ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტის განკარგულებით, დავით ბაქრაძე გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დავით ბაქრაძე გაეროში მუდმივ წარმომადგენლად 30 აგვისტოს განკარგულებით დაინიშნა. ამის მიუხედავად, ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი აშშ-ში ბაქრაძის საქმიანობას ისევ უარყოფითად აფასებს და გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად მისი დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში არ არის განმარტებული, ამ პოზიციის მიუხედავად რატომ მოაწერა ხელი სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძის დანიშვნის განკარგულებას:

"მისი დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში საქართველოს პრეზიდენტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად. ეს პოზიცია პრეზიდენტმა არაერთგზის დააფიქსირა როგორც საჯაროდ, ასევე არაფორმალური კონსულტაციების დროს.

რაც შეეხება ბატონი დავით ბაქრაძის დანიშვნას, ის დანიშნული იქნა პრეზიდენტის 30 აგვიტოს განკარგულებით გაეროში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც საქართველოს მთავრობის სახელით შემოვიდა პრეზიდენტთან და ასეთი მისი ინაუგრაციის შემდეგ 39 იყო, 39-ვე წარდგინება დაკმაყოფილდა და ყველა დაინიშნა შესაბამის თანამდებობებზე", - წერია განცხადებაში.

დღეს, 31 აგვისტოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით ბაქრაძე დაინიშნა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარდგინებას ხელი მოაწერა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, რადიო თავისუფლებამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინფორმაციის გადამოწმება ვერ შეძლო. დავით ბაქრაძე ამ პოსტზე კახა იმნაძეს შეცვლის.

ივლისში „პირველ არხთან“ ინტერვიუში პრეზიდენტი ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ უკმაყოფილო იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის მუშაობით, რის გამოც გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე მის დანიშვნას ხელი არ მოაწერა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ბაქრაძის ელჩობის დროს ვერც ვაშინგტონიდან თბილისში და ვერც თბილისიდან ვაშინგტონში ვერ მოხერხდა მაღალი რანგის ვიზიტები. ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, ელჩმა ვერ უზრუნველყო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისისთვის საქართველოს მილოცვის გადაცემა.

მთავრობამ პრეზიდენტთან ელჩების დანიშვნაზე უფლებების გასამიჯნად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG