საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის უკანასკნელი გენერალური მდივანი, საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ფაქტობრივი ლიდერი - მიხალ გორბაჩოვი 91 წლის ასაკში 30 აგვისტოს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გორბაჩოვის მმართველობის დროს დაიშალა საბჭოთა კავშირი. ასევე, მისი პრეზიდენტობის დროს სსრკ-ში პირველად დაუშვეს სიტყვის, სინდისისა და მეწარმეობის თავისუფლება. მის დროს დაწყებული რეფორმების შედეგად ფაქტობრივად არსებობა შეწყვიტეს სსრკ-მ და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის კომუნისტურმა რეჟიმებმა.
გორბაჩოვის სახელთანაა დაკავშირებული ცივი ომის დასრულება. მან ამერიკის შეერთებულ შტატებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე და პარტნიორული ურთიერთობები დაამყარა დასავლეთის სახელმწიფოებთან, რათა დაესრულებინა რკინის ფარდის არსებობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყოფდა ევროპას. მისი ლიდერობის დროს მოხდა გერმანიის გაერთიანებაც.
როცა 1989 წელს საბჭოთა ბლოკის ქვეყნებს დემოკრატიულმა საპროტესტო ტალღამ გადაუარა, მან თავი შეიკავა ძალის გამოყენებისგან - განსხვავებით კრემლის სხვა ლიდერებისგან, რომლებმაც ტანკები გაგზავნეს 1956 წელს უნგრეთის აჯანყებისა და 1968 წელს ჩეხოსლოვაკიის ლიბერალიზაციის პროცესის შესაჩერებლად. მაგრამ გორბაჩოვის პერიოდში კრემლმა სისხლში ჩაახშო საპროტესტო გამოსვლები თავად საბჭოთა კავშირში, მათ შორის - 1989 წლის 9 აპრილს თბილისში.
როცა მიხეილ გორბაჩოვი 1985 წელს, 54 წლის ასაკში, გახდა სსრკ-ს კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, მან მიზნად დაისახა სისტემის გამოცოცხლება და შეზღუდული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების კურსს დაადგა, თუმცა ისტორიკოსები ამბობენ, რომ მაგრამ მან დაკარგა რეფორმებზე კონტროლი.
მისი „გლასნოსტის“ (საჯაროობა) პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა პარტიისა და სახელმწიფოს კრიტიკა, რაც მანამდე წარმოუდგენელი რამ იყო საბჭოთა კავშირში. მაგრამ ამ პროცესმა ამავე დროს ხელი შეუწყო სსრკ-ში შემავალ ცალკეულ რესპუბლიკებში ეროვნული მოძრაობების გაძლიერებას და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას. გორბაჩოვმი ამაოდ ცდილობდა საბჭოთა კავშირის დეზინტეგრაციის პროცესის შეჩერებას.
რუსეთში ბევრმა ვერ აპატია გორბაჩოვს მისი რეფორმებით გამოწვეული რყევები. ბევრი მათგანისთვის დემოკრატია არ ღირდა ცხოვრების დონის მკვეთრ გაუარესებად.