ამერიკის პრეზიდენტ კო ბაიდენის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესება და ტრანსატლანტიკური კავშირების გაღრმავება იყო. საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული, „ჩრდილოეთის ნაკად 2“-თან დაკავშირებული ნაბიჯი გახდა. ამერიკამ მილსადენის მშენებლობისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტა.
„ამერიკამ პრიორიტეტი გერმანიასთან ურთიერთობას მიანიჭა“, - ასე აფასებს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ჰედერ კონლი, „საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტი ევროპის, ევრაზიისა და რუსეთის საკითხების მიმართულებით. კონლი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ესმის, რომ მილსადენის 95% აშენებულია და ბრძოლის გაგრძელება რთულია, მაგრამ განმარტავს, რომ პროექტი სიკეთეს არც ევროპას მოუტანს.
ამ ეტაპზე ადმინისტრაციამ პრიორიტეტი გერმანიასთან ურთიერთობას მიანიჭა, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ სამწაუხაროდ, ეს ურთიერთობა ასევე არ უნდა იყოს მძევლად გამოყენებული რეგიონში ამერიკის სხვა ინტერესების წინააღმდეგ,- ჰედერ კონლი
„ეს არ ემსახურება ევროპულ უსაფრთხოებას. ის მას ასუსტებს. ის აძლიერებს კრემლს და ასუსტებს უკრაინასა და ცენტრალურ ევროპას. შეიძლება გქონდეს მნიშვნელოვანი უთანხმოება ჩვენს მოკავშირეებთან, მაგრამ იბრძვი იმისთვის, რაც გჯერა რომ მართებულია. ვფიქრობ, ადმინისტრაცია ბევრ კრიტიკას ისმენს ამ გადაწყვეტილების გამო და შესაძლოა, ის გარკვეულწილად შეცვალოს კიდეც, არ ვიცი. მაგრამ ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. ამ ეტაპზე ბაიდენის ადმინისტრაციამ პრიორიტეტი გერმანიასთან ურთიერთობას მიანიჭა, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ სამწაუხაროდ, ეს ურთიერთობა ასევე არ უნდა იყოს მძევლად გამოყენებული რეგიონში ამერიკის სხვა ინტერესების წინააღმდეგ“, - ამბობს კონლი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შედგება ორი პარალელური გაზსადენისგან, რომელიც 1 230 კილომეტრზეა გადაჭიმული. ის რუსეთის არქტიკულ ბუნებრივ აირს გერმანიაში ჩაიტანს, უკრაინისა და პოლონეთის გვერდის ავლით. ეს კიევს სატრანზიტო შემოსავლების სახით, სულ ცოტა, 2 მილიარდ დოლარს დააკარგვინებს. მილსადენს აქვს შესაძლებლობა გერმანიას წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდოს. ეს უკრაინაზე გამავალ დღევანდელ ტრანზიტს სრულად აანაზღაურებს და ჩაანაცვლებს.
გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ზე შეთანხმებას 2 ივლისს მიაღწიეს, რითაც ორ მოკავშირეს შორის წლების განმავლობაში არსებული უთანხმოება დასრულდა. ანგელა მერკელმა, რომელიც ივლისის ბოლოს ვაშინგტონში კანცლერის რანგში ბოლოჯერ იმყოფებოდა, თქვა, რომ ეს გაზსადენი „დამატებითი როლის“ შემსრულებელი იქნება და გერმანია ყველაფერს გააკეთებს, რომ ამით „უკრაინისგან მიწოდების ჩანაცვლება არ მოხდეს“. უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერა ჯო ბაიდენმაც არაერთხელ გაიმეორა და თქვა, რომ მხარეები უკრაინის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას და შესაძლო ფინანსური ზიანის შემსუბუქებას ეცდებოდნენ.
"მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე ჩემი შეშფოთება ჩრდილოეთის ნაკად 2-თან მიმართებაში. ხანდახან კარგი მეგობრები შეიძლება ერთმანეთს არ ეთანხმებოდნენ. მე როდესაც პრეზიდენტის თანამდებობა დავიკავე მილსადენის 90 პროცენტი უკვე აშენებული იყო. კანცლერი მერკელი და მე დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება ბუნებრივი აირი გამოიყენოს მეზობლების წინააღმდეგ ან მათი მუქარისთვის, ვმუშაობთ სხვადასხვა მექანიზმის შექმნაზე,“ - თქვა მაშინ პრეზიდენტმა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ენერგო უსაფრთხოების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელი დანიშნა. ყოფილი ამერიკელი დიპლომატის, ამოს ჰოჩსტეინის უმთავრესი მისია გერმანულ-რუსული მილსადენის შედეგად წარმოქმნილი „რისკების შემცირება“ და აღმოსავლეთ ევროპის ენერგო-დამოუკიდებლობის გამყარება იქნება. გამოქვეყნებულ წერილში ბლინკენი ამბობს, რომ ამ პოზიციაზე ჰოჩსტეინის დანიშვნა იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონი მზადაა „შეეწინააღმდეგოს კრემლის მიერ ენერგორესურსების გეოპოლიტიკურ ბერკეტად“ გამოყენებას და ხელი შეუწყოს უკრაინის, ნატოს წევრების და ევროკავშირის ქვეყნების უსაფრთხო და მდგრად ენერგო განვითარებას.
სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან მოსალაპარაკებლად გერმანიამაც დანიშნა. ბერლინი ცდილობს რუსეთი უკრაინასთან ამჟმად არსებული სატრანზიტო შეთანხმების 10 წლით გაგრძელებაზე დაითანხმოს. შეთანხმებას ვადა 2024 წელს გაუვა.
ბაიდენის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ როგორც ევროპისთვის, ისე ამერიკისთვის ცუდია, რადგან ეს ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას ზრდის. თუმცა, ამის მიუხედავად ჯო ბაიდენმა აპრილში თქვა, რომ რადგან გაზსადენის 90% დასრულებული იყო, მას არ სურდა პარტნიორ გერმანიასთან ურთიერთობების გაფუჭება.
ანალიტიკოსების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ მილსადენი უკრაინისა და აღმოსავლეთ თუ ცენტრალური ევროპის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. ჰედერ კონლი ამბობს, რომ ადმინისტრაციამ სცადა რთული გადაწყვეტილების მიღება და ამ საკითხის ერთგვარად უკან მოტოვება, გერმანიასთან კი ურთიერთობის დასტაბილურება. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამერიკა-გერმანიის ურთიერთობის საპირწონედ, ამერიკის სხვა ინტერესები და სხვა ღირებულებები, როგორიც ევროპის ენერგო-უსაფრთხოება და უკრაინის სუვერენიტეტია, არ უნდა დაზიანდეს.
„ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ადმინისტრაციისთვის ნამდვილად იყო ერთგვარი გამოფხიზლების სიგნალი, რომ ამერიკა-გერმანიის ურთიერთობის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია, მაგრამ მას შეუძლია საფრთხე შეუქმნას სხვა რეგიონულ ღირებულებებს“, - ამბობს კონლი.
2009 წელს, მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვას და გაუმჯობესებას ცდილობდა, თბილისში ჩასულმა, მაშინ ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ ქართველებს არ უნდა შეშინებოდათ, რადგან რუსეთთან ამერიკის ურთიერთობის გაუმჯობესება მათი ქვეყნის ინტერესების ხარჯზე არ მოხდებოდა. უკრაინის გარდა, რას ნიშნავს ამერიკისგან „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ წინააღმდეგობის შეწყვეტა საქართველოსთვის? კონლი განმარტავს, რომ ეს მხოლოდ გერმანიასთან ურთიერთობის დასტაბილურების მიზნით მიღებული გადაწყვეტილებაა და ადმინისტრაციის მხრიდან პარტნიორებთან ურთიერთობის გაძლიერების ზოგად კონტექსტში საქართველოსთვისაც არ არის ცუდი სიგნალი.
„ჩრდილოეთის ნაკად 2“-ს უფრო დიდ, გეოპოლიტიკურ საფრთხედ მიიჩნევს მეთიუ ბრაიზაც, „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი. ბრაიზა იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც „ნორდ სტრიმის“ პირველი მილსადენის წინააღმდეგ მის არგუმენტებს ბუშის ადმინისტრაციაში პასუხობდნენ, რომ რუსეთთან ზედმეტი კონფრონტაცია არ იყო სასურველი.
„ახლა მშენებლობა გრძელდება. მაშინ, როდესაც ტრანსატლანტიკური საზოგადოება უნდა ინარჩუნებდეს წნეხს რუსეთზე იმისთვის, რომ მან შეცვალოს ქცევა საქართველოს თუ უკრაინის წინააღმდეგ. მაგრამ სანქციების წნეხის შენარჩუნების ნაცვლად, გზავნილი რუსეთისთვის ასეთია: ჩვენ შევამცირებთ წნეხს მცირედით, რადგან ევროპულ კომპანიებს ამ მილსადენიდან ფულის გაკეთება სურთ. მაგრამ ეს არასდროს ყოფილა ამერიკის ბრძოლა. ეს გერმანიის საკითხია და ესაა პრობლემა“, - ამბობს ბრაიზა. ყოფილი დიპლომატი განმარტავს, რომ პასუხისმგებლობა მეტწილად გერმანულ მხარეს ეკისრება, რადგან ამერიკა არჩევანის წინაშე სწორედ ამის გამო დადგა.
„რუსეთი ცდილობს გერმანია დააშოროს ნატოს და ამერიკას ისევე, როგორც ამის გაკეთებას ცდილობს თურქეთის შემთხვევაში. ასე რომ გერმანიის ლიდერებმა - ბიზნესი, რომელიც გასაგებია და შეგვიძლია პატიება და პოლიტიკური ლიდერები, რომელთა ქმედებაც უპატიებელია, გადაწყვიტეს, რომ განაგრძონ გაზსადენის მშენებლობა. ასე რომ, თუკი ამერიკა სანქციებს დაუწესებს გერმანულ, ჰოლანდიურ თუ ფრანგულ კომპანიებს, ჩვენ ამით რუსეთს ვეხმარებით ნატოს დაყოფაში. ბაიდენის ადმინისტრაცია ასე ფიქრობს ამის შესახებ, ეს მესმის, მაგრამ საშინელება ისაა, რომ გერმანიამ მიგვიყვანა ამ ეტაპამდე“, - ამბობს ბრაიზა.
გადაწყვეტილებას ამერიკელ კანონმდებელთა ნაწილიც გამოეხმაურა. კონგრესში დემოკრატთა და რესპუბლიკელთა უმეტესობაც მიიჩნევს, რომ ამერიკამ რუსეთს მილსადენის მშენებლობის დასრულების შესაძლებლობა არ უნდა მისცეს. სწორედ ამას ისახავდა მიზნად, პროექტთან დაკავშირებული პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ აქამდე დაწესებული სანქციები. მაისის ბოლოს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული გემები, რომლებიც გაზსადენის მშენებელობაში იღებენ მონაწილეობას, ფორმალურად შეიყვანა შავ სიაში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ცოტა ხნით ადრე, გაზსადენის მშენებლობაზე მომუშავე ერთ-ერთი რუსი ოპერატორი და მისი აღმასრულებელი დირექტორი სანქცირებულთა სიაში არ მოხვდნენ. მანამდე, 2019 წლის დეკემბერში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის მშენებლობაში ჩართულ პირებსა თუ კომპანიებს სანქციები დაუწესა, და მისმა ერთ-ერთმა მსხვილმა კონტრაქტორმა მუშაობა შეაჩერა.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2 გააძლიერებს რუსეთს, ძირს გამოუთხრის ამერიკის ეროვნულ ინტერესებს და საფრთხეს შეუქმნის უკრაინას - შეერთებული შტატების მნიშვნელოვან მოკავშირეს“ - განაცხადა „ტვიტერზე“ რესპუბლიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა. ანალოგიური განცხადება გააკეთა წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრმა მარსი კაპტურმა. „კონგრესმა უნდა უარყოს ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და უკრაინის სუვერენიტეტს“, - თქვა მან. წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა საკანონმდებლო შესწორება, რომლის მიზანია შეაჩეროს ბაიდენის ადმინისტრაციას მხრიდან გაზსადენზე დაწესებული სანქციების გაუქმების უფლება. კონგრესში თვლიან, რომ ამ სანქციების განხორციელება სავალდებულოა.
პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინელ კოლეგას 30 აგვისტოს თეთრ სახლში უმასპინძლებს. ეს ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ორი წლის წინ პოსტის დაკავების შემდეგ თეთრ სახლში პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება. უკრაინის ხელისუფლება და ზელენსკის ადმინისტრაცია ამერიკაში შიდაპოლიტიკურ სკანდალშიც აღმოჩნდა გახვეული. წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი სწორედ იმ მიზეზით გამოუცხადა, რომ მან მათი შეფასებით, ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა, როდესაც ზელენსკის უკრაინაში საკუთარი მეტოქის, ჯო ბაიდენის შვილის საქმიანობის გამოძიება სთხოვა.
თუკი ზელენსკის ვიზიტი საბოლოო გეგმის შესაბამისად, 30 აგვისტოს გაიმართება, უკრაინის პრეზიდენტს შესაძლოა იმ კანონმდებლებთან შეხვედრაც გაუჭირდეს, ვინც „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის მშენებლობის აქტიური მოწინააღმდეგეა. კონგრესი ამ დროს საზაფხულო შესვენებაზეა და ოფიციალურად არ მუშაობს.
Facebook Forum