რამდენიმეკვირიანი დაბომბვის შემდეგ შექმნილ, ჩერნობილის მსგავს ბირთვული კატასტროფის საფრთხეს, ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე გაეროს ინსპექტორები შეისწავლიან. ექსპერტები ელექტროსადგურისკენ მიემართებიან. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელთა ვიზიტის ფონზე, მოსკოვსა და კიევს შორის დაძაბულობა იზრდება.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტები ღამეს ახლომდებარე ქალაქში გაატარებენ. ატომურ ელექტროსადგურს კი, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, ხუთშაბათს ეწვევიან.
ასევე ნახეთ: „ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციის გაჟონვა გლობალური კატასტროფა იქნება“რეგიონში რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. ოფიციალური პირები ვარაუდოებენ, რომ საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების ელექტროსადგურზე ვიზიტი, შესაძლოა მხოლოდ ერთდღიანი იყოს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და კიევში კი ფიქრობენ, რომ ელექტროსადგურზე ექსპერტები უფრო მეტ ხანს დაჰყოფენ.
„ექვსთვიანი დაძაბული ძალისხმევის შემდეგ, საბოლოოდ, წინსვლა გვაქვს“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას, საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა. რაფაელ გროსის თქმით, მისია ელექტროსადგურზე „რამდენიმე დღის“ გატარებას გეგმავს.
„ჩვენ იქ ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი - შევაფასოთ იქ არსებული რეალური ვითარება, შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ ვითარების სტაბილიზაციას. ჩვენ მივდივართ ომის ზონაში, მივდივართ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ეს მოითხოვს აშკარა გარანტიებს და არამხოლოდ რუსეთის ფედერაციიდან, ასევე უკრაინიდან. ჩვენ შევძელით ამის უზრუნველყოფა“, - განაცხადა გროსიმ, ელექტროსადგურისკენ ექსპერტების კოლონის გამგზავრებამდე.
რუსეთმა ევროპაში უდიდესი, ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე, მარტის დასაწყისში დაიკავა. რუსეთი მიმდინარე ომს კვლავ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, კიევი და დასავლეთი კი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის კიდევ ერთ, მიმდინარე ომს, არაპროვოცირებულ შეჭრად აფასებს, რომლის მიზანი, მიწის დატაცება და უკრაინული იდენტობის აღმოფხვრაა.
ასევე ნახეთ: ამერიკა ზაპორიჟიის ატომური სადგურის დახურვას მოითხოვსმარტის შემდეგ, ატომურ ელექტროსადგურს რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებს, თუმცა ობიექტის ოპერირებას უკრაინელ სპეციალისტთა ჯგუფი აგრძელებს.
უკვე რამდენიმე კვირაა, საარტილერიო ან დრონებით განხორციელებული დარტყმებით, ქარხნის უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენების შესახებ, მოსკოვი და კიევი ურთიერთბრალდებებს გამოთქვამს. კიევი აცხადებს, რომ რუსეთი ელექტროსადგურს ფარად იყენებს და იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის მხირდან საპასუხო დარტყმა რთული იქნება, სადგურის ტერიტორიიდან დასახლებებსა და ქალაქებს ბომბავს.
„ვითარება ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე, ენერგოდარსა და მიმდებარე რაიონებში, უკიდურესად სახიფათოა. რუსეთის ქმედებებით გამოწვეული რადიაციული კატასტროფის რისკი არ მცირდება“ – განაცხადა სამშაბათს გვიან ღამით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ ელექტროსადგურზე რადიაციის დონე ნორმალურია.
მოსკოვი, ელექტროსადგურის დაბომბვის შესახებ, კიევის ბრალდებებს უარყოფს და არგუმენტად სვამს კითხვას, რატომ დაბომბავს ობიექტს, სადაც თავისი ჯარისკაცებია განლაგებული.
Your browser doesn’t support HTML5
მოსკოვი სადგურის დაბმობვაში კიევს ადანაშაულებს, მიზეზად კი საერთაშორისო ყურადღებისა და აღშფოთების გამოწვევას ასახელებს. მოსკოვის მტკიცებით, კიევის მიზანი და იმედი, ელექტროსადგურზე დემილიტარიზებული ზონის შექმნაა. რუსეთი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან საკუთარი ძალების გაყვანას არ აპირებს.
კითხვები და ეჭვები
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი, ატომურ ელექტროსადგურზე მომუშავე უკრაინელ ტექნიკოსებთან საუბარი იყო.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც მსურს და გავაკეთებ“ - თქვა გროსიმ.
ასევე ნახეთ: კიევი ამბობს, რომ ზაპორიჟიის გათიშული ბირთვული რეაქტორის უკრაინულ ქსელთან კავშირი აღდგაამ დრომდე არ არის ნათელი, დანამდვილებით რამდენ ხანს დაჰყოფენ საერთაშორისო ექსპერტები ელექტროსადგურზე.
რუსეთი აცხადებს, რომ მიესალმება ქარხანაში სააგენტოს მუდმივი მისიის შექმნასთან დაკავშირებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განზრახვას.
მაგრამ, ევგენი ბალიცკიმ, ამ მხარეში რუსეთის მიერ შექმნილი ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ინსპექტორებმა „სადგურის მუშაობა ერთ დღეში უნდა ნახონ“.
შეერთებული შტატები ითხოვს სადგურის სრულად გაითიშვას და მის ირგვლივ დემილიტარიზებული ზონის შექმნას.