ღაზის სექტორში ისრაელის ომი გრძელდება და როგორც საერთაშორისო მედია ამბობს, საომარი მოქმედებების ზონაში არსებული ერთ-ერთი საავადმყოფო „ალ შიფა“ ისრაელის ჯარს ალყაში აქვს მოქცეული. სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ საავადმყოფოს არ მიეწოდება ელექტოენერგია და ის სრულად ბლოკირებულია სამხედროებით, რის გამოც საავადმყოფო ვერ ფუნქციონირებს.
„როიტერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში საავადმყოფოში 32 პაციენტი დაიღუპა. საერთაშორისო მედია ამ შშემთხვევაში ღაზის ჯანდაცვის უწყებას ეყრდნობა, რომელიც „ჰამასის“ მიერ კონტროლდება.
„როიტერის“ ინფორმაციით ალ შიფას“ საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება 650 პაციენტი, რომლებიც ელოდებიან ევაკუაციას წითელი ჯვრის ან ნეიტრალური სააგენტოების მხრიდან. ისრაელის მთავრობა ამბობს, რომ საავადმყოფოდან ადამიანების ევაკუაციისთვის მზად არის, თუმცა პროცესი არ იწყება.
ისრაელის თავდაცვის ძალებს მიაჩნიათ, რომ საავადმყოფოს ქვეშ „ჰამასის“ ცენრალური შტაბია განთავსებული, სადაც დამნაშავე პირები იმყოფებიან, სწორედ ამიტომ ალყის შემსუბუქება არ ხდება. ამ ინფორმაციას „ჰამასი“ კატეგორიულად უარყოფს, წერს „როიტერი“.
„ტანკები საავადმყოფოს წინ არის განთავსებული, სრულ ბლოკადაში ვართ. ეს არის სამოქალაქო ტერიტორია, აქ მხოლოდ საავადმყოფოა განთავსებული, შიგნით კი ექიმები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. ვინმემ ეს უნდა შეწყვიტოს“,- ამბობს სააავადმყოფოს ექიმი აჰმედ ელ მოხალალათი „როიტერთან“ ტელეფონით საუბრისას.
საავადმყოფოში მყოფი ადამიანები სააგენტო „როიტერს“ უყვებიან, რომ ადგილზე აღარც ჟანგბადის ბალონები მუშაობს არც წყალია და არც ელექტროენერგია. რის გამოც მათი თქმით „საავადმყოფო სამკურნალოდ უსაფრთხო ადგილი აღარ არის“.
ისრაელმა „ჰამასს“ ომი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელს 7 ოქტომბერს თავს დაესხნენ. მომხდარს ისრაელმა და ბევრმა ქვეყანამ ტერორისტული კვალიფიკაცია მიანიჭა და მას 1200-ზე მეტი მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე შეწირა. თავდასხმის შედეგად "ჰამასმა" 200-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა.
ისრაელი ამბობს, რომ ომს არ შეაჩერებს მანამ სანამ ტყვეებს არ გაათავისუფლებს და „ჰამასს“ არ გაანადგურებს. „ჰამასი“ ამბობს, რომ ტყვეების გათავისუფლება, საომარი მოქმედებების შეწყვეტამდე არ მოხდება. არსებობს ინფორმაცია, რომ გატაცებული ადამიანები ამ დრომდე ღაზის ტერიტორიაზე რჩებიან. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ გატაცებულები „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ გვირაბებში ჰყავთ დატყვევებული.
ისრაელის ომს „ჰამასის“ წინააღმდეგ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის არიან ბავშვები.
Facebook Forum