ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიდლოვი: "პუტინი მისივე შექმნილი კრიზისის დასრულებისთვის არ უნდა დავაჯილდოოთ"


უკრაინის საზღვრებთან კვლავ რუსული ჯარია მობილიზებული, კრემლი კი გარანტიებს ითხოვს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება და „ევროპული უსაფრთხოებისთვის“ უკრაინასა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პირობაზე უარს ეტყვის. დასავლეთი დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ამერიკისა და მისი ევროპელი მოკავშირეების ლიდერები ვლადიმირ პუტინს ერთხმად უცხადებენ, რომ კრემლის გავლენის სფეროებისა და წითელი ხაზების არსებობას არ შეურიგდებიან. გასულ კვირას ბაიდენ-პუტინის საუბრის, დიდი შვიდეულის ლიდერების შეხვედრისა და სხვა არაერთი მოლაპარაკების შემდეგ, დასავლელი ლიდერები ამბობენ, რომ უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს უპრეცედენტო, სწრაფი და გამანადგურებელი სანქციები ელოდება. რუსეთის მუქარის და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პასუხის შესახებ ჩვენ ნატოს ძალების ყოფილ მთავარსარდალს, გადამდგარ გენერალს, ფილიპ ბრიდლოვს ვესაუბრეთ:

- ამერიკის პრეზიდენტის რუს კოლეგასთან საუბარს მთელი მსოფლიო ყურადღებით ელოდა. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამ ონლაინ შეხვედრის მთავარი გზავნილები?

სანამ არ შევიმუშავებთ ისეთ სანქციებს, რომლებიც პუტინის ქცევას შეცვლის, ჩვენი საქმე შესრულებული არაა,
- ფილიპ ბრიდლოვი

- ჯერ კიდევ არ ვიცით ამ საუბრის ყველა დეტალი, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ შეხვედრის დრო ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან რუსეთმა კიდევ ერთხელ შექმნა, მოიგონა ეს კრიზისი, რათა ზოგიერთ თავის მიზანს მიაღწიოს. ახლა კი ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ გზა ამ სრულიად ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ არ გვინდა, რომ რუსი სამხედროები კიდევ ერთხელ შეიჭრნენ უკრაინაში. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ევროპაში ჯარის გამოყენებით საზღვრების ცვლილების ეპოქა დასრულებული იყო. ჩვენ გვინდა გავცდეთ წინა ორ შეჭრას უკრაინაში და თავიდან ავიცილოთ მესამე შეჭრა.

- ანალიტიკოსების აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ეტაპზე ტრანსატლანტიკური ერთობისა და გადამწყვეტი ნაბიჯებისთვის მზაობის, ასევე უკრაინის მხარდაჭერის ჩვენება იყო. როგორ ფიქრობთ, სწორად მიაწოდეს ეს გზავნილი ბატონ პუტინს და გაიგო მან შესაძლო შედეგების შესახებ?

- ჩემთვის შემაშფოთებელია, რომ ეს იყო საუბარი ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის და მასში არ მონაწილეობდა უკრაინული მხარე. ბრძენმა კაცმა თქვა, თუკი მაგიდასთან არ ზიხარ, ესე იგი მენიუს ნაწილი ხარო. არსებობს შეშფოთება იმის თაობაზე, ხომ არ იყო რაიმე ისეთ დათმობაზე საუბარი, რომლის ფასიც უკრაინამ უნდა გადაიხადოს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბატონ პუტინს ესმის, რომ მისი ცუდი ქცევა არ დაჯილდოვდება. მან შექმნა ეს კრიზისი და ჩვენ ამას ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ, რათა მისი სამომავლო უარყოფითი ნაბიჯები არ წავაქეზოთ.

- რამდენად დამაკმაყოფილებელი, საკმარისი ან გასაგები იყო ნატოს პასუხი ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ამ უპრეცედენტო სამხედრო მობილიზაციაზე?

- ამერიკის სახელმწიფო მდივან ბლინკენის საერთაშორისო ვიზიტებისასაც ძალიან ძლიერი მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა გერმანიისა და საფრანგეთისგანაც, რაც ძალიან კარგი დასაწყისია. ჩვენ გვჭირდება დიპლომატია, რათა რუსეთმა გაიგოს, რომ იმის თაობაზე, რაც უკრაინაში ხდება, დასავლეთის მიდგომა მტკიცეა და ნატო არ შეეგუება უკრაინაში კიდევ ერთ შეჭრას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ უფრო ძლიერი სანქციების შესახებ. წარსულში სანქციებმა შეიძლება იმოქმედა კიდეც რუსეთზე, მაგრამ არა იმდენად, რომ პუტინის ქცევა შეეცვალა. სანამ არ შევიმუშავებთ ისეთ სანქციებს, რომლებიც მის ქცევას შეცვლის, ჩვენი საქმე შესრულებული არაა.

- რა არის მთავარი გზავნილები უკრაინისთვის? პრეზიდენტმა ბაიდენმა გასული კვირის ბოლოს ისიც თქვა, რომ რუსეთის შეჭრის შემთხვევაში უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნას არ განიხილავს, რადგან ქვეყანა ნატოს წევრი არაა და ეს ამერიკისთვის ალიანსის მე-5 მუხლით ნაკისრი ვალდებულება არ იქნება. ხომ არ იყო ეს ერთგვარი შერეული გზავნილები უკრაინისთვის?

- ჩვენ მაინც ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ, თუ უშუალოდ რა ითქვა პრეზიდენტების შეხვედრაზე. თუმცა, გავრცელებული ცნობების ნაწილი ჩემთვის ცოტა არ იყოს, შემაშფოთებელია. მაგალითად - მინსკისა და ნორმანდიის ფორმატთან დაკავშირებით. ცხადია, რუსეთს სურს, რომ უკრაინამ ყველაფერი შეასრულოს, თავად კი - არაფერი. ეს ცუდი მიდგომაა, იმედია პრეზიდენტმა პუტინმა არ მიიღო ამერიკის გზავნილები ისე, თითქოს დასავლეთი აპირებს უკრაინას ძალა დაატანოს, წინ წავიდეს ამ მოლაპარაკებებში ისე, რომ იგივეს არ ითხოვდეს რუსეთისგან.

მინსკის შეთანხმების უმთავრესი ნაწილი რუსეთის ძალების მიერ დონბასის დატოვებას, ადგილზე სამხედრო, თუ სხვაგვარი მხარდაჭერის შეწყვეტას და უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში დაბრუნებას გულისხმობდა. ასე რომ, როცა უკრაინა წინ მიიწევს მინსკის მოლაპარაკებების კუთხით, ჩვენ უნდა ვითხოვდეთ გარანტიებს, რომ მინსკის ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულებაში რუსეთიც წინ წაიწევს. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ჩვენ უკრაინას მოვთხოვთ ამის გაკეთებას, ისე, რომ ამავეს რუსეთისგანაც არ მოვითხოვთ.

- კრემლი ახლა ღიად ითხოვს გარანტიებს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება. ვლადიმირ პუტინის მოთხოვნები და პოზიციები დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ რა ახალ რეალობას ქმნის ეს განცხადებები? რა ტიპის საფრთხეა ეს ალიანსისთვის ამ კონკრეტულ ეტაპზე და როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა უპასუხოს ნატომ ამ მუქარას?

- ამ განცხადებების მხოლოდ მცირე ნაწილია ჩვენთვის ახალი. ამ გარანტიებს ბატონი პუტინი სულ ითხოვდა. ის გადააადგილებს დიდ არმიას საზღვრებთან და შეშფოთებულია ნატოს ძალიან მცირე ძალების მოძრაობით საზღვრის მეორე მხარეს.

ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი დიპლომატიური ფრონტი ნატოში და ნატოს არაწევრ მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორისაც. ყველა მთავრობა, ყველა ალიანსი უნდა პასუხობდეს რუსულ თავდასხმას.

ნატოს გაფართოება ძალიან რთული საკითხია. მე დავსწრებივარ ბევრ შეხვედრას არაერთი ქვეყნის ლიდერთან, საგარეო თუ თავდაცვის მინისტრთან ერთად. ამ შეხვედრებზე განიხილავდნენ იმ ქვეყნების წევრობის საკითხს, რომლებსაც ნატოში გაერთიანება სურთ. ამ დისკუსიების ნაწილი წლების განმავლობაში გრძელდება.

ბატონი პუტინის ნარატივი, რომ ნატო ცდილობს ხელში ჩაიგდოს სხვადასხვა ქვეყანა იმისთვის, რომ რუსეთის საზღვრების კონტროლი სცადოს, თითქმის სასაცილოა. ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნებს აქვთ სუვერენული უფლება, გადაწყვიტონ ვისთან სურთ დაკავშირება, ასოცირება. მაგრამ მაშინაც კი დაუჯერებლად რთულია ქვეყნისთვის, რომ ყველა დაბრკოლება გადალახოს და ნატოს წევრი გახდეს, ამიტომ ეს განცხადებები გაზვიადებულია.

- თუმცა, როგორ უნდა დაარწმუნოს ნატომ რუსეთი, რომ ამ ომის მუქარითაც არასასურველ დათმობებბზე წასვლას არ აპირებს?

- როცა რუსეთი ქვეყანას თავს ესხმის, ის საკუთარი ეროვნული ძალის ყველა ელემენტს იყენებს. თუკი მაგალითად უკრაინას ავიღებთ, ის ცდილობს დიპლომატიურად ძირი გამოუთხაროს და არალეგიტიმურად წარმოაჩინოს უკრაინის მთავრობა, თავს დაესხა ქვეყანას ორჯერ სამხედრო ძალით და ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორია, თავს ესხმის ეკონომიკურად, გაიხსენეთ 2013-2014 წლების ზამთარიც. საერთაშორისო მასშტაბით დეზინფორმაციის კამპანია აქვს, ცდილობს, რომ ყველაფერი, რაც უკრაინაში ხდება, ამერიკას, დასავლეთს დააბრალოს; თავს ესხმის ამერიკას და ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა განახორციელა რევოლუცია, რომელსაც უკრაინელები „ღირსების რევოლუციას“ უწოდებენ. მისი თავდასხმის არეალი ფართოა.

და რას ვაკეთებთ ამ დროს ჩვენ? დიპლომატიურად - ბევრს არა. მინსკისა და ნორმანდიის ფორმატებს ძალიან მცირე პროგრესი ჰქონდა. რუსების დეზინფორმაციისთვის საინფორმაციო კამპანიით არ გვიპასუხია, დიდად არც სამხედრო კუთხით გვიპასუხია. რაც გავაკეთეთ, ძალიან მსუბუქი იყო. სახელმძღვანელო პრინციპი ყოველთვის იყო „არ გავაღიზიანოთ რუსეთი“, არ მოხდეს მისი პროვოცირება.

რუსეთის წინააღმდეგ ყოველთვის ეკონომიკურ სანქციებს ვიყენებდით. ვფიქრობ, დასავლეთში ყველა მთავრობა უნდა დაუპირისპირდეს რუსეთს. ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი დიპლომატიური ფრონტი ნატოში და ნატოს არაწევრ მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორისაც. უნდა ვუპასუხოთ მათ სიმართლით.
ყველა მთავრობა, ყველა ალიანსი უნდა პასუხობდეს რუსულ თავდასხმას.

ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას სამხედრო კუთხითაც, რომ თავი დაიცვას, მივცეთ მას შესაძლებლობა, რომ თუკი ბატონი პუტინი გადაწყვეტს უკრაინაში შეჭრას, ეს მას ძვირად დაუჯდეს. და ბოლოს, ეკონომიკურად, ჩვენ დაგვიწესებია რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, მაგრამ ისინი არ იყო საკმარისად ძლიერი საიმისოდ, რომ ბატონი პუტინის ქცევა შეეცვალა. და აი დღესაც აქ ვართ, რუსული არმია დგას უკრაინის საზღვართან. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ისეთი სანქციები, რომლებიც მის ქცევას შეცვლის.

დასავლეთი რუსეთს უპრეცედენტო სანქციებით ემუქრება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:34 0:00

- რას ნიშნავს რუსეთის მუქარა უკრაინისადმი, ნატოს გაფართოების შესახებ ულტიმატუმი და დასავლეთის პასუხი ამ კრიზისზე საქართველოსთვის?

- ეს საკითხი იმაზე ფართოა, ვიდრე მხოლოდ საქართველოს თემა. აქ საუბარია ქვეყნებზე, როგორებიცაა ჩრდილოეთ კორეა, ირანი, ჩინეთი. ყოველი მათგანი აკვირდება ახლა, როგორ ვუპასუხებთ რუსეთს, რომელიც კიდევ ერთხელ „აბულინგებს“, ავიწროვებს დასავლეთს და უკრაინას ამ კრიზისის შექმნით და საზღვართან მასშტაბური მობილიზაციით. მთელი მსოფლიო უყურებს ახლა როგორ იმოქმედებს დასავლეთი და კონკრეტულად, შეერთებული შტატები ამ ვითარებაზე პასუხად. ბატონ პუტინს შეუძლია შექმნას, გამოიწვიოს კრიზისი და შემდეგ მიიღოს შემრიგებლური, მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯები. შემდეგ კი მთელი მსოფლიო დაინახავს, როგორ უმკლავდება მას ამერიკა.

რაც შეეხება საქართველოს, ბევრმა არ იცის, რომ მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით და გაანგარიშებით, ავღანეთში ყველაზე მეტი ქართველი დაიღუპა. საქართველოს სამხედრო წარმომადგენლობაც ავღანეთში ნატოს მისიის მხარდასაჭერად, ასევე ყველაზე დიდი იყო, ვიდრე - ნატოსა და კოალიციის რომელიმე წევრი ქვეყნის. საქართველომ საკუთარი როლი, როგორც ნატოს პასუხისმგებლიანმა პარტნიორმა, შეასრულა და სამწუხაროდ, ქართველები ახლა უყურებენ, როგორ შეიძლება მათ მოექცნენ მომავალში.

- თავადაც ამბობთ, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანება რთული და ხანგრძლივი პროცესია. საქართველოს და უკრაინას კვლავ ეუბნებიან, რომ ისინი ჯერ მზად არ არიან. რატომ დაიწყო ვლადიმირ პუტინმა ეს ესკალაცია მაინცდამაინც ახლა? ნატოს გაფართოების საკითხი უახლოეს დღის წესრიგში არ დგას. უკრაინის დესტაბილიზაციაც ნებისმიერ დროს შეუძლია ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის დაძაბვით. როგორ ფიქრობთ, რა არის ამ სამხედრო მობილიზაციის უშუალო მიზანი?

ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ისე არ ჩანდეს, თითქოს ჩვენ გავრბივართ ბატონ პუტინთან სალაპარაკოდ. მჯერა, რომ საუბარი მნიშვნელოვანია, მაგრამ არ შეიძლება ჩვენი ნაბიჯები გამოიყურებოდეს, როგორც შემრიგებლური, თავის დამხრელი ბატონი პუტინისადმი. დისკუსიის წინაპირობა გარკვეული საფასურის გადახდა უნდა იყოს.

- პირველ ყოვლისა ის, რომ ბატონი პუტინი ზელენსკის მთავრობას ვერ აკონტროლებს, არ არის ამაში ისეთი წარმატებული, როგორც სურს, რომ იყოს. მას სურს, უკრაინა რუსეთის ნებას დაუმორჩილოს, სურს, რომ უკრაინამ ზურგი აქციოს დასავლეთს და პირი იბრუნოს მოსკოვისკენ. ზელენსკი მასთან არ თანამშრომლობს. ახლა კი იყენებს თავის იარაღს, სრულიად გამოგონილ კრიზისს იმისთვის, რომ გავლენა მოახდინოს ზელენსკიზე, ან ამერიკაზე იმისთვის, რომ მან თავის მხრივ გავლენა იქონიოს ზელენსკიზე და მის მთავრობაზე. ასევე, მე მჯერა, რომ ბატონი პუტინი იმითაც შეშფოთებულია, თუ რა მოჰყვა უკრაინაში მის პირველ ორ შეჭრას, როცა ნატომ უელსისა და ვარშავის კონფერენციებზე მზაობის გაძლიერება გადაწყვიტა.

- მოსკოვისთვის ერთ-ერთ გეოპოლიტიკურ იარაღად შესაძლოა ახლაც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აღიქმებოდეს. თუმცა, მეორე მხრივ, როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება გამოიყენოს ეს პროექტი დასავლეთმა რუსეთის აგრესიის შესაკავებლად?

- ეს საგულისხმო რამაა. ჩვენ გვითხრეს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ბატონ პუტინს უთხრა, რომ უკრაინაში შეჭრას შედეგად მილსადენის გადაკეტვა მოჰყვება. ჯერ ნუ გავაკეთებთ დასკვნებს. მაგრამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არის ძალიან კარგი საშუალება, რადგან ის რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მილსადენით გაყიდული გაზით მიღებული შემოსავალი დიდწილად გადაიხდის რუსული ჯარის უზრუნველყოფის ხარჯებსაც. მათ ამ მილსადენიდან მიღებული თანხები ძალიან სჭირდებათ იმისთვის, რომ მათი სამხედრო ძალა რელევანტური დარჩეს. ვფიქრობ, ეს წნეხის იდეალური წერტილია. თუკი ნატოს მოკავშირეები დაინახავენ, რომ ბატონი პუტინი არ აპირებს დასავლეთთან თანამშრომლობას და შეიჭრება უკრაინაში, მათ მიერ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გათიშვა ძალიან, ძალიან ძლიერი პასუხი იქნება.

- ბევრი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ვაშინგტონ-მოსკოვის დონეზე საკითხების განხილვა და ამერიკის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა კრემლის ლიდერისთვის ყოველთვის მომგებიანია. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს აგრესია და სამხედრო მობილიზება დასავლეთისა და უკრაინისთვის, მაგრამ არის თუ არა ამ ნაბიჯების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი აუდიტორია რუსეთის მოსახლეობა? ხომ არ ცდილობს ვლადიმირ პუტინი დასავლეთთან ომის განცდის შექმნა-შენარჩუნებას იმისთვის, რომ სამოქალაქო სოლიდარობა, მხარდაჭერა მიიღოს?

- რა თქმა უნდა, ყოველთვის, როდესაც ქვეყანას შიგნით პრობლემები აქვს, ავტოკრატი ლიდერი, ამ შემთხვევაში კი კლეპტოკრატი ლიდერები გარე მტერზე ასწორებენ სამიზნეს. ამასთან, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ იმიტომაც, რომ ისე არ ჩანდეს, თითქოს ჩვენ გავრბივართ ბატონ პუტინთან სალაპარაკოდ. დიახ, მჯერა, რომ საუბარი მნიშვნელოვანია, ჩვენ არ გვჭირდება და არც გვსურს, რომ ვებრძოლოთ ერთმანეთს, მაგრამ არ შეიძლება ჩვენი ნაბიჯები გამოიყურებოდეს, როგორც შემრიგებლური, თავის დამხრელი ბატონი პუტინისადმი. მე ვფიქრობ, რომ დისკუსიის წინაპირობა გარკვეული საფასურის გადახდა უნდა იყოს, მაგალითად მობილიზებული ჯარების რაოდენობის შემცირება, ნაწილობრივი უკან დახევა ან მსგავსი ნაბიჯები. ამის შემდეგ უნდა ველაპარაკოთ მას ისევ. და არ ჩანდეს ისე, რომ მივუსხდებით მაგიდას და ვუპასუხებთ მის ზარებს, შევთავაზებთ კომპრომისებს მაშინ, როდესაც რუსეთისგან არანაირ კომპრომისს არ ვიღებთ. ეს არ იქნება სწორი გზა.

ვშიშობ, ხომ არ წავსულვართ ისეთ დათმობებზე, რომელთა ფასიც უკრაინელებმა უნდა გადაიხადონ ისე, რომ რუსეთისგან სანაცვლოდ არაფერი მიიღონ. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს კრიზისი რუსებმა შექმნეს. მათ არ უნდა მიიღონ გასამრჯელო მისი შეწყვეტისთვის. კრიზისის შეწყვეტა არ უნდა იყოს ასოცირებული იმასთან, როგორ გაგრძელდება მინსკისა და ნორმანდიის პროცესები. ამ პროცესებში ორივე მხარეს აქვს როლი შესასრულებელი.

რამდენიმე წლის წინ ჩვენ ნატოს 70 წლის იუბილე ვიზეიმეთ და განვიხილავდით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ალიანსი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპისა და მსოფლიოსთვის. მე გულწრფელად მჯერა, რომ ნატო მომავალი 70 წლის განმავლობაში იმაზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ახლაა. დღევანდელი დღე ძალიან კარგად მიუთითებს იმ გამოცდებზე, რის წინაშეც მომავალში აღმოვჩნდებით. ნატოსა და მისი პარტნიორებისთვის ორი რამაა ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი, ჩვენი მზაობაა. ამაზე მუშაობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უელსისა და ვარშავის სამიტებზე დავიწყეთ, წინ წავედით, მაგრამ მუშაობა უნდა განვაგრძოთ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი, არის სოლიდარობის და ერთმანეთისთვის თავდადების კავშირი. მჯერა, რომ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მტკიცე ძალა ყველა იმ გამოწვევის წინააღმდეგ, რომელიც ახლა ჩვენ წინაშეა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG