ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მატერნოვა: საქართველოს გამოყოფა უკრაინის და მოლდოვისგან მნიშვნელოვან მესიჯს შეიცავს


ევროკომისიამ 17 ივნისს მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს შეეძლება მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის დემოკრატიული ინსტიტუტების და პროცესების გასამყარებლად წინაპირობებს დააკმაყოფილებს. კომისიის შეხედულებით, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი უკვე ეკუთვნით. ევროკომისიის დასკვნას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები მომავალი კვირის ბოლოს განიხილავენ და სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

რას ნიშნავს საქართველოს გამოყოფა უკრაინისა და მოლდოვისგან? ამ საკითხზე "ამერიკის ხმა" ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილე კატარინა მატერნოვას ესაუბრა.

კატარინა მატერნოვა
კატარინა მატერნოვა

როგორ აფასებთ ევროპის კომისიის მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე?

ნამდვილად არ ვაზვიადებ და ღრმად მჯერა იმის, რომ როდესაც ამ მოსაზრებებს ვწერდით, ეს არ იყო კომისიის ერთი რიგითი დოკუმენტი. მიმაჩნია, რომ ჩვენ ისტორიას ვწერდით. სიმართლე გითხრათ, ორი წლის წინ, გასული წლის ბოლოს, ამ წლის დასაწყისშიც კი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ 2022 წლის ივნისში კონკრეტული საუბარი გვექნებოდა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე. ამ მხრივ, ეს წარმოუდგენლად დიდი მნიშვნელობის და სარგებლის მომტანი ნაბიჯია, როგორც ამ ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის.

ევროპის კომისიის შეხედულებაში საქართველო უკრანისგან და მოლდოვისგან გამოიყო. კომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცა. როგორ აფასებთ ამ ნაბიჯს?

ქვეყანას სჭირდება ის, რომ რეალურად დაძლიოს პოლიტიკური პოლარიზაცია, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში არსებობს და ევროკავშირში გაწევრიანება რეალურად აქციოს მთელი ერის ამბიციად.

უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს იმ დათქმით, რომ მომავალში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება. მათთვის კანდიდატის სტატუსი დამტკიცდა, ყოველ შემთხვევაში ევროპის კომისიის წინადადების სახით. უნდა დაველოდოთ ევროკავშირის ლიდერების სამიტის გადაწყვეტილებას, რომელიც მომავალი კვირის ბოლოს გაიმართება და ვნახოთ, მიიღებენ თუ არა ისინი კომისიის წინადადებას, თუ მასში ცვლილებებს შეიტანენ.

კომისიის წინადადებაში საქართველო განცალკევებულია იმ მხრივ, რომ სამივემ მიიღო ევროპული პერსპექტივა, კომისიის შეხედულებაში სამივეს აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ საქართველოსთვის ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილად არის ნათქვამი, რომ მას კანდიდატის სტატუსი მიეცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული.

ეს არის, ფაქტობრივად, წინაპირობები იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ძალიან მარტივად რომ ვთქვა, ეს იმის დაფიქსირება არის, რომ ბოლო პერიოდში იყო შეშფოთებები პოლიტიკურ პოლარიზაციასთან, ქვეყანაში პოლიტიკური სპექტრის ფრაგმენტაციასთან, სასამართლოს მდგომარეობასთან და მასზე პერონალური ინტერესების გავლენასთან დაკავშირებით.

ინსტიტუციურ რეფორმებთან ერთად, კომისია ერთ-ერთ პირობად „დეოლიგარქიზაციას“ ასახელებს და ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ უნდა გამორიცხოს პერსონალური ინტერესების გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე. რას ფიქრობთ ამაზე?

მე ამას ვეთანხმები. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შეშფოთება "დეოლიგარქიზაციასთან" დაკავშირებით არ არის ჩაწერილი მხოლოდ საქართველოს შესახებ. ეს „წითელი ზონის“ საფრთხეა მოლდოვისა და უკრაინის მოსაზრებებშიც. ვფიქრობ, რომ ეს პრობლემები მთელ პოსტსაბჭოთა რეგიონს აქვს, როცა მძლავრი ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა ინტერესების მიერ სახელმწიფოს ადრეული მიტაცეცბა მოხდა. დიახ, ეს არის ერთ-ერთი თემა, მაგრამ ეს სამივესთვის საერთოა. ამასთან ერთად, მოცემულია ძალიან კონკრეტული, გრძელი ახსნა-განმარტებები, რომ საჭიროა რეალურად გაძლიერდეს როგორც დემოკრატიული დისკურსი, ასევე სასამართლო სისტემა.

აქვე მინდა ვთქვა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ საქართველომ წარსულში აჩვენა დიდი შესაძლებლობა განეხორციელებინა რეფორმები, მოეხდინა მობილიზაცია. ამასთან, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის პროევროპული, პროდასავლური შეხედულებები კარგად არის ცნობილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს „ევროპული პერსპექტივა“ მნიშვნელოვანი აღიარება არის თითოეული ქართველისთვის. ამჟამინდელი ვითარებით, საქართველო უკრაინის და მოლდოვის მსგავსად დაწინაურებული არ არის, მაგრამ მას შეუძლია დაწევა. პირადად მე სლოვაკი ვარ. 1990-იანი წლების ბოლოს, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიხსნა ცხრა ქვეყნისთვის, სლოვაკეთი მათ შორის არ იყო შიდა-პოლიტიკური პროცესების გამო.

მაგრამ ჩვენ შევძელით მობილიზება. ორი წელი დავკარგეთ, მაგრამ შემდეგ დანარჩენებს დავეწიეთ. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა უპირველეს ყოვლისა და მისმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ თუ გადაწყვიტა რეალურად მობილიზება და აჩქარება, ეს შესაძლებელია.

ხედავთ თუ არა ამ „დაწევის“ სურვილს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან?

რამდენადაც სიმბოლური არ უნდა იყოს, საქართველოს გამოყოფა უკრაინის და მოლდოვისგან, მნიშვნელოვანი მესიჯის შემცველი ნაბიჯი იყო. ამ მესიჯის გათავისება და მიღება შესაძლებელია. მე მჯერა ქართველების მობილიზების უნარის და იმის, რომ მათ ევროპას საკუთარი შესაძლებლობები დაანახონ.

ვფიქრობ, რომ ეს უფრო პერსპექტივაზე დამოკიდებული კითხვაა. კომისიის დღევანდელი მოსაზრება და საქართველოს გამოყოფა განიხილება, როგორც გარკვეულწილად წარუმატებლობა, რაც გასაკვირი არ არის. ვფიქრობ, ეს მობილიზებისთვის კიდევ ერთ მიზეზი უნდა გახდეს. მე ვიცნობ და მიყვარს საქართველო და ქართველები. ნამდვილად მჯერა მათი შესაძლებლობების, მობილიზების შესაძლებლობების და იმის, რომ მათ შუძლიათ არა მხოლოდ დაეწიონ დანარჩენ ორს, არამედ გაუსწროონ კიდეც მათ.

საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნების თქმით, მათ შორის, პრემიერის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მიცემა ერთგვარი სიმბოლური ჟესტი და მას დიდი პრაქტიკული დატვირთვა არ აქვს. თქვენი აზრით, რამდენად სიმბოლურია ეს ნაბიჯი?

ვფიქრობ, რომ ერთის მხრივ მართალია, რომ არ არსებობს დაუყოვნებელი და კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც კანდიდატის სტატუსს მოჰყვება. ამ თვალსაზრისით, ეს სიმბოლურია. მაგრამ პოლიტიკაში, სიმბოლოები ძალზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ევროპულ დონეზე. კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყება უშუალოდ წევრობაზე მოლაპარაკების დაწყების შემდეგ. ამ ეტაპამდე სამივე ქვეყანას დრო სჭირდება.

კატარინა მატერნოვა
კატარინა მატერნოვა

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სამივე მათგანმა მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა იმ დროისთვის, როცა ისინი მზად იქნებიან ამისთვის. მაგრამ ამავდროულად, რამდენადაც სიმბოლური არ უნდა იყოს, საქართველოს გამოყოფა უკრაინის და მოლდოვისგან მნიშვნელოვანი მესიჯის შემცველი ნაბიჯი იყო. ამ მესიჯის გათავისება და მიღება შესაძლებელია. მე მჯერა ქართველების მობილიზების უნარის და იმის, რომ მათ ევროპას საკუთარი შესაძლებლობები დაანახონ.

საქართველოს ბევრი აქვს უკვე გაკეთებული იმისთვის, რომ მშენებლობის პროოცესი გააგრძლოს. ვფიქრობ, ამისთვის ქვეყანას სჭირდება ის, რომ რეალურად დაძლიოს პოლიტიკური პოლარიზაცია, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში არსებობს და ევროკავშირში გაწევრიანება რეალურად აქციოს მთელი ერის ამბიციად.

XS
SM
MD
LG