შეერთებულმა შტატებმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მან უკრაინას ნება დართო, ამერიკის მიწოდებული იარაღი რუსეთზე თავდასხმისთვის გამოიყენოს, თუმცა მხოლოდ ხარკივის სიახლოვეს.
ეს გადაწყვეტილება პოლიტიკაში მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთითებს. ამ დრომდე პრეზიდენტი ბაიდენი უარს ამბობდა ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე თავდასასხმელად უკრაინისთვის ნების დართვაზე.
უკრაინის ხელისუფლება დიდი ხანია სთხოვს შეერთებულ შტატებს, შეცვალოს ეს პოლიტიკა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მაისის დასაწყისში რუსეთმა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის წინააღმდეგ არამხოლოდ საჰაერო თავდასხმები გააძლიერა, არამედ მის შემოგარენში სახმელეთო იერიშებიც დაიწყო. ქალაქი რუსეთის საზღვრიდან 30 კმ-ითაა დაშორებული.
არსებული პოლიტიკით, ამერიკის მიერ მიწოდებული შორი რადიუსის სარაკეტო სისტემები რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ კიევმა არ უნდა გამოიყენოს და ეს პოლიტიკა უცვლელი რჩება.
დღეს კი, 31 მაისს, გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთიდან ხარკივის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებთან გასამკლავებლად, შეუძლია გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებაც. მთავრობის პრეს-სპიკერმა თქვა, რომ ბერლინმა ეს გადაწყვეტილება მოკავშირეებთან შეთანხმებით მიიღო და ეს გერმანიას კონფლიქტის მხარედ არ აქცევს.
"ჩვენ ერთობლივად ვთვლით, რომ უკრაინას აქვს უფლება, გარანტირებული საერთაშორისო კანონმდებლობით, რომ თავი დაიცვას ამ თავდასხმებისგან", - ვკითხულობთ გერმანიის მთავრობის განცხადებაში. "ამისთვის, კი მას ასევე უნდა შეეძლოს ამ მიზნით იარაღის, მათ შორის ჩვენგან მიწოდებული იარაღის გამოყენებაც, საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესაბამისად".
ხარკივი კვლავ იბომბება. ხუთშაბათს, სამიზნე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი გახდა. რეგიონის ხელისუფლების თქმით, დაღუპულია სულ მცირე 3 ადამიანი, 16 კი დაშავდა. მათ შორის სულ ცოტა, ორი ბავშვია. ამ შენობის სამი სართული სრულადაა განადგურებული. მოქალაქეები ნანგრევების ქვეშ მოყვნენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, იმავე დღეს, რუსეთის ძალებმა უკრაინას ღამით 19 რაკეტითა და 32 დრონით შეუტიეს. რუსული მხარე ამბობს, რომ საჰაერო და საზღვაო დრონებიც გამოიყენა. უკრაინა კი აცხადებს, რომ 7 რაკეტის და 32 დრონის ჩამოგდება შეძლო. სარაკეტო იერიშისას ხარკივში შვიდი ადამიანი დაშავდა, ერთი ადამიანი რუსეთის თავდასხმამ ქალაქგარეთ იმსხვერპლა, ერთიც ხერსონში.