ნიქოზში, ანიმაციური ფილმების ფესტივალის ჩატარების იდეა 2008 წლის ომის შემდეგ დაიბადა, სწორედ იმ დროს, როდესაც აქ ყველაფერი გადამწვარი და ომისგან განადგურებული იყო. რუსულ ბომბდამშენებს არ დაუნდიათ არც ეკლესია და არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, არც სკოლა და არც ამბულატორია. ადგილობრივები, ვინც გაქცევას დარჩენა ამჯობინეს, თავს ერთად იყრიდნენ და სარდაფებში იმალებოდნენ.
საქმე გადამწვარ სოფელში მაინც ბევრი იყო. საკუთარი ხელით უწევდათ დაჭრილების მკურნალობა, გარდაცვლილების გაპატიოსნება და შემოსულ რუსებთან გამკლავება. ზოგი ტყვედ აჰყავდათ, ზოგი დამალვას ასწრებდა, საღამოს ერთმანეთს მოიკითხავდნენ, ვინ გადარჩა, ვინ დააკლდათ, ვინ როგორაა და ერთად უსმენდნენ ახალ ამბებს ძველი რადიოდან, რომელსაც დღემდე რელიქვიად ინახავს ამ მოვლენების ერთ-ერთი გმირი.
ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტ ისაიას საკუთარი ხელით აშენებული კელიები და სატრაპეზოც 2008 წლის აგვისტოში დაუბომბეს და მეათე საუკუნის საეპოსკოპოსო სასახლეც. ეკლესიის მიმდებარედ ყველაფერს ცეცხლი ეკიდა. საეკლესიო ხატები, კანდელები, ბარძიმები, ფეშხუმები, საკმევლის საცეცხლურები - ყველა ნივთი, რაც დაწვას ექვემდებარებოდა, დაიწვა, რაც არა - დადნა ცეცხლის სიმხურვალეში.
სოფელში დარჩენილებიდან აღარავინ გაქცეულა. მიტოვებული და უპატრონოდ დარჩენილი ძროხების, ძაღლების მოვლა, დაპურება და წყლის მიწოდებაც მათ ითავეს. პარტიზანებად დარჩენილების მთავარი საყრდენი ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი ისაია იყო. არც მას მიუტოვებია გადამწვარი რეზიდენცია და არც მასთან ერთად მყოფ ეკლესიის მსახურებს. ერი და ბერი ერთად ლოცულობდა, ერთ საკვებსა და ერთ ჭირ-ვარამს ინაწილებდა. ცდილობდნენ, ერთმანეთისთვის ცხოვრება გასაძლისად ექციათ. ამდენ მწარე ამბავში იუმორი, პოზიტივის შენარჩუნების უნარი, სიცოცხლის ძაფი და მთავარი ხელჩასაჭიდი აღმოჩნდა. სწორედ ასე დაიბადნენ გმირები. ისეთები, ვისაც ნიკო ლორთქიფანიძე უძეგლოდ დაკარგულ დიდებულ ადამიანებს უწოდებდა. მხოლოდ, იმ განსხვავებით, რომ ისინი აღარ დაიკარგებიან.
ომიდან თოთხმეტი წლის შემდეგ, ფრონტელი მეგობრები კინოსა და თეატრის პერსონაჟებად იქცნენ.
2022 წლის ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალისთვის ფრონტელი მეზობლები საზოგადოების წინაშე წარსდგებიან, როგორც თოჯინების თეატრის პერსონაჟები. 2008 წლის აგვისტოში, როდესაც პერსონაჟების ცოცხალ პროტოტიპებს მიტროპოლიტის კამერა აღბეჭდავდა, არავის შეეძლო წარმოედგინა არც ის, რომ ნიქოზში ფესტივალი დაარსდებოდა და არც ის, რომ ეს ადამიანები, მეზობლები, კინოსა და თეატრში დაიდებდნენ ბინას გმირებად.
ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია, პირველი პროფესიით ანიმატორია. ომის მძიმე დღეებში ჯერ ტელეფონით, შემდეგ ვიდეო-კამერით უნიკალური კადრები გადაიღო. მისმა ობიექტივმა ასახა ცეცხლმოკიდებული ეკლესიის ეზო და საეპოსკოპოსო სასახლე, დაბომბილი ნიქოზი და რაც მთავარია, ადამიანები. კადრები იმდენად საინტერესო და მეტყველი აღმოჩნდა, რომ ომიდან ათი წლის შემდეგ, მიტროპოლიტმა დოკუმენტურ ფილმად აქცია, რომელიც ნიქოზის ფესტივალზე წარმოადგინეს 2018 წელს. ფილმმა საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. მან შეძლო იმ შიშველი ემოციის მაყურებლამდე მიტანა, რაც 2008 წლის აგვისტოში ტრიალებდა ნიქოზში. ომის საშინელება, ტკივილი, რაც მას მოაქვს, ადამიანები, ვინც იძულებულები არიან თავის გადარჩენისთვის იბრძოლონ და ამ ბრძოლით შეინარჩუნონ მთავარი - სიკეთე. ფილმი გაჯერებულია იუმორით, რაც კიდევ უფრო მძაფრად წარმოაჩენს ომის მანქანის პირისპირ დარჩენილი ადამიანის უმწეობას. ემოციურ მუხტს აძლიერებს იმის გააზრება, რომ ეს ყველაფერი მოგონილი კი არა, სინამდვილეა. ფილმი დოკუმენტურია და მასში ასახული მოვლენები, ნამდვილად მოხდა.
უკვე 2022 წელს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა, თავისი ფრონტელი მეზობლები, ლიტერატურულ და კინო გმირებად ქცეული ჩვეულებრივი ადამიანები, თეატრის სცენაზეც გაიყვანა. ცალკეული პერსონაჟი გამოითალა და შეიმოსა. ნიქოზს ახლა უკვე თავისი ცოცხალი გმირები ჰყავს. ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები, ზოგისთვის მეზობლები, ზოგისთვის მშობლები, ზოგისთვის ნათესავები.
ომის დროს მიტროპოლიტის კამერაში მოხვედრილი ადამიანებიდან, ზოგი, ამ დროისთვის, უკვე გარდაცვლილია და საკუთარი თეატრალურ ორეულს სცენაზე ვერ იხილავს, მაგრამ ისინი მაინც სამუდამო ცხოვრებას გააგრძელებენ, როგორც პერსონაჟები.
ფრონტელი მეზობლებიდან ორი გმირის ნახვა და გაცნობა კი „ამერიკის ხმამ“ ნიქოზში შეძლო. ზამირა, 82 წლის ქალბატონია. მარტო ცხოვრობს, ბაღსა და მეურნეობას უვლის და ულევ პოზიტის აფრქვევს. მისი სახლის აივნიდან ნიქოზის ეკლესიაზე საუკეთესო ხედი იშლება. „აბა, მე ამ ადგილს დავთმობდი, როგორ გგონიათ? შეხედეთ!“ - გვეუბნება ზამირა და საუცხოო პანორამას გვიჩვენებს.
სანამ ზამირასთან მივიდოდით, მის შესახებ მიტროპოლიტმა ისაიამ მოგვიყვა. გვითხრა, რომ ზამირა არის ქალი, რომელმაც თქვა, რომ ის სოფელი რა სოფელია, სადაც ერთი ადამიანიც კი არ ცხოვრობს. რაღა სხვა იყოს ის ერთი, მე ვიქნები! ერთადერთიც რომ დავრჩე, სხვა ყველა წავიდეს, მე მაინც არ წავალ! არ დავტოვებო! და ასეც მოიქცა 2008 წლის აგვისტოში. ამით ისე გაუბრაზებია ძმები, რომლებსაც ძალიან ეშინოდათ რუსი ოკუპანტების პირისპირ დარჩენილი დის გამო, შემოუთვლიათ, თუ გადაუჩი მაგ რუსებს, ჩვენ ვეღარ გადაგვირჩებიო, მაგრამ ქალბატონი ზამირა „მუქარებს“ არ დაექვემდებარა. მისი სარდაფი მთელი სამეზობლოს თავშესაფრად იქცა.
„აი, აქ ვისხედით“,- მიგვითითებს ზამირა სარდაფზე, რომლის ერთი ნაწილი უფანჯროა და უფრო სიღრმეში მდებარეობს. „ჩამოვიტანე სავარძლები, კროსვორდები, ჟურნალები, მომარაგებული გვქონდა წყალი, საკვები და ვიმალებოდით“,- გვეუბნება ზამირა. შემდეგ იმ ადგილსაც გვიჩვენებს მის ეზოში, ბომბი სადაც ჩამოვარდა და ორმო გააჩინა. მოგვიანებით, ამ ადგილას ქლიავის ხე დარგეს.
მიუხედავად საიმედო სარდაფისა, მოროდიორებმა ზამირას სახლს მაინც მიაგნეს. „ჩემი ძაღლის მოკვლა უნდოდათ და მე არ მოვაკვლევინე. ვუთხარი, რა არის, ერთი პატარა ძაღლის გეშინიათ-მეთქი? მერე მითხრეს, ახლა შენ ცხინვალში წაგიყვანთ და მერე ტყვეებში გადაგცვლით, თბილისშიო. მე ვუთხარი, აი, სახლი, რაც გინდათ, წაიღეთ, თუ გინდათ, კედლებიც გაიტანეთ და აქედან წადით-მეთქი. მართლაც, ავიდნენ ზემოთ, დაიარეს და კალათბურთის ფარი იპოვეს. იმას მოკიდეს ხელი, ერთმა აქედან, მეორემ იქიდან და წაიღეს“,- გვიყვება ქალბატონი ზამირა.
იასონ მეტრეველიც ნიქოზში გადაღებული დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟია. ნიქოზის თოჯინებურ პერსონაჟებში მისი ფიგურაც მზადაა. ომის დროს არც მას მიუტოვებია სოფელი, როდესაც ვკითხეთ, რატომ არ წახვედით თავის გადასარჩენადო, გვითხრა, აბა, როგორ წავსულიყავი, 12 ოჯახის ქონება და შინაური ცხოველები მებარაო. როდესაც კიდევ ერთხელ ვუბრუნებთ კითხვას და ვცდილობთ, მისი ნიქოზში დარჩენის სრული მოტივი გავიგოთ, გვპასუხობს, როგორ წავიდოდი, სულ ახლობლების ოჯახები იყვნენო. იასონ მეტრეველმა, ნიქოზიდან გახიზნული ახლობლების ქონება ჩაიბარა, დაჰპირდა, რომ მათ მიხედავდა და სიტყვა ბოლომდე შეასრულა. ჩამოვარდნილი ჭურვის ნამსხვრევით ფეხშიც დაიჭრა, მაგრამ სახლ-კარი მაინც არ მიატოვა.
„ჩვენი ჯარისკაცები ჩემთან მოდიოდნენ ხოლმე. რომ იცოდნენ აქ ვიყავი, ხან წყალზე, ხან თუ რამე სჭირდებოდათ, შემოივლიდნენ. ბომბი რომ ჩამოვარდა ჩემს ეზოში, იქ იყვნენ, ორი ადგილზევე დაიღუპა. ჩემს მეზობელს, ზაზას თავში მოხვდა ნამსხვრევი, ერთი ვედრო სისხლი დაკარგა. მე ფეხში დავიჭერი. მე დიდი არაფერი, მაგრამ ზაზა ძალიან მძიმედ იყო“- გვეუბნება იასონ მეტრეველი. მოსულ ექიმებს თავად არ გაჰყვა კლინიკაში, თუმცა ზაზა წააყვანინა. ის გადარჩა.
კიდევ ერთი პერსონაჟი, რომელსაც ნიქოზის დასში აქვს ადგილი, ვალიკოა. ვალიკო თავისი პრინციპებისადმი ერთგულების გამო იქცა გამორჩეულ ფიგურად. „ვალიკო დისეველი კაცია, რომელმაც დისევში მარტომ ააშენა თეატრი. ის ჩვენთვის მაგალითია. ვალიკოს დიდი ხნის წინ აქვს დამტკიცებული, რომ საქართველოს შეეძლო გამხდარიყო დამოუკიდებელი. ვალიკო ამბობდა, აკადემიაში სწავლის დროს, ჯერ კიდევ 70-იან წლებში, ვკამათობდით სტუდენტები იმის შესახებ, შეძლებდა თუ არა, საქართველო დამოუკიდებლი გამხდარიყოო. სტუდენტების უმეტესობა ამბობდა, რომ ეს შეუძლებელია. ვალიკო იყო, ვინც ამტკიდებდა საპირისპიროს. ედავებოდნენ ვალიკოს. ჩაეკითხებოდნენ - აბა, როგორ? განა, შეიძლება, რომ სახლი ადამიანმა მარტომ ააშენოს? აი, როგორც სახლს ვერ ააშენებს ადამიანი მარტო, ისე საქართველო ვერ გახდება დამოუკიდებელიო. ვალიკომ ყველა სტერეოტიპის დამსხვრევა მოინდომა და ასეც მოიქცა,“- გვიყვება ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი.
ვალიკომ მარტომ ააშენა თეატრი დისევში. სოფელში, რომელიც 2008 წლის შემდეგ მოექცა ოკუპაციის ქვეშ. მიტროპოლიტ ისაიასთვის ვალიკოს შემართება და მიზანსწრაფულობა შთაგონების წყაროდ იქცა. „როდესაც გავიგე, რომ აქვე, დისევში ცხოვრობდა ადამიანი, რომელმაც მარტომ ააშენა თეატრი, გავოცდი. წავედით მის სანახავად და დავრწმუნდით, რომ რეალურ ამბავთან გვქონდა საქმე. მას შემდეგ, რთულ პერიოდებში, როცა ვფიქრობდი, რომ აი, უკვე თავს ვეღარ ვართმევდი საქმეს, ვიხსენებდი ვალიკოს და ვეუბნებოდი ჩემ თავს - ვალიკომ ხომ შეძლო მარტომ თეატრის აშენება, ესე იგი, შესაძლებელია და ეს ძალას მაძლევდა“,- გვეუბნება მიტროპოლიტი.
ვალიკო ერთ-ერთია დიდებულ პერსონაჟთაგან. მან დისევში, ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზს მიღმა დარჩენილ სოფელში თეატრის მშენებლობას 18 წელი შეალია. სხვებისგან დამოუკიდებლად, ყოველგვარი დახმარების გარეშე ააშენა შენობა, რომელსაც 120 მაყურებლის დატევა შეეძლო. „ვალიკომ დაამტკიცა, რომ საქართველოსაც შეუძლია დამოუკიდებელი იყოს, რომ სახლის აშენებასაც შეძლებს მარტოკაცი და რომ ცხოვრებაში მთავარი ფული არაა. ამ უკანასკნელის დამტკიცება ვალიკოს თავისი ძმისთვის დასჭირდა, რომელიც კომუნისტების პერიოდში მოსკოვში მუშაობდა. ის მხატვარი იყო და ვალიკოც თავისთან ჩაიყვანა სამუშაოდ. რამდენიმე წელში, ვალიკოს ძმისთვის უთქვამს, ახლა გვეყო აქ ცხოვრება, წავიდეთ ჩვენს დისევში და იქ ავაშენოთ თეატრიო. ძმას უთქვამს, რას ამბობ, შენ წარმოგიდგენია, თეატრის მშენებლობას რამდენი თანხა სჭირდებაო? ვალიკოს კი უპასუხია, რომ ფული არაა მთავარი. ხოლო იმის დასამტკიცებლად, რომ ფული, მართლაც, არაა მთავარი, ვალიკო დაბრუნდა დისევში და ყველას დაუხმარებლად დაიწყო თეატრის მშენებლობა. მოგვიანებით, ძმას შეუთავაზებია დახმარება, მაგრამ უარით გაისტუმრა - შენ ხომ ამბობ, რომ ფულია მთავარი და ახლა გაჩვენებ, რომ ცდებიო,“- გვიყვება მიტროპოლიტი ისაია.
ვალიკოს თეატრმა 2008 წლის ომამდე სამ სპექტაკლს უმასპინძლა. ეს იყო და ეს. 2008 წლის აგვისტოში რუსებმა დისევი დაბომბეს და მიწასთან გაასწორეს. ვალიკო რჩებოდა დისევში მანამ, სანამ შეეძლო. „არც თავის მოგიჟიანებამ უშველა და არც მოჭკვიანებამ. ერთხელ რუსებს გაუვლიათ. ირგვლივ ყველაფერი განადგურებულია, კაციშვილი არ ჭაჭანებს და ხედავენ ამ დროს, ვიღაც კაცი სახურავზე დგას და კრამიტს აფარებს. ეს იყო ვალიკო. რა გინდა აქო? - რუსებს უკითხავთ. „მე ვაშენებ იმას, რაც რუსსაც სჭირდება, ქართველსაც და ოსსაც, ვაშენებ თეატრსო!“- ასე უპასუხია ვალიკოს. აბა, აშენე, აშენეო. შემდეგ „ჩამოვლაზე“, როდესაც ვალიკო კვლავ მშენებლობის პროცესში აღმოაჩინეს, უთქვამთ, არც ისეთი სულელი ხარ, როგორც თავს გვაჩვენებო და ვალიკო იძულებული გახდა დისევი და თავისი თეატრი საბოლოოდ დაეტოვებინა“,- გვიხსნის მიტროპოლიტი.
ვალიკოს თეატრი დამწვარსა და დაბომბილ დისევში დარჩა, თუმცა იდეა იმის თაობაზე, რომ შიშველი ხელებითა და დიდი მონდომებით მშენებლობა მაინც შესაძლებელია, არ დაკარგულა. ომიდან ორი წლის შემდეგ, ნიქოზში, გადამწვარ და დაბომბილ სოფელში, ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი დაარსდა.
2022 წლის პროგრამაში ნიქოზელი ფრონტელი სამეზობლოს ამბავს უკვე მარიონეტი თოჯინები გააცოცხლებენ.
ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზში 1 სექტემბერს იხსნება და ერთი კვირის განმავლობაში გასტანს. ადგილობრივი და უცხოელი სტუმრები, მსახიობები, მუსიკოსები, ანიმატორები თავის ნამუშევრებსაც წარმოადგენენ და მასტერ-კლასებსაც გამართავენ. 1-დან 6 სექტებმრის ჩათვლით, ცხინვალის მომიჯნავე სოფელი მუსიკის ხმებით გაჯერდება და ყველას შეახსენებს, რომ ხელოვნებას ჯადოსნური ძალა აქვს და რომ შთაგონებით სავსე ადამიანებს ომი ვერ ამარცხებს.