ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს ეწვია


ვიქტორ ორბანი
ვიქტორ ორბანი

საქართველოში ვიზიტს იწყებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორბანი საქართველოში მეუღლესთან, ანიკო ლევაისთან ერთად ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

გამოცემა Hirtv უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის პრესმდივნის, ბერტალან ჰავასის კომენტარზე დაყრდნობით წერს, რომ ორბანი საქართველოში გაემგზავრა ორდღიანი ვიზიტით.

ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების გარდა, განხილვის თემა იქნება „მწვანე ენერგეტიკული კორიდორი - შავი ზღვის მიწისქვეშა კაბელი“.

"რომლის არსიც უნგრულ-რუმინულ-ქართულ-აზერბაიჯანული თანამშრომლობით მომავალში აზერბაიჯანული მწვანე ენერგიის უნგრეთში ტრანსპორტირება იქნება“, - განაცხადა ორბანის პრესმდივანმა.

უნგრეთისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივი შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება გასული წლის ოქტომბერში უნგრეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ოფიციალური ვიზიტის დროს მიიღეს, რა დროსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

ბერტალან ჰავასის თანახმად, მთავრობის ერთობლივ სხდომაზე, სავარაუდოდ, ხუთი ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმდება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოში ვიზიტის შესახებ 6 ოქტომბერს ესპანეთში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განუცხადა მედიას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG