ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორბანი უკრაინაზე - „უპრეცედენტო იქნებოდა, ქვეყანა ევროკავშირში მისი პარამეტრების ცოდნის გარეშე დაუშვა“


ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ მინისტრი.
ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ მინისტრი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პარასკევს განაცხადა, რომ „ძალიან რთულ კითხვებზე“ პასუხის გაცემაა საჭირო, სანამ ევროკავშირი უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებებს დაიწყებს.

ევროკავშირის ქვეყნებმა დეკემბერში უნდა გადაწყვიტონ, მისცენ თუ არა უკრაინას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების უფლება, რაც მოითხოვს 27-ვე წევრის ერთსულოვან მხარდაჭერას. დიპლომატებმა განაცხადეს, რომ უნგრეთი შეიძლება იყოს დაბრკოლება.

„ჩვენ ვერ ავიცილებთ საკითხს - როცა შემოდგომის განმავლობაში, ბრიუსელში უკრაინის მომავალზე მოლაპარაკებრბი გვექნება - შეგვიძლია თუ არა რეალურად განვიხილოთ ქვეყნის გაწევრიანება, დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები იმ ქვეყანასთან, რომელიც ომის მდგომარეობაშია“, - განუცხადა ორბანმა სახელმწიფოს რადიოს.

”ჩვენ არ ვიცით, რამდენად დიდია ამ ქვეყნის ტერიტორია, რადგან ომი ჯერ კიდევ გრძელდება. არ ვიცით, რამდენად დიდია მისი მოსახლეობა, რადგან ისინი გარბიან... უპრეცედენტო იქნებოდა, ქვეყანა ევროკავშირში მისი პარამეტრების ცოდნის გარეშე დაუშვა. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ძალიან გრძელ და რთულ კითხვებს, სანამ მივიღებთ რეალურად გადაწყვეტილებას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“ - თქვა ორბანმა.

ორბანის შენიშვნების კომენტირებისას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პოზიტიურადაა განწყობილი იმის შესახებ, რომ „უნგრეთის პრემიერ-მინისტრი შეშფოთებულია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გამო“.

„გვსურს გაცნობოთ, რომ უკრაინას არ შეუცვლია თავისი ტერიტორია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყებამ.

ორბანი უფრო თბილ კავშირებს ამყარებს მოსკოვთან და არაერთხელ დაუპირისპირდა კიევს, მათ შორის ეთნიკური უნგრელების უფლებასთან დაკავშირებით, ისწავლონ მშობლიური ენა. ეს მას შემდეგ, რაც უკრაინამ 2017 წელს მიიღო კანონი, რომელიც სკოლებში უმცირესობათა ენების გამოყენებას ზღუდავს.

ორბანმა ორშაბათს პარლამენტს განუცხადა, რომ უნგრეთი არ დაუჭერს მხარს უკრაინას საერთაშორისო ურთიერთობების ნებისმიერ საკითხში, სანამ იქ ეთნიკური უნგრელების ენობრივი უფლებები არ აღდგება.

უნგრეთი ნატოს წევრია და ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში. უნგრეთმა უარი თქვა უკრაინაში იარაღის გაგზავნაზე, მაგრამ მიესალმა უკრაინელ ლტოლვილებს, რომლებიც ომს გაურბიან.

XS
SM
MD
LG