„უკრაინელებს აქვთ უფლება საპასუხო დარტყმა მიაყენონ იმ სამიზნეებს, საიდანაც იბომბება მათი ქალაქები, სოფლები, იღუპებიან მოქალაქეები“, - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში მაიკლ კარპენტერი, პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალური თანაშემწე და თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელი.
ბოლო ორი დღის განმავლობაში ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი და ბერლინი დათანხმდნენ კიევის თხოვნას, მიეცათ მისთვის უფლება, პასუხი გასცეს რუსეთის საზღვრის მახლობლად უკრაინული დასახლებების დაბომბვას და დამხედრო სამიზნეებზე იერიში დასავლური, მათ შორის ამერიკისა და გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღით მიიტანოს.
ეს გადაწყვეტილება პოლიტიკაში მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთითებს. ამ დრომდე პრეზიდენტი ბაიდენი უარს ამბობდა ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე თავდასასხმელად უკრაინისთვის ნების დართვაზე.
ასევე ნახეთ: ვაშინგტონი და ბერლინი უკრაინას ნებას რთავს, ხარკივთან, რუსეთის ტერიტორიაზე იერიშისთვის დასავლური იარაღი გამოიყენოსუკრაინის ხელისუფლება დიდი ხანია სთხოვს შეერთებულ შტატებს, შეცვალოს ეს პოლიტიკა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მაისის დასაწყისში, რუსეთმა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის წინააღმდეგ, არამხოლოდ საჰაერო თავდასხმები გააძლიერა, არამედ მის შემოგარენში სახმელეთო იერიშებიც დაიწყო. ქალაქი რუსეთის საზღვრიდან 30 კმ-ითაა დაშორებული.
კარპენტერი, რომელიც „ამერიკის ხმის“ უკრაინულ რედაქციას ესაუბრა, ამბობს, რომ ეს კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია და რომ უკრაინელებმა თეთრ სახლს თხოვნით მიმართეს, გამოიყენონ ამერიკული იარაღი საზღვრის მეორე მხარეს იერიშის მისატანად.
„პრეზიდენტმა ამ საქმის შესწავლა ეროვნული უშიშროების თავის გუნდს დაავალა და ახალი მითითება ამოქმედდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გათვალისწინებულია ხარკივის რეგიონზე მიმდინარე თავდასხმა, ის კონტექსტი, რომ უკრაინაზე იერიშების განმახორციელებელი იარაღი, მისი სისტემები სწორედ საზღვრის მეორე მხარესაა განლაგებული. პრეზიდენტმა მისცა უფლება უკრაინას, გამოიყენონ ამერიკული მიწოდებული იარაღი საპასუხო ცეცხლის გასახსნელად“, - ამბობს კარპენტერი.
ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი განმარტავს, რომ შეზღუდვა კვლავ მოქმედებს შორი რადიუსის სარაკეტო სისტემებზე, რომელთა გამოყენებაც კიევს რუსეთის წინააღმდეგ კვლავ არ შეეძლება. თუმცა, შეცვლილი პოლიტიკით, უკრაინელებს შეეძლებათ ამერიკული იარაღით მიზანში ამოიღონ რუსეთის საზღვრის მეორე მხარეს, მათი “თავშესაფარი” - ის, საიდანაც აქამდეც უკრაინელებს უტევდნენ და საპასუხო ცეცხლს არ იღებდნენ.
კარპენტერი ხაზგასმით განმარტავს, რომ მითითება შეიცვალა მხოლოდ „საზღვრის გასწვრივ მდებარე თავდასხმითი იარაღის წინააღმდეგ საპასუხო ცეცხლის გასახსნელად“ და ის არ ეხება ე.წ. „ატაკმსებს“, ან შორი რადიუსის სხვა სისტემების გამოყენებას.
„ეს არის ამერიკის და პირადად პრეზიდენტის მხრიდან კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ ჩვენ ერთგულად ვუჭერთ მხარს უკრაინას და საშუალებას ვაძლევთ უკრაინელებს დაიცვან თავიანთი ქალაქები, სოფლები, დასახლებები, რომლებიც ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში, რუსეთის სასტიკი აგრესიის სამიზნე იყო“, - განმარტავს მაიკლ კარპენტერი.
ასევე ნახეთ: საქართველო-ნატოს ურთიერთობების გადახედვა მთელი ალიანსის გადასაწყვეტია - ბაიბა ბრაჟეშეკითხვაზე, იცვლება თუ არა ამერიკის პოლიტიკა უკრაინის დახმარების თაობაზე ერთგვარად უფრო რეაქციული პოლიტიკიდან მეტად პროაქტიული მიმართულებით, მაიკლ კარპენტერი ამბობს, რომ შეერთებული შტატები თავიდანვე ლიდერობდა კიევის დახმარების მსოფლიო ძალისხმევას. მათ შორის ე.წ. რამშტაინის ფორმატს, ოფიციალურად „უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფს“ და ცდილობდა უკრაინისთვის ყველა იმ შესაძლებლობის მობილიზებას, რაც მას რუსულ აგრესიასთან გასამკლავებლად სჭირდებოდა.
„უკრაინას აქვს გაეროს ქარტიის 51 მუხლით გარანტირებული უფლება და ვალდებულება დაიცვას თავი ამ აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ ძალ-ღონე არ დაგვიშურებია იმისთვის, რომ მიგვეწოდებინა მისთვის, თუ არ ვცდები, 81 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება ამ ომის დაწყებიდან. მათ შორის 51 მილიარდი სამხედრო დახმარების სახით“, - განმარტავს თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელი.
კარპენტერის თქმით, ბრძოლის ველზე ცვლილებები უკრაინისთვის მიწოდებული დახმარების ცვლილებასაც იწვევს. ამასთან, რუსეთიც იღებს დახმარებას ისეთი მოკავშირეებისგან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა. გამუდმებით განიხილება ის, თუ რისი მიწოდება შეუძლიათ ამერიკას და მის მოკავშირეებს კიევისთვის მისი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლადაც. „ჩვენ გვესმის, რომ ხშირად ეს თავდასხმები სასტიკია, ხშირად მჭიდროდ დასახლებულ, ურბანულ გარემოში, როგორიცაა ხარკივი, ოდესა, დნიპრო და სხვა ქალაქები. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია ამ რისკების შესამცირებლად საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდებით“, აცხადებს პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალური თანაშემწე და თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.
მაიკლ კარპენტერმა ივლისში ვაშინგტონში დაგეგმილ ნატოს საიუბილეო სამიტზეც ისაუბრა და თქვა, რომ წელს უკრაინისთვის გაწევრიანების თაობაზე „მოწვევის“ გადაცემა არ იგეგმება, რადგან ამაზე ალიანსში კონსენსუსი ჯერ არ არსებობს, მაგრამ კიევი ივლისში ძალიან მნიშვნელოვან „შედეგებს“ მიიღებს. მათი ნაწილი გასული დღეების განმავლობაში პრაღაში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმაც განიხილეს.