“უკრაინის გადამწყვეტი სამხედრო წარმატება რუსეთზე, მთელ რეგიონზე იქონიებს გავლენას და რეგიონში პოზიტიური მომავლის განსაზღვრაში გადამწყვეტი როლი ექნება,” - აღნიშნა ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა, პულიცერის პრესტიჟული პრემიის მფლობელმა ენ ეპლბაუმმა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში.
ეპლბაუმი რამდენიმე წიგნის ავტორია რუსეთის ისტორიისა და საბჭოთა მემკვიდრეობის შესახებ. ის ასევე შეეხო უკრაინისთვის მეტი და დაჩქარებული ტემპით დახმარების მიწოდების საკითხს.
ეპლბაუმის თქმით, რუსეთის მარცხი ამ ომში და ასევე, რუსეთის მიერ იმის გაანალიზება, რომ ის დამარცხდა, რეგიონზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს, ისევე, როგორც "ამ ომის უკრაინის მიერ მალე მოგება დიდ შედეგს მოიტანს".
როგორც ამ დღეებში გახდა ცნობილი, შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარებას გამოუყოფს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაა განსაზღვრული. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა. ჯო ბაიდენმა 15 ივნისს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდომირ ზელენსკისთან ტელეფონით ისაუბრა.
დახმარების პაკეტი მოიცავს დამატებით საარტილერიო და სანაპირო დაცვის იარაღს, ასევე არტილერიისა და მოწინავე სარაკეტო სისტემებისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას.