სალომე ჩადუნელი
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „აგენტების კანონის“ აღსრულების მიზნით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესები დაამტკიცა.
ბრძანება საკანონდებლო მაცნეზე პირველ აგვისტოს, კანონის ამოქმედების დღეს გამოქვეყნდა.
ბრძანება ნომერი - 1019 ექვსი მუხლისგან შედგება და თან ახლავს ოთხი დანართი. ეს დოკუმენტი ე.წ. „აგენტების რეესტრის“ შესაქმნელად საჭირო ნაბიჯებს განსაზღვრავს.
ნაბიჯი პირველი - განცხადების წარდგენა
რეესტრში რეგისტრაციისთვის იუსტიციის სახლს ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე ან წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელმა თანამშრომელმა უნდა მიმართოს. ის ვალდებულია უწყებას განცხადება წერილობით წარუდგინოს.
იუსტიციის სახლი წარდგენისთანავე არეგისტრირებს განცხადებას და მას უნიკალური სარეგისტრაციო ნომერს ანიჭებს.
ორგანიზაციებს, პირველი აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე, ერთი თვე აქვთ იმისთვის, რომ უცხოური ინტერესების გამტარებლის სტატუსით რეესტრში დარეგისტრირდნენ.
ნაბიჯი ორი - ვებგვერდზე დაშვება
რეესტრში რეგისტრაციის მსურველმა განცხადებაში უნდა მიუთითოს ორგანიზაციის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საკონტაქტო ინფორმაცია: მობილურის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
„განცხადების წარმდგენი პასუხისმგებლობას იღებს, რომ მითითებული ინფორმაცია ნამდვილად ორგანიზაციის წარმომადგენელს ეკუთვნის და მისი გამოყენების უფლება აქვს”, - დაზუსტებულია ბრძანებაში.
განცხადებაში მითითებული საკონტაქტო ნომრის ნამდვილობას საჯარო რეესტრი ვერიფიკაციის კოდის გაგზავნით ამოწმებს. ნომრის ნამდვილობის დადასტურების შემდეგ, ორგანიზაციის წარმომადგენელს საჯარო რეესტრი უგზავნის ინფორმაციას და ბმულს, რომელიც მას საშუალებას აძლევს შევიდეს ელექტრონულ სისტემაში და ფინანსური დეკლარაციის შევსება დაიწყოს. ეს ინფორმაცია მოიცავს: აქტივაციის კოდს, მომხმარებლის სახელსა და პაროლს.
არ შეიძლება მომხმარებლის სახელისა და პაროლის სხვისთვის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში „დამდგარ სამართლებრივ შედეგებზე პასუხისმგებელია სუბიექტის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი”, - ნათქვამია ბრძანებაში. პასუხისმგებლობის ფორმა დაზუსტებული არ არის.
თუ ორგანიზაციამ შეცვალა ფინანსური დეკლარაციის შევსებაზე პასუხისმგებელი პირი, მას რეესტრზე წვდომა ავტომატურად შეუწყდება. ერთჯერადი ვერიფიკაციის საფუძველზე, განახლებულ მონაცემებს კი („მომხმარებლის პაროლი“) ახალ ხელმძღვანელს გაუგზავნიან.
რეესტრში გვერდის მართვის უფლება კომპანიის მხოლოდ ერთ უფლებამოსილ პირს აქვს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია რეგისტრაციის მსურველს მიმართვიდან 2 სამუშაო დღეში მისცეს წვდომა ვებგვერდზე. მას კი 10 სამუშაო დღე აქვს განაცხადის შესავსებად და სავალდებულო ფინანსური დოკუმენტაციის ასატვირთად.
ნაბიჯი სამი - საფინანსო დეკლარაციის მომზადება
რეგისტრაციის მსურველი ფინანსურ დეკლარაციაში წერს უამრავ დეტალს, მათ შორის:
- ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
- ადგილსამყოფლის მისამართს;
- ვებგვერდის მისამართს;
- ინფორმაციას წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის წყაროს, ოდენობისა და მიზნის შესახებ;
- ინფორმაციას წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებ;
- წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავალის რამდენი პროცენტის წყაროა უცხოური ძალა;
- წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავალის რამდენი პროცენტის წყაროა უცხოური ძალა.
იუსტიციის მინისტრის ბრძანებას ახლავს ფინანსური დეკლარაციის „შაბლონი“, რომელიც 12 ნაწილად იყოფა, თითოეული მათგანი ორგანიზაციებისგან სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოპოვებას ისახავს მიზნად.
ამ დანართის მიხედვით, ორგანიზაცია ვალდებულია, მიუთითოს:
- შემოსავლის ტიპი - ფულადი თანხა, უძრავი ნივთი, მოძრავი ნივთი;
- გარიგების ტიპი - გრანტი, კრედიტი, შემოწირულობა, საწევრო, ნასყიდობა, ჩუქება;
- უცხოური ვალუტით შემოსავლის მიღების შემთხვევაში მიეთითება თანხა ან საბაზრო ფასი, ასევე შემოსავლის მიღების დღის გაცვლითი კურსი;
- შემოსავლის მიღების მიზანი;
- შემოსავლის წყაროს დასახელება, პირადი და საიდენტიფიკაციო ნომრით;
- შემოსავლის წყაროს ქვეყანა.
- დეტალურად უნდა დაიწეროს რა სახის შემოსავალი მიიღო ორგანიზაციამ და ვისგან, ხომ არ არ არის ეს:
- უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
- ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
- იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული;
- ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კავშირი,) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.
თუ შემოსავლის ნაწილის წყარო უცხოური ძალა არაა, მიეთითება „შემოსავლის წყარო არ არის უცხოური ძალა“.
დეკლარაციაში დეტალურად უნდა გაიწეროს შემოსავლის სახით მიღებული უძრავი და მოძრავი ნივთის შესახებ ინფორმაცია (საკადასტრო კოდი, მისამართი, ფართობი, ნივთის ტიპი, მწარმოებელი სპეციფიკაციები).
განმცხადებელი ვალდებულია დეტალურად აღნუსხოს ხელფასები, პრემიები და მივლინებების ხარჯები, ქვეყნის გარეთ თუ შიგნით;
აღწეროს საკანცელარიო ნივთები, ავეჯი, საოფისე ტექნიკა, კომუნალური ხარჯები, იჯარის ღირებულება ამ პირობით აღებული შენობის მახასიათებლები, რემონტის ხარჯი, საბანკო ვალდებულებები, სესხის პირობები და სხვა ბევრი დეტალი.
ნაბიჯი ოთხი - რეესტრში რეგისტრაცია
ბრძანებაში წერია, რომ რეესტრმა 30 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა შეისწავლოს და გამოიკვლიოს წარდგენილი ინფორმაცია, დადებითი დასკვნის შემთხვევაში დაარეგისტრიროს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ და აღრიცხოს ასეთი ორგანიზაციების რეესტრში.
არასწორად ან არასრულყოფილად შევსებული დეკლარაციის ავტორს ხარვეზების შესწორებისთვის 10 სამუშაო დღე ექნება, რის შემდეგაც სააგენტოს 5 სამუშაო დღე აქვს იმისთვის, რომ ორგანიზაცია რეესტრში შეიყვანოს.
ე.წ. „აგენტების რეესტრი“ საჯაროა. ორგანიზაციების ფინანსური დეკლარაციების ნახვა ყველას შეეძლება.
საჯარო რეესტრის ცხელ ხაზზე რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „რეესტრის ბმული ჯერ არ არსებობს“.
რეგისტრაცია სავალდებულო იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ონლაინმედიის დიდი ნაწილისთვის. მათ კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებად“ დაინახავს.
რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც წინა კალენდარული წლის მონაცემების მიხედვით აღარ აკმაყოფილებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, უფლება აქვს, რეესტრიდან წაშლა მოითხოვოს.
სააგენტო ვალდებულია ის რეესტრიდან დაუყოვნებლივ ამორიცხოს. გადაწყვეტილება საჯაროა და ქვეყნდება ვებგვერდზე.
ნაბიჯი ხუთი - მონიტორინგი
ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, იუსტიციის სამინისტრო მონიტორინგს იწყებს. აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ უცხოური ინტერესის გამტარებელს 25 000 ლარითაც დააჯარიმებს და უცხოური ინტერესების გამტარად მისი ნების მიუხედავად დაარეგისტრირებს.
მონიტორინგის წესებს ბრძანების მეშვიდე მუხლი ადგენს, სადაც წერია, რომ სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, „ნებისმიერ დროს განახორციელოს მონიტორინგი − საკითხის სათანადო გამოკვლევა და შესწავლა“.
ბრძანების თანახმად, მონიტორინგის დაწყების საფუძველია:
- სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება;
- სამინისტროსთვის იუსტიციის სახლის მეშვეობით წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას.
სამინისტროს უფლებამოსილი პირი, სააგენტოს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის უფროსია. იუსტიციის სამინისტროს ჯერ არ უთქვამს, ვინ დაინიშნა ამ თანამდებობაზე.
ფინანსური დეკლარირების ახლად შექმნილი დეპარტამენტი, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის 29 ივლისის ბრძანებით, საჯარო რეესტრის ბაზაზე პირველი აგვისტოდან დაიწყებს ფუნქციონირებას.
ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის ერთეულებია:
- რეგისტრაციისა და
- დეკლარირების მონიტორინგის სამსახურები;
ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის ფუნქციაა:
- აწარმოოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი და გაასაჯაროოს ის;
- მხარი დაუჭიროს სამინისტროს უფლებამოსილ პირს მის საქმიანობაში;
- მოამზადოს კორესპონდენციები და პასუხი გასცეს მათ;
- შეიმუშაოს სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული და ტექნიკური ხასიათის წინადადებები;
- მოამზადოს დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიში.
ერთი და იგივე ორგანიზაცია მაქსიმუმ ექვს თვეში ერთხელ შეიძლება შემოწმდეს.
მონიტორინგის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ორგანიზაციას უგზავნის წერილობით შეტყობინებას. წერილობითი შეტყობინება უნდა მოიცავდეს:
ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებასა და მისამართს, რომელიც აწარმოებს მონიტორინგს;
ბ) მონიტორინგის დაწყების თარიღსა და გადაწყვეტილების ნომერს;
გ) მონიტორინგის საგნისა და შინაარსის მოკლე აღწერას;
დ) მოთხოვნას ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულების თაობაზე იმის დასადგენად, აკმაყოფილებს თუ არა სუბიექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის კანონით დადგენილ კრიტერიუმებს.
მონიტორინგის დაწყების შესახებ სასამართლო უწყება უნდა გამოიცეს, რომელიც ორგანიზაციას გაეგზავნება.
სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირს შეუძლია მონიტორინგის პროცესში ინფორმაცია და დოკუმენტები სხვა ნებისმიერი ორგანიზაციისგან და აამიანისგან მოითხოვოს.
თუ მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ორგანიზაცია აკმაყოფილებს კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო მას რეესტრში თავად არეგისტრირებს. ამ შემთხვევაში ორგანიზაცია ვალდებულია 10 სამუშაო დღეში შეავსოს და განაცხადი წარუდგინოს რეესტრს.
ნაბიჯი ექვსი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე გამოძიების დაწყება
იძულებითი რეგისტრაციის პარალელურად, „კანონის დამრღვევის“ აღმოჩენისთანავე იწყება სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის შესაბამისად. სამართალდარღვევის ოქმს გამოსცემს საჯარო რეესტრი. იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ე.წ. „აგენტების“ რეესტრში დარეგისტრირებაზე უარს აცხადებენ, 25 000 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული. სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ორგანიზაციების 30 დღე აქვთ ჯარიმის გადასახდელად. ვადის დარღვევის შემთხვევაში კი იძულებითი აღსრულება იწყება.
ჯარიმის სასამართლოში გასაჩივრება აღსრულების პროცესს არ აჩერებს.