ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციის გაჟონვა გლობალური კატასტროფა იქნება“


ნიღბიანი რუსი ოკუპანტი ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის ფონზე
ნიღბიანი რუსი ოკუპანტი ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის ფონზე

ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური (ZNPS) 4 მარტიდან რუსული ოკუპაციის ქვეშ არის. სადგურის ინჟინერმა "ამერიკის ხმას" უთხრა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ატომური სადგურის ტერიტორიის შიგნით და გარშემო, საარტილეო და სარაკეტო დანადგარები განათავსეს და თავად მოაწყვეს აფეთქებები, უკრაინელი სამხედროების დისკრედიტაციის მიზნით.

ინჟინერის ნაამბობი, რომლის ვინაობასაც საოკუპაციო ძალების მხრიდან შურისძიების საფრთხის გამო არ ვასაჯაროებთ, ადასტურებს უკრაინის ხელისუფლების მტკიცებას, რომ რუსეთი თავად არის ევროპაში უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებელი. მაშინ, როცა რუსეთის ოფიციალური პირები არაერთხელ ამტკიცებდნენ, რომ აფეთქებები უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დარტყმების შედეგია.

ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური კახოვკის წყალსაცავის და მდინარე დნეპრის ფონზე
ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური კახოვკის წყალსაცავის და მდინარე დნეპრის ფონზე

კიევი და დანარჩენი მსოფლიო რუსეთს „ბირთვული ტერორის“ მოწყობაში ადანაშაულებს. ბოლო ინფორმაციით, ოკუპანტები დათანხმდნენ ZNPS-ში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტების დაშვებას.

"ჩვენ უნდა ჩავიდეთ ზაპოროჟიეში, ჩვენ უნდა დავასტაბულუროთ სიტუაცია, ჩვენ უნდა შევძლოთ IAEA-ს ჩასვლა ადგილზე, უახლოეს დროში" - განაცხადა IAEA-ს დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსმა.

რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურში? არსებობს თუ არა ელექტროსადგურის დაზიანების და რადიაციის გაჟონვის საფრთხე? რა შეიძლება შეცვალოს ოკუპირებულ ენერჰოდარში IAEA-ს ექსპერტების ჩასვლამ?

გთავაზობთ, ინტერვიუს ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის ინჟინერთან, რომელიც "ამერიკის ხმის" ქართულმა რედაქციამ მოამზადა.

რამდენად რთულია ამჟამად მდგომარეობა ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურში?

ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის მთელ პერსონალს რუსების დიდი ზეწოლის ქვეშ გვიწევს მუშაობა. ამის გამო თანამშრომლების ფსიქოლოგიური მდგომარეობა კრიტიკულია

დღეისათვის, ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურში, სიტუაცია შეიძლება დახასიათდეს, როგორც სტაბილურად რთული. ამ ეტაპზე, ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოება კონტროლს ექვემდებარება. მაგრამ, ZNPS-ის მთელ პერსონალს რუსების დიდი ზეწოლის ქვეშ გვიწევს მუშაობა.

ამის გამო თანამშრომლების ფსიქოლოგიური მდგომარეობა კრიტიკულია. ამას ემატება თითქმის ყოველდღიურად, სროლა და დაბომბვები, ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური ევროპაში ყველაზე დიდია, აქედან რადიაციის გაჟონვა რომ მოხდეს, ეს გლობალური კატასტროფა იქნება.

დაბომბილი შენობა ოკუპირებულ ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე
დაბომბილი შენობა ოკუპირებულ ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსები საარტილერიო და სარაკეტო დარტყმებისთვის ელექტროსადგურის ტერიტორიას ხშირად იყენებენ, ასევე მათ დანაღმეს ბირთვული რეაქტორების სამანქანო დარბაზები...

ასეა. სხვადასხვა სახის, რუსული საარტილერიო და სარაკეტო დანადგარები განთავსებულია, როგორც ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის შიგნით, ისე მის გარშემო, პერიმეტრზე, კახოვკის წყალსაცავთან

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს ასეა. სხვადასხვა სახის, რუსული საარტილერიო და სარაკეტო დანადგარები განთავსებულია, როგორც ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის შიგნით, ისე მის გარშემო, პერიმეტრზე, კახოვკის წყალსაცავთან. ასევე სხვა რუსული სამხედრო ტექნიკითაც გავსებულია ელექტროსადგურის ტერიტორია. რაც შეეხება დანაღვმას, ამის შესახებ აქაც საუბრობენ, მაგრამ პირადად არ მინახავს.

უკრაინული მხარე ასევე ამტკიცებს, რომ რუსები თავად ბომბავენ ZNPS-ის ტერიტორიას...

