ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკრონს პარლამენტში მოკავშირეების ძებნა დასჭირდება


საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა გუნდმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 577-წევრიან პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი მიიღო, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა მაინც ვერ მოიპოვა. მემარცხენე და ულტრამემარჯვენე ძალებმა არჩევნებში კარგი შედეგები აჩვენეს. ზოგიერთი რეფორმის გასატარებლად და პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად მაკრონის გუნდს საპარლამენტო ოპოზიციის თანხმობის მოპოვება დასჭირდება.

საფრანგეთს მსგავსი არც გამოცდილება აქვს და არც საკანონმდებლო ჩარჩო. "ეს რთული იქნება. ჩვენ შემოქმედებითად უნდა მივუდგეთ ზოგ საკითხს. მთავარი, რისიც მეშინია, ისაა, რომ ეს ქვეყანა ჩიხში შევა", - ამბობს მთავრობის პრეს-სპიკერი ოლივია გრეგორი.

მაკრონს არჩევნების შედეგების შესახებ ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ერთ-ერთი უმთავრესი კითხვა ახლა ისაა, შექმნის თუ არა ის კოალიციას კონსერვატორ რესპუბლიკელებთან, რომლებიც ამ დრომდე ამ ვარიანტს გამორიცხავდნენ. თუკი კოალიციური შეთანხმებები არ შედგება, მთავრობის წარმომადგენლებს პარლამენტარებთან შესაძლოა თითოეული საკანონმდებლო ინიციატივის დასამტკიცებლად ხანგრძლივი და რთული განხილვები და მოლაპარაკებები დასჭირდეთ.

მთავრობის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ ისინი რამდენიმე დეპუტატის მიმხრობას და მათი პოლიტიკის მხარდაჭერის მოპოვებას შეეცდებიან. თუკი შეთანხმება ვერ შედგა, ევროპაში ეკონომიკის სიდიდით მეორე ქვეყანას შესაძლოა პოლიტიკური პარალიზი დაემუქროს.

პარლამენტი ფრაგმენტირებულია, ახლა მანდატთა დიდი ნაწილი ფართო მემარცხენე ალიანსსა და ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებს უკავიათ. ამ უკანსკნელმა მანდატების ეს რაოდენობა ისტორიაში პირველად მოიპოვა. თუკი გადაწყვეტილებების მიღება უკიდურესად გართულდება ან პროცესი ჩიხში შევა, საფრანგეთში შესაძლოა ვადამდელი არჩევნების კი გახდეს საჭირო.

XS
SM
MD
LG