ოთხშაბათს ისრაელის შეიარაღებული ძალების ნაწილი ღაზის უდიდეს, ალ-შიფას საავადმყოფოში შეიჭრა. თვითმხილველების მონათხრობის მიხედვით, ისინი დღეს საავადმყოფოს ოთახებს, პალატებს და სარდაფის ნაწილს ჩხრეკდნენ.
ეს შესაძლოა დაჯგუფება "ჰამასის" წინააღმდეგ ისრაელის ომის კულმინაცია იყოს, რომელიც ჯერ ბლოკადით დაიწყო, შემდეგ კი ანკლავში შეჭრით და პირისპირ შეტაკებებით გაგრძელდა. საერთაშორისო საზოგადოებაში გრძელდება შეშფოთება იქ მყოფი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის ბედზე.
ალ-შიფას ჰოსპიტალი ისრაელის ძალების სახმელეთო ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ მის ქვეშ გვირაბებია განლაგებული, სადაც დაჯგუფება "ჰამასის" მებრძოლთა შტაბ-ბინა მდებარეობს. ამ ინფორმაციას "ჰამასი" უარყოფს და მას "შეთხზულ სიცრუეს" უწოდებს.
ისრაელმა განაცხადა, რომ საავადმყოფოს შიგნით მათ შეიარაღება და „ტერორისტული ინფრასტრუქტურა“ აღმოაჩინეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მანამდე, შენობის გარეთ შეტაკებისას ისრაელის არმიამ მებრძოლები მოკლა. შიგნით შესვლის შემდეგ კი, ისრაელის თქმით, მშვიდობიან მოსახლეობასთან, პაციენტებთან ან პერსონალთან დაპირისპირება არ მომხდარა.
ასევე ნახეთ: “სიკვდილის წრე“ - „როიტერი“ წერს, რომ ალყაში მოქცეული ღაზის საავადმყოფოში 30-ზე მეტი პაციენტი დაიღუპათვითმხილველები, რომლებიც სააგენტო "როიტერს" ესაუბრნენ, ადასტურებენ, რომ საავადმყოფოს შენობაში სიტუაცია მეტ-ნაკლებად მშვიდი იყო და შედარებით დაძაბული მაშინ ჩანდა, როცა მის შიგნით ისრაელის ჯარისკაცები გადააადგილდებოდნენ და იქაურობას ჩხრეკდნენ. გარედან პერიოდულად სროლის ხმაც შემოდიოდა, მაგრამ საავადმყოფოს შიგნით უშუალოდ სამხედრო ოპერაციით დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
საერთაშორისო ყურადღება ახლა ასობით პაციენტის ბედზეა ფოკუსირებული, რადგან ისინი იმყოფებიან საავადმყოფოში, სადაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობა ვეღარ მუშაობს. ამას გარდა, იქ იმყოფება ღაზის სექტორიდან ათასობით დევნილი მშვიდობიანი მოქალაქეც.დევნილები თავს სწორედ დიდ საავადმყოფოებს აფარებენ.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ საავადმყოფოში უკვე ბევრი პაციენტი დაიღუპა მარტო იმიტომ, რომ ისრაელმა ისინი ალყაში მოაქცია. არ ჰქონდათ ელექტროენერგია და საჭირო რესურსები. ჯანდაცვის უწყება, რომელსაც "ჰამასი" აკონტროლებს, ამბობს, რომ დაღუპულია სამი ახალშობილი.
ისრაელმა პალესტინელთა ისლამისტურ დაჯგუფება „ჰამასს“ ომი რვა ოქტომბერს გამოუცხადა, მას შემდეგ, რაც დაჯგუფების წევრები 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში შეიჭრნენ და მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს. მომხდარი თავდასხმის შედეგად, ისრაელში დაიღუპა 1 400 ადამიანი, მეტწილად მშვიდობიანი მოქალაქეები. ამასთან, „ჰამასმა“ 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაატყვევა და ღაზის სექტორში მძევლად წაიყვანა.
ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული.