ოთხშაბათს "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისრაელ-"ჰამასის" ომში ჰუმანიტარული პაუზა მოითხოვეს. ეს უდიდესი ეკონომიკების მქონე ქვეყნების ლიდერთა განმარტებით, აუცილებელია, რათა ადგილზე ჰუმანიტარული დახმარება დაიშვას და გაგრძელდეს მძევლების გასათავისუფლებლად მუშაობა.
ტოკიოში ორდღიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, მსოფლიოს შვიდი წამყვანი სახელმწიფოს ფორუმმა ერთობლივ განცხადებაში თქვა, რომ ისრაელს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი. მაგრამ მათ ასევე ხაზი გაუსვეს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვის ვალდებულებას.
"დიდი შვიდეულის", იგივე - G7-ის წევრები მხარეებს "საერთაშორისო შეთანხმებული პარამეტრების შესაბამისად" სამშვიდობო პროცესში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.
მინისტრებმა განაცხადეს, რომ "ორი სახელმწიფოს" პრინციპით კონფლიქტის გადაწყვეტა რჩება ერთადერთ გზად სამართლიანი, ხანგრძლივი და უსაფრთხო მშვიდობისკენ".
ეს G7-ის მეორე ერთობლივი განცხადება იყო მას შემდეგ, რაც პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ შეიარაღებული პირები 7 ოქტომბერს ისრაელში შეიჭრნენ, დახოცეს 1400-მდე ადამიანი, მეტწილად მშვიდობიანი მოქალაქეები, 240 კი მძევლად აიყვანეს.
„ჰამასის“ კონტროლირებადი, ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 10 000-ზე მეტი პალესტინელი, მათგან დაახლოებით 40% ბავშვია.
”მნიშვნელოვანია, რომ G7-მა თავისი პირველი ერთიანი გზავნილი გააჟღერა... იმ პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, რომელიც G7-ს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აკისრია,” - განუცხადა ჟურნალისტებს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოკო კამიკავამ.
"დიდი შვიდეულის" კომუნიკეში ლიდერებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარდაჭერის ერთგულება, ხაზი გაუსვეს ჩინეთთან თანამშრომლობის აუცილებლობას და დაგმეს იქნა ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული რაკეტების გამოცდა.
"დიდი შვიდეულის" ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და შეერთებული შტატები. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობს ევროკავშირი.
Facebook Forum