უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა არ უნდა დაიწყოს უკრაინასთან ბლოკში მის გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკება. აღნიშნული განცხადება ვიქტორ ორბანმა დღეს, 10 ნოემბერს, სახელმწიფო რადიოს საშუალებით გააკეთა და იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს უნგრეთის „მკაფიო პოზიციაა“ ამ საკითხთან მიმართებით.
ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა გადაწყვიტონ, მიიღონ თუ არა კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია. ევროპის კომისიის რეკომენდაციით, ბრიუსელმა უნდა მიიწვიოს კიევი წევრობის მოლაპარაკებების დასაწყებად, როგორც კი ის დააკმაყოფილებს ბლოკის საბოლოო პირობებს.
ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება მოითხოვს ბლოკის 27-ივე წევრის ერთსულოვნებას. ამ მიმართულებით მთავარ პოტენციურ დაბრკოლებად კი უნგრეთი განიხილება.
ევროკავშირის აღმასრულებელი ლიდერები ცდილობენ უკრაინისთვის 50-მილიარდიანი დახმარების პაკეტი უზრუნველყონ, 15 მილიარდი კი მიგრაციის პრობლემასთან გასამკლავებლად დახარჯონ. კიდევ ერთი ინიციატივა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 20 მილიარდის გამოყოფას გულისხმობს.
უნგრეთის ნაციონალისტი ლიდერი, რომელიც ქვეყანას სათავეში 2010 წლიდან უდგას, ამბობს, რომ უკრაინის მხარდაჭერის საკითხი ცალკეა და ის არ არის კავშირში ბრიუსელთან მიმდინარე მილიარდობით ევროს ფონდებთან დაკავშირებულ დავასთან. ევროპის კავშირმა აღნიშნულ ფონდებზე წვდომა ბუდაპეშტს კანონის უზენაესობის დაცვის პრობლემების გამო დაუბლოკა.
ვიქტორ ორბანს ბოლო 13 წლის განმავლობაში ბრიუსელთან არაერთი დაპირისპირება ჰქონდა. ევროკავშირის ლიდერები მას ხშირად აკრიტიკებენ ქვეყანაში დემოკრატიასთან დაკავშირებული გამოწვევების გამო. თავად ორბანი კი ამბობს, რომ ცვლილებები სწორედ ბრიუსელშია საჭირო.