რუსეთში მიაჩნიათ, რომ ახალი გაზსადენი, ჩრდილოეთის ნაკადი 2 სერთიფიირებას 2022 წელს მიიღებს და მუშაობას დაიწყებს. განცხადება ამის შესახებ კრემლში რუსეთის ვიცე პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთს სხვა მოლოდინები არ აქვს.
კითხვაზე, თუ მილსადენის სერთიფიცირება არ მოხდება, აქვს თუ არა რუსეთს ალტერნატიული გეგმა, ნოვაკი ამბობს: „ჩვენ არ განვიხილავთ ასეთ ვარიანტებს და გვჯერა, რომ ის ამოქმედდება სერტიფიცირებით განსაზღვრული ვადების შესაბამისად“
მაშინ, როცა კრემლში 2022 წლის პირველ კვარტალში გაზსადენის ამუშავებაზე საუბრობენ, გერმანიაში აცხადებენ, რომ ეს ასე არ იქნება. „ბუდესნეტზაგენტურმა“ ნოემბერში გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა. რეგულატორი, მილსადენის ოპერატორი კომპანიისგან, გერმანიაში ლეგალური რეგისტრაციის გავლას ითხოვს. რეგულატორის თქმით, მათ არ მიუღიათ საკმარისი დოკუმენტაცია, რათა ხელახლა დაიწყონ სერტიფიცირების პროცესი.
ასევე ნახეთ: რუსეთის პრეზიდენტი ევროპაში გაზის გაძვირებას გერმანიას აბრალებს
„გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული შემდეგი წლის პირველ ნაწილში“, - განაცხადა ჯოხენ ჰომანმა, რეგულატორის ხელმძღვანელმა. გაზსადენი, რომელიც ბალტიის ზღვის ქვეშ გადის და რომელიც რუსულ გაზს, უკრაინის გვერდის ავლით, გერმანიას მიაწვდის, სექტემბერში დასრულდა. მილსადენის მშენებლობას ვაშინგტონი აქტიურად აპროტესტებდა, რის გამოც ამერიკამ რუსულ გაზსადენს სანქციები არაერთხელ დაუწესა.
უკმაყოფილებას გამოხატავს უკრაინა და პოლონეთიც. გაზსადენი, კრიტიკოსების განცხადებით, გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე და მოსკოვი ამას პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოიყენებს. ამასთან, კიევი კარგავს გაზის სატრანზიტო ფუნქციას, რაც ქვეყანას შემოსავლის კუთხით, მნიშვნელოვანად აზარალებს.