ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთს სირიიდან ანტისაჰაერო თავდაცვის რაკეტები გააქვს


ისრაელის თანამგზავრიდან კომპანია ImageSat International (ISI) -ის მიერ მიღებული გამოსახულებების თანახმად, რუსეთმა S-300 ანტისაჰაერო რაკეტების ბატარეა სირიიდან ყირიმთან ახლოს, რუსულ პორტში გადაიტანა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოსკოვმა ეს უკრაინასთან ომში საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად გააკეთა.

კომპანიამ ImageSat International (ISI) აღბეჭდა გამოსახულებები, რომელიც აჩვენებს S-300 ანტისაჰაერო ბატარეას აპრილში, სირიის მასიაფთან და იმავე დაცარიელებულ ადგილს 25 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც აღჭურვილობა ტარტუსის პორტში გადაიტანეს.

სხვა გამოსახულებებზე ჩანს ბატარეის კომპონენტები ტარტუსის ნავსადგურში 12-დან 17 აგვისტომდე პერიოდში, 20 აგვისტოსთვის კი ის იქ უკვე აღარ არის. კომპანია ISI-მ დაასკვნა, რომ აღჭურვილობა რუსულ ხომალდ „სპარტა II“-ზე დატვირთეს, რომელიც ტარტუსიდან რუსულ პორტ ნოვოროსიისკისკენ გავიდა.

კიდევ ერთი კომპანიის, “Refinitiv Eikon“-ის მონაცემები აჩვენებს, რომ „სპარტა II” ამჟამად ნოვოროსიისკშია და ის იქ თურქეთის დარდანელის სრუტის გავლით მივიდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "როიტერის" ჟურნალისტების კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

რუსეთი სირიაში სამხედრო ყოფნას 2015 წლიდან ინარჩუნებდა, როდესაც სამოქალაქო ომში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის სასარგებლოდ ჩაერია.

თუ ბატარეის გადატანა დადასტურდება, ეს მიანიშნებს რუსეთის მნიშვნელოვან ნაბიჯზე, გააძლიეროს საჰაერო თავდაცვა უკრაინაში ფრონტის ხაზის სიახლოვეს, სადაც ბოლო კვირებში მისი ძალები ძლიერი იერიშების სამიზნეა.

XS
SM
MD
LG