ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელი რუსეთში ჩადის და შემდეგ უკრაინას ეწვევა


ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ფონზე, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთში მიემგზავრება და მოსკოვში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ეს მერკელის ბოლო ოფიციალური ვიზიტია რუსეთში, ვიდრე ის მომავალ თვეში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ, პენსიაზე გავა.

"ჩვენ ვისაუბრებთ გერმანია-რუსეთს შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე, პანდემიის მართვაზე და ისეთ საერთაშორისო პრობლემებზე, როგორიცაა ავღანეთი და ჩიხში შესული მოლაპარაკება უკრაინის კონფლიქტის დასასრულებლად" - განაცხადა მერკელმა.

მოსალოდნელია, რომ ორი ქვეყნის ლიდერები ასევე ისაუბრებენ თითქმის დასრულებულ პროექტზე, რომელიც ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის სახელითაა ცნობილი. გაზსადენი, რომელიც ბალტიის ზღვის ქვეშ გადის, რუსულ ბუნებრივ აირს გერმანიას მიაწვდის. მერკელი და პუტინი ასევე იმსჯელებენ ბელარუსზე, მიგრაციის პრობლემებზე, სირიაზე და სავარაუდოდ, რუსულ კიბერშეტევებზე.

რუსეთის შემდეგ, მერკელი უკრაინაში გაემგზავრება. გერმანიის კანცლერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში 22 აგვისტოს ელოდება. გერმანიაც საფრანგეთთან ერთად რუსეთს და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებას ცდილობს, თუმცა "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის დასრულების შემდეგ, მისი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო იზრდება, რადგან გაზსადენი გვერდს უვლის უკრაინას და ძირს უთხრის მის ენერგოუსაფრთხოებას.

„თუკი რუსეთი შეეცდება ენერგია იარაღად გამოიყენოს და უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიული აქტი განახორციელოს, გერმანია ეროვნულ დონეზე მიიღებს ზომებს და ევროპის კავშირზეც მოახდენს ზეწოლას, სანქციების ჩათვლით, რათა შემცირდეს რუსეთიდან ენერგოსექტორში ექსპორტის შესაძლებლობები, მათ შორის - ბუნებრივი აირის და/ან სხვა ეკონომიკურად რელევანტურ სექტორში“ - ნათქვამია ამერიკა-გერმანიის ერთობლივ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, გერმანია დანიშნავს საგანგებო რწმუნებულს, რომელიც შეეცდება უკრაინასთან შეთანხმებას მიაღწიოს რუსული აირის მიწოდების კონტრაქტის 10 წლის ვადით გასახანგრძლივებლად. ახლანდელ კონტრაქტს ვადა 2024 წლის დასასრულს ეწურება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG