„მე უკვე აღარ ვარ ნატოს ოფიციალური პირი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს კოლექტიური გადაწყვეტილება", - განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე, 2020-2023 წლებში, იგი ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე იყო საჯარო პოლიტიკის დარგში.
პრაღაში მიმდინარე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დროს, ბაიბა ბრაჟემ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტ რიკარდ იოზვიაკს, რომელიც დაინტერესდა, საქართველოს ხელისუფლების მიერ “აგენტების კანონის” მიღებას ნატოს მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის შემცირება ხომ არ მოჰყვება.
"მთელი ნატოს მასშტაბით რაიმე ცვლილება უნდა იყოს ყველა მოკავშირის გადაწყვეტილება, მიღებული 32-ივე მოკავშირის მიერ”, - აღნიშნა ბაიბა ბრაჟემ. მაგრამ, მან იქვე მიანიშნა, რომ შესაძლებელია მოხდეს რაიმე ცვლილება ალიანსის სამოქალაქო ან სამხედრო სტრუქტურების დონეზე, რაზეც ამჟამად საუბარი ძნელია.
"ჰკითხეთ ნატოს გენერალურ მდივანს ან სხვა რომელიმე კოლეგას, რომელიც აქ იმყოფება", - დასძინა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 28 მაისს ბაიბა ბრაჟემ "სევდიანი დღე" უწოდა საქართველოს პარლამენტის მიერ
„აგენტების კანონზე“ ვეტოს დაძლევას და კანონის საბოლოოდ მიღებას.
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა ასევე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ.
“ჩვენ მართლაც უკმაყოფილონი ვართ ახალი კანონით. საქართველომ ვალდებულება აიღო, რომ გააგრძელებდა ევროპულ გზას, რაც ასევე გულისხმობს ევროპული ფასეულობების ერთიან გაგებას“, - თქვა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
"რადიო თავისუფლების" კორესპონდენტის კითხვას, რამდენად განაპირობებს ამ კანონის მიღება ალიანსის წევრობის ასპირანტი სახელმწიფოს სტატუსის ჩამორთმევას საქართველოსთვის, ლიპავსკიმ ასე უპასუხა: „ჩვენ დავაკვირდებით ევროკავშირში მიმდინარე დისკუსიას გაწევრიანების შესახებ. თქვენ იცით, რომ საქართველოს ხალხს აქვს ევროპული მისწრაფება. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აქ უნდა შევინარჩუნოთ ევროპული პერსპექტივა.“
30-31 მაისს პრაღა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას მასპინძლობს, რომელშიც ალიანსის წევრი სახელმწიფოების 29 საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს. ჩეხეთში არ ჩასულან მხოლოდ ბელგიის, ლუქსემბურგისა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და ეს ქვეყნები მინისტერიალზე ელჩებით არიან წარმოდგენილნი.
პრაღის არაფორმალურ შეხვედრაზე ვაშინგტონის სამიტის დღის წესრიგსა და რუსეთთან ომში მყოფი მოკავშირე ქვეყნის, უკრაინის, შემდგომ დახმარებაზე მსჯელობენ.
Facebook Forum