რამდენჯერმე ე.წ სამშენებლო ზონიდან თავად დაბომბეს ისეთი ადგილები, რომელსაც ელექტროსადგურის უსაფრთხო ფუნქციონირებაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. ვფიქრობ, რუსები ამით ცდილობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია მოახდინონ პროპაგანდის მიზნით, რომ თითქოს უკრაინის არმია მდინარე დნეპრის იქეთა მხრიდან ურტყამს ატომურ ელექტროსადგურს. ამასთან რუსები მიზანმიმართულად აზიანებენ, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, რომელიც ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურს უკრაინის ენერგოსისტემასთან აკავშირებს.

დაზიანებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზები, რომელიც ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურს უკრაინის ენერგოსისტემასთან აკავშირებს
დაზიანებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზები, რომელიც ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურს უკრაინის ენერგოსისტემასთან აკავშირებს

რა საფრთხეს უქმნის ეს ატომურ ელექტროსადგურს?

ატომურ ელექტროსადგურს გამართული ფუნქციონირებისთვის სჭირდება, რომ გამომუშავებული ენერგია ენერგოსისტემაში გაუშვას, ელექტროენერგია კი სჭირდება, რომ ტუმბოებმა გამართულად იმუშაოს და ბირთვულ რეაქტორებში ბირთვული საწვავის დროული გაციება მოხდეს.

რუსებს მცირე ავარიის მოწყობა დასადგურის მცირე ხნით გაჩერება უნდათ, რომ შემდეგ ელექტროენერგია ყირიმიდან მოგვაწოდონ და ატომური ელექტროსადგურიც ავტომატურად რუსეთის ენერგოსისტემაში გადართონ. ეს ძალიან სახიფათო გეგმაა

აქ ფიქრობენ, რომ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებით, რუსებს, მცირე ავარიის მოწყობა და ZNPS-ის მცირე ხნით გაჩერება უნდათ, რომ შემდეგ ელექტროენერგია ყირიმიდან მოგვაწოდონ და ატომური ელექტროსადგურიც ავტომატურად რუსეთის ენერგოსისტემაში გადართონ. ეს ძალიან სახიფათო გეგმაა.

როგორ იმართება ახლა ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური?

ამ დრომდე ატომური სადგური უკრაინის ეროვნული ატომური ენერგო გენერირების სახელმწიფო კომპანიის (NNEGU) დაქვემდებარებაშია, ხელფასსაც უკრაინულ გრივნაში ვიღებთ, რომელიც საბანკო ბარათებზე გვერიცხება.

ჯერჯერობით, რუსები, ატომური ელექტროსადგურის მმართველობას არ შეხებიან, თუმცა ვფიქრობ, ეს მალე მოხდება. ზეწოლა სულ უფრო ძლიერდება, აქ რამდენჯერმე ჩამოვიდნენ Rosatom-ის (რუსეთის ატომური ენერგიის სახელმწიფო კორპორაციის) წარმომადგენლები. ამბობენ, რომ მალე სრულად Rosatom-ის დაქვემდებარებაში გადავალთ, რუსეთის ენერგოსისტემისთვის ვიმუშავებთ და ხელფასსაც რუსულ რუბლში გადაგვიხდიან.

გვეუბნებიან, რომ ვინც წინააღმდეგი იქნება, სამსახურის დატოვება მოუწევს. რაც ოკუპაცია დაიწყო, საკმაოდ ბევრი წავიდა, თუმცა სადგურის უსაფრთხო მუშაობისთვის, ოპერატიული პერსონალი ადგილზეა და მუშაობას საშტატო რეჟიმით განაგრძობს. რა მოხდება, თუ უკრაინის ენერგოსისტემიდან გაგვთიშეს, ძალიან რთულია სათქმელია, იმედია ამას არ მოვესწრები.

ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის სატელიტური ფოტო
ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის სატელიტური ფოტო

როგორი მდგომარეობაა თავად ქალაქ ენერჰოდარში?

ენერჰოდარში შედარებით მშვიდი სიტუაციია, თუ ოკუპაციას მშვიდი შეიძლება ეწოდოს, პერიოდულად ხდება საარტილერიო დაბომბვა. აი, ახლაც სროლებია, ხმების მიხედვით, ვფიქრობ, რომ ჩვენი ანუ კახოვკის წყალსაცავის მხრიდან, რუსები მდინარე დნეპრის იქეთა მხარეს მდებარე ქალაქებს ნიკოპოლსა და მარგანეცს ბომბავენ.

ენერჰოდარს რუსების სამხედრო ადმინისტრაცია მართავს, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება მოსპეს, გაგვითიშეს უკრაინული ტელეარხები და ინტერნეტი

ენერჰოდარს რუსების სამხედრო ადმინისტრაცია მართავს, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება მოსპეს, გაგვითიშეს უკრაინული ტელეარხები და ინტერნეტი. 13 ივლისიდან ჩაგვირთეს „რუსული“ ინტერნეტი „მირანდა“ ყირიმიდან. 1 აგვისტოდან, გავიდა უკრაინის ფოსტაც. გავიდნენ უკრაინული ბანკებიც, ხელფასი და პენსია გრივნაში ყველას ბარათზე ერიცხება, აქ მაღაზიებში, ბაზარში მიმოქცევაშია როგორც უკრაინული გრივნა, ისე რუსული რუბლი.

სექტემბრიდან, რუსები აპირებენ, სკოლებში რუსულ ენაზე სწავლების დაწყებას, თუმცა მასწავლებლების დიდი ნაწილი გავიდა და არ ვიცი ამას როგორ გააკეთებენ, განათლების სისტემა მთლიანად დაანგრიეს. არიგებენ რუსეთის პასპორტებს, ეს პროცესიც ცუდად მიდის, რამდენიმე ათეულ ბებია-ბაბუას ვერ გასცდა. ე.წ „ზაპოროჟიის რესპუბლიკის რეფერენდუმის“ საკითხიც ვერ დაძრეს ჯერ, რეალური მხარდაჭერა არ აქვთ.

ომის მიუხედავად, ქალაქში ჯერ არ გვიგრძვნია პროდუქტების ან მედიკამენტების დეფიციტი, თუმცა ფასები ყველაფერზე კატასტროფულად არის გაზრდილი. მომარაგება ხდება, როგორც ყირიმიდან და რუსეთიდან, ისე ზაპოროჟიიდან, დნიპროდან და ხარკივიდან. ეს ლოგისტიკა ჯერ მუშაობს.

ქალაქიდან ხალხის ნაწილი გავიდა, ახლაც გადიან, დავრჩით ადამიანები, ოჯახებით, რომლებიც წლებია, ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურში ვმუშაობთ, მე პირადად, არ ვიცი სად უნდა წავიდე, თუ ვითარება უფრო გართულდა.

ჩვენი საუბრის დროს, გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსები დათანხმდნენ ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტების დაშვებას, რისი შეცვლა შეუძლიათ მათ?

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო პერიოდულ ინსპექტირებას მუდმივად ახორციელებდა აქ, ახლაც შემოწმების შემდეგ, დადებს დასკვნას ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურში უსაფრთხოების ნორმები რამდენად არის დაცული ან ხომ არ არსებობს ავარიის და რადიაციის გაჟონვის საფრთხე.

რუსები თავისი ნებით, ომის გარეშე, აქედან არ გავლენ, გამორიცხულია. ხალხი აქ უკრაინის ხელისუფლებით ძალიან უკმაყოფილოა და ზელენსკისგან პასუხს ითხოვს. მთელი სამხრეთი პრაქტიკულად უომრად ჩავაბარეთ. როგორც შეიძლებოდა ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის რუსეთისთვის დათმობა?!

მოლოდინი არის, რომ სააგენტოს დასკვნის შემდეგ, მოსკოვზე საერთაშორისო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება და რუსეთს მოსთხოვენ გაიყვანოს მძიმე შეიარაღება და ჯარი ატომური ელექტროსადგურიდან. მე ეს არარეალური მგონია. რუსები თავისი ნებით, ომის გარეშე, აქედან არ გავლენ, გამორიცხულია.

ხალხი აქ უკრაინის ხელისუფლებითაც ძალიან უკმაყოფილოა და ზელენსკისგან პასუხს ითხოვს. მთელი სამხრეთი პრაქტიკულად უომრად ჩავაბარეთ. წლებია ვიცოდით, რომ ყირიმი ანექსირებული იყო და იქედან შეტევას ყველა ელოდა.

ამ დროს, ხერსონში, მელიტოპოლში, აქაც, რუსები, პრაქტიკულად, სერიოზული სამხედრო წინააღმდეგობის გარეშე შემოვიდნენ. ის მაინც უნდა ექნათ, რომ ზაპორიჟიის ოლქში არ შემოსულიყვნენ. დღემდე არ მჯერა, რაც მოხდა, როგორც შეიძლებოდა ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის რუსეთისთვის დათმობა? ოკუპაციის ქვეშ ცხოვრება საშინელებაა.

განახლება: ინტერვიუ ჩაწერილია 24 აგვისტოს. 25 აგვისტოს უკრაინის ეროვნული ატომური ენერგო გენერირების სახელმწიფო კომპანიამ (NNEGU) განაცხადა, რომ რუსების მიერ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მიზანმიმართული დაზიანების გამო, ზაპოროჟიის ატომური სადგური უკრაინის ენერგოსისტემიდან მთლიანად გაითიშა.

უკრაინის დროებით ოკუპირებული ქალაქი ენეჰოდარი და ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური რუქაზე
უკრაინის დროებით ოკუპირებული ქალაქი ენეჰოდარი და ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური რუქაზე
XS
SM
MD
LG