ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ომი ძალას იკრებს - ვითარება ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში 


ისრაელის ომი “ჰამასის”წინააღმდეგ გრძელდება და ძალას იკრებს, ისრაელის თავდაცვის ძალები კი წინ მიიწევენ და ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში „ჰამასის“ შენობებს იკავებენ.

პირველად ბოლო კვირების განმავლობაში ისრაელმა საერთაშორისო ჟურნალისტებს საშუალება მისცა მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე ემუშავათ. სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ ვითარება ღაზის ამ ნაწილში რთულია.

„ბევრი შენობა განადგურებულია, სრულად დანგრეული, გადარჩენილი შენობების თითქმის ყველა ფანჯარა ჩამსხვრეულია, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების კედლები“,- წერს „როიტერი“.

ისრაელის ომი “ჰამასის”წინააღმდეგ 8 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა სახმელეთო ოპერაციამ სტარტი 27 ოქტომბერს აიღო, მას შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის სიღრმეში სხვადასხვა ტიპის ოპერაციებს ატარებს.
„ეს არ არის ოპერაცია, ეს ომია“, - უთხრა ჟურნალისტებს ისრაელის 401-ე ბრიგადის მეთაურის მოადგილემ, ვიცე პოლკოვნიკმა იდომ.

ბოლო 12 დღის განმავლობაში ისრაელის სამხედროებს ალყაში აქვთ მოქცეული, ღაზის სექტორში ყველაზე დიდი ქალაქი ღაზა, ისრაელის თავდაცვის ძალები ალყას ყოველდღიურად ამცირებენ და ცდილობენ იპოვონ „ჰამასის“ მებრძოლები, რომლებიც მათ სახმელეთო ოპერაციის დაწყების პირველ დღეებში მძიმე წინააღმდეგობას უწევდნენ. ისრაელის სამხედროები ამბობენ, რომ “ჰამასის”მებრძოლები თავს მიწისქვეშა გვირაბებს აფარებენ, არსებობს მოლოდინი, რომ სწორედ ქალაქ ღაზის ქვეშ არსებულ გვირაბებში მალავენ „ჰამასის“ მებრძოლები იმ 200-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც 7 ოქტომბერს ისრაელზე მომხდარი თავდასხმის დროს დაატყვევეს.

ჟურნალისტები ფრონტის ხაზზე ისრაელის თავდაცვის ძალებთან ერთად დაახლოებით საათი, საათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ შეძლეს და ადგილზე არსებული ვითარება გადაიღეს. ისრაელის სამხედროებმა ჟურნალისტებს აჩვენეს „ჰამასის“ მიერ შეგროვებული საბრძოლო მასალა, რომელიც სხვადასხვა საცხოვრებელ კორპუსებში იყო შენახული.

ისრაელმა “ჰამასს” ომი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა, თავდასხმას 1400-მდე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, ისრაელმა მოგვიანებით თქვა, რომ „ჰამასის“ მებრძოლებმა ოჯახები სახლებში დაწვეს ან დახვრიტეს. 200-ზე მეტი ადამიანი კი გაიტაცეს.


მოგვიანებით თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ომი დაიწყო, სხვადასხვა ინფორმაციით ღაზის სექტორში მსხვერპლის რაოდენობა 10 000- აღწევს, მათ შორის 4 000-მდე ბავშვია ამბობენ, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ სამედიცინო დაწესებულებები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG