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა, კონგრესში ლოიდ დოგეტი წარმოადგენს, კანონმდებელი, რომელიც 15 მოწვევის კონგრესში მსახურობს და პირველი დემოკრატი კონგრესმენი იყო, ვინც ბაიდენს კანდიდატურის მოხსნისკენ ღიად მოუწოდა. პრეზიდენტმა გამოსვლისას ასევე ახსენა კამალა ჰარისი და მას "შესანიშნავი პარტნიორი" უწოდა, რომელიც მისი თქმით, "შთამაგონებელ ლიდერად დარჩება".

ამერიკის არცერთი პრეზიდენტი კამპანიას არჩევნებამდე ასე ცოტა ხნით ადრე არ გამოთიშვია. ლინდონ ჯონსონმა კამპანია 1968 წლის მარტში დაასრულა. ბოლო დროს, ბაიდენს ჯონსონს ხშირად ადარებენ. გადაწყვეტილების შესახებ ხალხს ორივემ ოვალური კაბინეტიდან აცნობა და საკუთარი პარტიის მხრიდან ორივე წნეხის სამიზნე იყო, გადაედგა ეს ნაბიჯი. ამასთან, გადაწყვეტილება პარტიამ ორივე მათგანს დაუყოვნებლივ მოუწონა.

თუმცა, მიზეზები ძალიან განსხვავებულია, ჯონსონმა გადაწყვეტილება ვიეტნამის ომის დროს მიიღო და თქვა, რომ კონფლიქტთან დაკავშირებით უნდა იყოს ფოკუსირებული. ბაიდენის მიმართ კი, ეჭვები 27 ივნისის დებატებმა გააღმავა: პარტია შიშობდა, რომ ის დონალდ ტრამპის დამარცხებას ვერ შეძლებდა.

ჯო ბაიდენმა, დონალდ ტრამპს - ყოფილ პრეზიდენტს და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, დემოკრატიისთვის სერიოზული საფრთხე უწოდა, განსაკუთრებით კი, მისგან 2020 წლის არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების გამო.

XS
SM
MD
LG