გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის ლიდერები, რომელთაც წარსულში კიევის გადამეტებულად ფრთხილი მხარდაჭერისთვის აკრიტიკებენ, უკრაინაში მატარებლით ერთად ჩავიდნენ. ოლაფ შოლცს, ემანუელ მაკრონს და მარიო დრაგის დღეს თან ახლდათ რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი.
უკრაინის მხარდაჭერისადმი ევროპული ერთსულოვნების გზავნილით ჩასული დასავლელი ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. მათ რუსეთის თავდასხმით დაზარალებული კიევიც დაათვალიერეს.
"ეს მნიშვნელოვანი მომენტია. ეს არის ჩვენი ერთიანობის გზავნილი უკრაინელებისადმი" - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. როცა მან კიევის კედელზე დახატული წარწერა "გვინდა ევროპა და არა ომი" ნახა, თქვა რომ ეს ძალიან "შთამაგონებელი" და "სწორი" გზავნილია.
ევროპის 3 ყველაზე გავლენიანი ქვეყნის ლიდერების ვიზიტი უკრაინაში კვირების მანძილზე იგეგმებოდა. სამივეს აქამდე აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ თავიდან ისინი ფრთხილობდნენ, უკრაინას მხარში მტკიცედ არ ედგნენ და რუსეთს მყარ ოპოზიციას არ უწევდნენ. მაგალითად ბორის ჯონსონი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კიევში ორი თვის წინ იმყოფებოდა.
ამის მიუხედავად, უკრაინისთვის გადამწყვეტ მომენტში, სამი წამყვანი ევროპელი ლიდერის ერთობლივი ვიზიტი ღრმად სიმბოლური გადაწყვეტილებაა. მითუმეტეს, რომ კიევი პარასკევს ევროპის კავშირის აღმასრულებელი კომისიის გადაწყვეტილებას ელის, უკრაინისთვის ბლოკის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
Facebook Forum