პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს, თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან ერისადმი მიმართვისას თქვა, რომ ის „ჩირაღდნას ახალ თაობას გადასცემს“.
ერისადმი მიმართვისას, ბაიდენმა ამერიკელებს პირველად აუხსნა, რატომ გადაწყვიტა, მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის აღარ ებრძოლა.
„გადავწყვიტე, რომ წინსვლის საუკეთესო გზაა, გადასცე ჩირაღდანი ახალ თაობას. ჩვენი ერის გაერთიანების საუკეთესო გზა ეს არის“ - განაცხადა ბაიდენმა. ბაიდენმა გადაწყვეტილება მისი პარტიის წევრების, დემოკრატების მხრიდან რამდენიმე კვირიანი ზეწოლის ფონზე მიიღო.
“მე ვეთაყვანები ამ კაბინეტს, მაგრამ ჩემი ქვეყანა უფრო მიყვარს“, - თქვა ბაიდენმა.
ბაიდენი განზე განდგომისკენ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპმთან ცუდად ჩატარებული დებატების შემდეგ, მოუწოდებდნენ, რამაც კითხვები გააჩინა მის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
„დიდებული რამ ამერიკის შესახებ ისაა, რომ აქ მეფეები და დიქტატორები არ მართავენ. ხალხი მართავს. ისტორია თქვენს ხელშია. ძალაუფლება თქვენს ხელშია. ამერიკის იდეა - თქვენს ხელშია“, - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
ერისადმი მიმართვისას, პრეზიდენტმა ბაიდენმა, ასევე ისაუბრა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის შესახებ, რომელსაც დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატატ წარდგენისთვის მხარი მალევე დაუჭირა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ პრეზიდენტობის მეორე ვადისთვის აღარ იბრძოლებდა.
„სულ რაღაც რამდენიმე თვეში, ამერიკელი ხალხი, ამერიკის მომავლის კურსს ირჩევს“, - თქვა ბაიდენმა.
„ჩემი ცხოვრების პატივი იყო, მემსახურა თქვენს პრეზიდენტად. მაგრამ, დემოკრატიის დაცვა, რომელიც სასწორზე დევს, ვფიქრობ უფრო მნიშვნელოვანი რამაა, ვიდრე ნებისმიერი ტიტული. ძალას ვიღებ და სიხარულს ვგრძნობ ამერიკელი ხალხისთვის მუშაობაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა, ერისადმი მიმართვაში.
ბაიდენი ამბობს, რომ ამერიკელ ხალხს მოუწევს, არჩევანი გააკეთოს წინსვლასა და უკუსვლას შორის. მისი თქმით, ახლა არის მომენტი, როცა გადაწყვეტილებები განსაზღვრავს არა მხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ ასევე მთელი მსოფლიოს მომავალ ათწლეულებს.
„მე ნათლად განვაცხადე, რომ მჯერა ამერიკა გადახრის წერტილშია. ეს ისტორიის ერთ-ერთი იშვიათი მომენტია, როდესაც გადაწყვეტილებები, რომლებსაც ახლა ვიღებთ, ჩვენი ერისა და მსოფლიოს ბედს, მომავალი ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავს. ამერიკას მოუწევს გააკეთოს არჩევანი, განაგრძოს წინ სიარული თუ უკან წავიდეს, მოუწევს გააკეთოს არჩევანი იმედსა და სიძულვილს შორის, ერთიანობასა და განხეთქილებას შორის. ჩვენ უნდა გადავწყვითოთ, გვჯერა თუ არა პატიოსნების, წესიერების, პატივისცემის, თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიის.“
ერისადმი მიმართვისას, პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რას გააკეთებს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე. ჯო ბაიდენს, პრეზიდენტობის ვადა 2025 წლის იანვარში ეწურება, როცა არჩეული პრეზიდენტი ფიცს დადებს.
„მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, მე კონცენტრირებული ვიქნები პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაზე. ეს ნიშნავს, რომ მე გავაგრძელებ შრომისმოყვარე ოჯახებისთვის ხარჯების შემცირებას, ჩვენი ეკონომიკის გაზრდას. მე გავაგრძელებ ჩვენი პერსონალური და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვას, - ხმის უფლებიდან, არჩევანის უფლებამდე. მე გავაგრძელებ, სიძულვილისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ მოწოდებას. ამერიკაში არ არის პოლიტიკური ძალადობის ან რაიმე ძალადობის ადგილი, რომელის ოდესმე ყოფილა. მე გავაგრძელებ ადვოკატირებას, დავიცვათ ჩვენი შვილები იარაღით ძალადობისგან“, - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა და დასძინა, რომ ის გააგრძელებს მოწოდებებს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს რეფორმისთვის.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, ის გააგრძელებს დაუპირისპირდეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ზრახვებს უკრაინის წინააღმდეგ.
„ჩვენ გავაგრძელებთ ამაყი ქვეყნების კოალიციის შეკრებას, რათა შევაჩეროთ პუტინი, რომლის მიზანია ხელში ჩაიგდოს უკრაინა და მეტი ზიანი მიაყენოს. ჩვენ შევინარჩუნებთ ძლიერ ნატოს, გავაძლიერებთ მას და უფრო გავართიანებთ, ვიდრე ნებისმიერ დროს, ჩვენი ისტორიის განმავლობაში“, - თქვა ბაიდენმა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა, სიტყვის დასასრულს, ამერიკულ შესაძლებლობაზე ისაუბრა, - გაუხსნას გზა ადამიანებს და თქვა, რომ არსად დედამიწის ზურგზე არ არის შესაძლებელი, „ბავშვი, რომელიც ბორძიკით ლაპარაკობს, მოკრძალებული საწყისით, პენსილვანიიდან, დელავერიდან“, დაჯდეს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, პრეზიდენტის მაგიდასთან, - „მე აქ ვარ. ეს არის ძალიან განსაკუთრებული ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ ვართ დაპირებების, შესაძლებლობებისა და მეოცნებეების ერი. კარი ჩვეულებრივი ამერიკელებისთვის, გააკეთონ არაჩვეულებრივი რაღაცები. ჩემს სულსა და გულს ვაძლევ ჩვენს ერს“, - თქვა ბაიდენმა.
„ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები ვართ, არ არსებობს სრულიად არაფერი, ჩვენი შესაძლებლობების მიღმა, როცა ამას ერთად ვაკეთებთ. ასე რომ, ვიმოქმედოთ ერთად. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ჯარები“, - ამ სიტყვებით დაასრულა ერისადმი მიმართვა, პრეზიდენტმა ბაიდენმა.
ბაიდენის პოლიტიკური კარიერა 1972 წელს 29 წლის ასაკში დაიწყო, როცა ის სენატორად აირჩიეს და გახდა მეექვსე ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი სენატორი. ის თეთრ სახლში 2025 წლის 20 იანვარს დაასრულებს თავის ვადას, როგორც ამერიკის ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი, როცა 82 წელი შეუსრულდება.