ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუტერეში: „ღაზა ბავშვების სასაფლაოდ იქცა“


ანტონიო გუტერეში, გაეროს გენერალური მდივანი.
ანტონიო გუტერეში, გაეროს გენერალური მდივანი.

ღაზა „ბავშვების სასაფლაოდ იქცა“ - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა. ანტონიო გუტერეში აძლიერებს მოთხოვნას პალესტინურ ანკლავში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. "ჰამასის" კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ისრაელის ომის შედეგად, ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო მოწოდებებს უარყოფს როგორც ისრაელი, ასევე დაჯგუფება „ჰამასი“. ისრაელმა „ჰამასს“ ომი 8 ოქტომბერს, მას შემდეგ გამოუცხადა, რაც 7 ოქტომბერს, დაჯგუფების წევრები ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და 1400 ადამიანი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს, 240-ზე მეტი კი დაატყვევეს და ღაზის სექტორში, რომელსაც დაჯგუფება აკონტროლებს, მძევლად წაიყვანეს. ისრაელი აცხადებს, რომ ვიდრე მძევლები არ გათავისუფლდებიან, ცეცხლს არ შეწყვეტს. „ჰამასი“ აცხადებს, რომ ბრძოლას არ შეწყვეტს და მძევლებს არ გაათავისუფლებს იქამდე, ვიდრე ღაზაზე ისრაელის საპასუხო თავდასხმა არ შეწყდება. მშვიდობიან მოსახლეობაზე 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა გაცხადებულ მიზნად „ჰამასის“ სრული განადგურება დაისახა.

„ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო ოპერაციები და მუდმივი დაბომბვა ურტამს მშვიდობიან მოსახლეობას, საავადმყოფოებს, ლტოლვილთა ბანაკებს, მეჩეთებს, ეკლესიებსა და გაეროს დაწესებულებებს, მათ შორის, თავშესაფრებს. უსაფრთხოდ არავინ არ არის“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ჟურნალისტებთან საუბრისას.

გუტერეშის თქმით, „ამავდროულად, „ჰამასი“ და სხვა მებრძოლები, მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ და ისრაელის მიმართულებით, რაკეთების განურჩევლად გაშვებას განაგრძობენ.“ გაეროს გენერალურმა მდივანმა, „ჰამასს“ მძევლების დაუყოვნებელი გათავისუფლება მოუწოდა.

ისრაელის განცხადებით, 27 ოქტომბერიდან მოყოლებული, როცა ღაზაში გაფართოებული სახმელეთო ოპერაციები დაიწყო, 31 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. ისრაელი განმეორებით აცხადებს, რომ „ჰამასი“ საავადმყოფოებსა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის იმალება. „ჰამასი“ უარყოფს, რომ მისი წევრები თავს საავადმყოფოებს აფარებენ და გაეროს ინფორმაციის გადამოწმებისგენ მოუწოდებს.

ათობით ქვეყნის მიერ, მათ შორის 1997 წლიდან აშშ-ის მიერ, „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, სექტორში დაღუპული 10 022 ადამიანიდან, 4 104 ბავშვია.

"ღაზა ხდება ბავშვების სასაფლაო. გავრცელებული ინფორმაციით, ყოველდღიურად ასობით გოგო და ბიჭი იღუპება ან ზიანდება", - თქვა გუტერეშმა.

გუტერეშის თქმით, დაღუპულთა შორისაა 89 ადამიანი, რომლებიც გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტოში (UNRWA) მუშაობდნენ. UNRWA-მ განაცხადა, რომ ხუთი კოლეგა, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა.

აშშ-ის პოზიცია

შეერთებული შტატები, მიმდინარე კონფლიქტში, ჰუმანიტარული პაუზების მომხრეა და ისრაელს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. ამასთან, ვაშინგტონი აცხადებს, რომ ისრაელს აქვს უფლება და ვალდებულება, საკუთარი მოსახლეობა „ტერორისტული თავდასხმებისგან“ დაიცვას. ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ისრაელის მიერ ცეცხლის სრული შეწყვეტით, „ჰამასი“ ისარგებლებს და დროს სამომავლო თავდასხმების დასაგეგმად, რეორგანიზებისა და გადაჯგუფებისთვის გამოიყენებს.

ორშაბათს, ჰუმანიტარული პაუზებისა და მძევლების გათავისუფლების საკითხი, აშშ-ის პრეზიდენტმა, ისრაელი პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას განიხილა. თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა, პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან საუბრისას, გაიმეორა ისრაელის მიერ აშშ-ის მხარდაჭერა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელმა უნდა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა.

XS
SM
MD
LG