ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა საქართველოს მთავრობას დახმარებას უჩერებს


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას უჩერებს.

"23 მაისს საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, გამოვაცხადე შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ. ამ გადახედვის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატები აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას, რითაც პირდაპირ სარგებლობს საქართველოს ხელისუფლება", - ვკითხულობთ ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მმართველი გუნდის ქმედებები არ შეესაბამება იმ ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების ნორმებს, რომლებში გაწევრიანებაც ქვეყანას სურს:

"საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ყალბი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს. სანამ ჩვენ მისივე ნაბიჯების გამო ვაჩერებთ საქართველოს მთავრობისადმი დახმარებას, ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს იმ პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებიც ეხმარება საქართველოს ხალხის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიის და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებას", - ამბობს სახელმწიფო მდივანი და აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში ამერიკამ საქართველოს მილიარდობით დოლარის დახმარება გაუწია.

"ჩვენს ორ ქვეყანასა და ჩვენს მოქალაქეებს შორის 32 წელზე მეტი ხნის მეგობრობისა და პარტნიორობის განმავლობაში, შეერთებული შტატების მოსახლეობამ საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და გაძლიერების საქმეში წვლილი 6.2 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებით შეიტანა. ჩვენი მხარდაჭერა ეხმარებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სანაპირო დაცვის აღჭურვასა და წვრთნას, სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობას, მასწავლებლების, საჯარო მოხელეებისა და სამედიცინო პერსონალის გადამზადებას. ჩვენ ქართველი ხალხისა და მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ერთგულნი ვრჩებით", - წერს ენტონი ბლინკენი ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG