ამერიკის კონგრესში, საქართველოსა და მოლდოვასთან დაკავშირებით, სამსაბათს, 23 ივლისს, მოსმენა მიმდინარეობდა. ამერიკელი კანონმდებლები სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს უსმენდნენ, რათა განსაზღვრონ რა პოლიტიკა უნდა გატარდეს საქართველოსადმი, რომლის ხელისუფლებამაც, როგორც თავად ამბობენ, ქვეყანა დემოკრატიულ გზას დააშორა.
იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები თავიანთ ქმედებებს გადახედავენ, დააბრუნებენ საქართველოს თავის დემოკრატიულ გზაზე და შეასრულებენ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.
მოსმენა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, სადაც მოწმეების სახით იკითხებოდნენ ჯოშუა ჰაკი და კრისტოფერ სმიტი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროდან და ასევე ალექსანდრ სოკოლოვსკი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროდან.
ჯოშუა ჰაკიმ თქვა, რომ ამერიკის სახელწმიფო დეპარტამენტი ახლოს აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
“ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ მკვეთრად გადაუხვია წარსულში არსებული დემოკრატიული გზიდან, რითაც ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენი [საქართველო-ამერიკის] ორმხრივი ურთიერთობები რისკის ქვეშ დააყენა”, თქვა ჰაკიმ.
საქართველოს ოქტომბრის არჩევნების წინ, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადახედვის მიზნით დანიშნულ შეხვედრაზე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი “უცხოეთის გამჭვირვალობის გავლენის კანონს”.
“მათ [საქართველოს მთავრობამ] მიღეს ანტიდემოკრატიული კანონი, მოახდინეს სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება, დაუშვეს ძალადობის ესკალაცია და დაშინება სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის წარმომადგენლების მისამართით და გაავრცელეს დეზინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორებისადმი, რომლებიც ათწლეულებია მხარს უჭერენ საქართველოს”,- ამბობს ჯოშუა ჰაკი.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროდან დეტალურად ისაუბრა იმ შეზღუდვებზე, რაც გასული ბოლო თვეების განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობას დაუწესა. მან ასევე განმარტა, რომ ამერიკის უმაღლესი დონის თანამდებობის პირებმა პირადად განუმარტეს საქართველოს ხელისუფლებას, რა შედეგები მოჰყვება მათ ქმედებებს.
ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ მკვეთრად გადაუხვია წარსულში არსებული დემოკრატიული გზიდან, რითაც ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენი [საქართველო-ამერიკის] ორმხრივი ურთიერთობები რისკის ქვეშ დააყენა
მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკა მხარს უჭერს ევროკავშირის გადაწყვეტილებას გაყინოს 30 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება საქართველოსთვის. ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა თქვა, რომ პენტაგონი საქართველოსთან “ღირსეული პარტნიორის” სამხედრო წვრთნებს წყვეტდა.
მიუხედავად მწვავე კრიტიკისა, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან, თუკი მთავრობა შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს:
“იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები თავიანთ ქმედებებს გადახედავენ, დააბრუნებენ საქართველოს თავის დემოკრატიულ გზაზე და შეასრულებენ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ძალიან ნათლად ვუთხარით [საქართველოს] ხელისუფლებას, რომ საუკეთესო გზა დემოკრატიული პრინციპების ერთგულების გამოსახატად არის “უცხოეთის გავლენის კანონის” უკან გაწვევა, არადემოკრატიული კანონების შეწყვეტა და იმის გარანტირება, რომ წინასაარჩევნო პროცესი და ოქტომრბის საპარლამენტო არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება”,- განმარტავს ჰაკი.