"შინ ევროპისკენ" - თბილისში საპროტესტო აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. შეკრების ადგილი ტრადიციულად პარმანეტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაა. აქციაზე პარლამენტის წინ უკვე გაშალეს ევროკავშირისა და საქართველოს დროშები. შესრულდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებიც.
აქციიას რუსთაველის გამზირზე მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი და მწერალი ლაშა ბუღაძე უძღვებიან. აქციის მონაწილეებს დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მიმართავენ.
ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირზე ათასობით აქციის მონაწილეა შეკრებილი. ტელეკომპანია "პირველი" ავრცელებს კადრებს რომელიც ამ წუთებში მეტროსადგურ "თავისუფლებაშია" გადაღებული. კადრებში ჩანს რიგი, რომელიც მეტროდან ამოსასვლელში დგას.
მოძრაობა “სირცხვილიას” ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და ევროპარლამენტარები მიმართავენ. მათ შორის რასა იუკნევიჩიენე, მარკეტა გრეგოროვა, ჟიგიმანტას პავილიონისი, ანდრიუს კუბილიუსი და ანა ფოტიგა. პარლამენტის შენობის წინ მივლენ პოლიტიკოსებით ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან, თუმცა აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქართველი პოლიტიკოსები სიტყვით არ გამოვლენ.
პრეზიდენტის საგანგებო განცხადება
აქციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე განცხადება გააკეთა, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ აქცია უნდა იყოს მშვიდობიანი.
"მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ყველას, რომ აქ არავინ მოვიდეს რამე ექსცესებისთვის. მინდა, მივმართო სამართალდამცველებს, რომ ყველანაირად იყოს შენარჩუნებული სიმშვიდე, რამეთუ ეს მშვიდი კადრები იქნება ის, რაც გავა ევროპის ყველა ეკრანზე და ეს იქნება ერთ-ერთი ნაწილი იმ გადაწყვეტილებისთვის, რაც არის მისაღები,"- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
აქცია რეგიონებში
დღეს მთელი დღის განმავლობაში იგივე შინაარსის საპროტესტო აქციები იმართება რეგიონებშიც. მათ შორის ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ოზურგეთში.
"შინ ევროპაში" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
მთელი დღის განმავლობაში ქართველი იმიგრანტები აქციებს მართავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. აქციები "შინ ევროპისკენ" გაიმართა ავსტრალიაში, გერმანიაში, ბელგიასა დაა სააფრანგეთში. დაგეგმილია საპროტესტო აქციები სხვა ქვეყნებშიც მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში.