ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანმო: ჩრდილოეთ ღაზაში საავადმყოფოები იბომბება


A handout image shows Israeli soldiers operate in the Gaza Strip
A handout image shows Israeli soldiers operate in the Gaza Strip

10 ნოემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ღაზის სექტორის ყველაზე დიდი საავადმყოფო და კიდევ ერთი, სადაც ბავშვებს მკურნალობენ, დაბომბვის ქვეშ მოექცა. ორგანიზაციის განცხადებით, სექტორში მდებარე 20 საავადმყოფოს ფუნქციონირება სრულად არის შეწვეტილი.

ალ-შიფას საავადმყოფოზე ისრაელის დარტყმის შესახებ, ღაზის ჯანდაცვის უწყების ბრალდებების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერმა მარგარეტ ჰარისმა თქვა: ”მე არ მაქვს დეტალები ალ-შიფაზე, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ისინი დაბომბვის ქვეშ არიან".

მისი თქმით, ასევე იყო "მნიშვნელოვანი დაბომბვა" რანტისის საავადმყოფოზე. ეს არის ერთადერთი საავადმყოფო, რომელიც უზრუნველყოფს პედიატრიულ მომსახურებას ჩრდილოეთ ღაზაში.

იმავე ბრიფინგზე, გაეროს ჰუმანიტარული ოფისის სპიკერმა იენს ლაერკემ თქვა, რომ იყო გარკვეული „პრობლემები“ ღაზაში დახმარების მიღებისას, ეგვიპტესთან რაფაჰის გადასასვლელით. მისი თქმით, ეს გადასასვლელები განკუთვნილი იყო ფეხით მოსიარულეებისთვის და არა სატვირთოებისთვის. ლაერკეს განცხადებით, ეგვიპტიდან ღაზის სექტორში, ოთხშაბათს, მხოლოდ 65 სატვირთო მანქანა გადავიდა, რომელთაც გადაჰქონდათ საკვები, მედიკამენტები, ჰიგიენის საშუალებები და წყალი, ისევე როგორც შვიდი სასწრაფო დახმარების მანქანა, რაც მისივე თქმით, კონფლიქტამდელი დონის ნაწილია. სპიკერის განცხადებით, არცერთ ამ სატვირთოს ღაზის სექტორის ჩრდილოეთამდე არ მიუღწევია.

„მოცემულ მომენტში, ჩვენ არ შეგვიძლია ჩრდილოეთისკენ გამგზავრება, რაც, რა თქმა უნდა, ღრმა იმედგაცრუებაა. რადგან ვიცით, რომ რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი რჩება ჩრდილოეთში“, - თქვა ლაერკემ.

„თუ დღეს დედამიწაზე ჯოჯოხეთია, მისი სახელია ჩრდილოეთ ღაზა“, - თქვა მან.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი 8 ოქტომბერს მას შემდეგ გამოუცხადა, რაც 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ და 1 400 ადამიანი განსაკუთრებული სისასტიკით დახოცეს, მეტწილად, მშვიდობიანი მოსახლეობა. 240-ზე მეტი ადაგმიანი კი დაატყვევეს და მძევლად ღაზის სექტორში წაიყვანეს. ათობით ქვეყანას, მათ შორის 1997 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებს, „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.

პალესტინელთა ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ღაზის სექტორზე ისრაელის საპასუხო დარტყმებს, 10 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მატ შორის დაახლოებით 40% ბავშვია. ღაზის სექტორს დაჯგუფება "ჰამასი" აკონტროლებს, ამიტომ ამ მონაცემების გადამოწმება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

XS
SM
MD
LG