ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანალიტიკოსები - რას ნიშნავს კონგრესში საქართველოს დემოკრატიულ გამოწვევებზე მსჯელობა?


კრიტიკულად მნიშვნელოვანი წელი საქართველოს მომავლისა და დემოკრატიული პროგრესისთვის - ასე აფასებენ ამერიკელი კანონმდებლები და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები მომდევნო რამდენიმე თვის მნიშვნელობას ქვეყნის დასავლური პერსპექტივისთვის.

"ჩემთვის ძალიან ძნელი გასაგებია, რატომ არ უსმენს საქართველოს მთავრობა ქართველ ხალხს, რომელსაც ნათელია, რომ არ სურს ის მიმართულება, საითაც ის მიდის“, - განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა სამშაბათს სენატში გამართული მოსმენისას. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო'ბრაიენმა კი თქვა, რომ ერთადერთი, ვინც საქართველოში განვითარებული მოვლენებით და პარტნიორებთან გართულებული ურთიერთობით კმაყოფილია, რუსეთია. საქართველოს მთავრობამ კი, მისი თქმით, უნდა გაიგოს, რომ ვაშინგტონში ორივე პარტიის წარმომადგენლების შეფასებით, ქვეყანა მცდარი მიმართულებით მიდის.

"საქართველო ითხოვს შეუერთდეს იმ კლუბებს, რომელთაგან ერთის წევრი ვართ, მეორე კი - ჩვენი მთავარი პარტნიორია. და ისინი ვერ შეცვლიან, ვერ გადაწერენ იმ წესებს, რომლებიც ამ კლუბებში გაწევრიანებისთვისაა საჭიროა“, - ამბობს ო'ბრაიენი.

კონგრესმენებმა გასულ კვირას წარმომადგენელთა პალატაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს შესახებ ბევრად მეტი ისაუბრეს და „ქართულ ოცნებას“ გაუმეორეს, რომ დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები და ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ წასვლა, უპასუხოდ არ დარჩება. მოქალაქეების იმ უმრავლესობას კი, ვისაც დასავლური მომავალი სურს, კანონმდებლები ჰპირდებიან, რომ ამ გზაზე მხარდაჭერის გარეშე არ მიატოვებენ.

ეს არის ერთგვარი გამოღვიძების პროცესის ნაწილი ამერიკის ოფიციალური პირების მხრიდან იმის თაობაზე, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, არ არის კარგი“,
- ლუკ კოფი

ვაშინგტონში რეგიონის მკვლევრები ფიქრობენ, რომ კონგრესში გამართული მოსმენა ძალიან პირდაპირი და ცალსახა გზავნილი იყო იმის შესახებ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებაზე, ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე ღიად საუბრობენ.

„კიდევ ერთი შეხსენება, რომ კონგრესის და ამერიკის მთავრობის ადმინისტრაციის შეფასებით, ივანიშვილს საქართველო მცდარი მიმართულებით მიჰყავს” - ასეთია ანალიტიკოსების შეფასება.

“ვფიქრობ, ეს მოსმენა საყურადღებო ღონისძიება იყო, დადებითი მოვლენა. აღსანიშნი, თუმცა არა გასაკვირი, რადგან უკვე დიდი ხანია კონგრესის ორივე პალატაში შეშფოთებულნი არიან “ქართული ოცნების” ავტორიტარული მოძრაობით“, - ამბობს „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი.

“ესაა განგრძობითი მაღალი დონის ყურადღება კონგრესში, ასევე, ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს მხარდაჭერით, ივანიშვილის საქართველოში პოლიტიკის დამაზიანებელი მიმართულებით ცვლილების თაობაზე... ეს კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ კონგრესი და ადმინისტრაცია ფიქრობენ, რომ ივანიშვილს საქართველო მცდარი მიმართულებით მიჰყავს“, - ამბობს ჰერბსტი.

„ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი კი მიიჩნევს, რომ განსხვავება საგრძნობია - რამდენად ირიბად საუბრობდნენ თვეების წინ ამერიკელი მაღალჩინოსნები და რამდენად პირდაპირ საუბრობენ ახლა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

„წარსულში, დაახლოებით 5-6 თვის წინაც კი, ამერიკელი ოფიციალური პირები საქართველოში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას ზოგ რამეს მხოლოდ შემოვლით ან ირიბად ამბობდნენ. ახლა კი, ეს ძალიან პირდაპირია და ეს დიდი განსხვავებაა“, - ამბობს კოფი. „ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროს მკვლევარს მიაჩნია, რომ ეს მოსმენა მხოლოდ ერთ-ერთი იყო იმ არაერთ ნაბიჯს შორის, რაც საქართველოს დასავლელმა მეგობრებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პასუხად გადადგეს და რომ მისი დროულობა საყურადღებოა.

მჯერა, ამ ეტაპზე ივანიშვილი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მართვადია და ამიტომ, თავისი და თავისი დაჯგუფების ძალაუფლებაში დარჩენას აშშ-სთან გაუმჯობესებულ ურთიერთობაზე მაღლა დააყენებს. ეს გათვლა კი შეიძლება შეიცვალოს, თუკი ჩვენი და ევროპელი პარტნიორების ნაბიჯები მათთვის უფრო მტკივნეული გახდება",
- ჯონ ჰერბსტი

„საქართველოში მიღებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ზომების მიღების თუ სანქცირების თაობაზე, კონგრესის ორივე პალატაში საკანონმდებლო ინიციატივებია წარდგენილი. ამავე დროს, ევროკავშირი, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოსთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს არ იწყებს. ნატოს სამიტის დეკლარაციაში კი, 2008 წლის შემდეგ, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები პირველად წაიშალა. ახლა კი ეს მოსმენა გაიმართა. ვფიქრობ, ეს არის ერთგვარი გამოღვიძების პროცესის ნაწილი ამერიკის ოფიციალური პირების მხრიდან იმის თაობაზე, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, არ არის კარგი“, - ამბობს კოფი.

საქართველოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 1 კვირით ადრე მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, ევროკავშირის წევრობის თაობაზე რეფერენდუმთან ერთად. ეს პირველი კენჭისყრაა მას შემდეგ, რაც ბლოკმა კიშინევთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. კონგრესში გამართულ მოსმენაზე მოლდოვა და საქართველო რამდენჯერმე შეადარეს ერთმანეთს, როგორც რუსეთის რადარზე მყოფი ორი ქვეყანა, რომელთაგან ერთი ახლა დასავლეთის მიმართულებით მიდის, მეორე კი - მას შორდება. ლუკ კოფი ამბობს, რომ ამ ორი ქვეყნის ერთად განხილვაც საგულისხმოა.

„ჩემთვის მთავარი გზავნილი ის იყო, რომ დრო შეიცვალა და ორი ქვეყანა - საქართველო და მოლდოვა, რომლებიც ევროპული ინტეგრაციის საკითხის მიხედვით სხვადასხვა საწყის პოზიციაზე იყვნენ, ახლაც განსხვავებულ ეტაპებზე არიან, რადგან მოლდოვა ახლა, როგორც ჩანს, ევროპულ ინტეგრაციასთან უფრო ახლოსაა, საქართველო კი - უფრო შორს“, - ამბობს კოფი.

რამდენიმე კვირის წინ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თბილისში ხელისუფლების ცვლილებას გეგმავს, რასაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მალევე უწოდა „აბსურდი“. Პრეს-სპიკერმა მილერმა თქვა, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა რუსეთი ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში ჩართულობასთან დაკავშირებით მსგავს ბრალდებებს გამოთქვამს, რაც “სრულებით მცდარი, აბსურდული და ასევე ირონიულია”, რადგან რუსეთს ამ განცხადებების პარალელურად საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული.

გასულ შემოდგომაზე, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებმა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებისა დ მთავრობის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულეს. მმართველი გუნდის არაერთი წარმომადგენელი ამბობს, დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. 29 აპრილს გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ უცხოეთიდან მიღებული დახმარება „სინამდვილეში, თითქმის მთლიანად, აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვენას ხმარდება... არ არსებობს საკუთარი ქვეყნის იმაზე დიდი მტერი, ვიდრე უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილი ფსევდო-ელიტა“.

ის, რომ ამერიკას და სხვა დასავლელ პარტნიორებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ქვეყნის ომში ჩათრევის ან მთავრობის დამხობის მცდელობაში, ან ამასთან რაიმე კავშირში ადანაშაულებენ, ვაშინგტონში ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, უკვე არის „რუსეთის ჩარევის მაგალითი“.

„ეს ძველი, ნაცნობი რიტორიკაა. რომ თითქოს არსებობს რაღაც გლობალური ომის პარტია. დიახ, გლობალური ომის პარტია არსებობს, მას რუსეთი ჰქვია. ისინი იჭრებიან მეზობელ ქვეყნებში და მათ ოკუპაციას ახდენენ. მათ შორის, საქართველოში... როცა წამყვანი ქართველი პოლიტიკოსებისგან და მთავრობის ოფიციალური პირებისგან გესმის მოსაზრება, თითქოს ამერიკა აპირებს რევოლუციის ან მთავრობის ცვლილების ორგანიზებას, ეს რუსული დეზინფორმაციაა, ეს უკვე არის რუსული გავლენა საქართველოს შიდა საქმეებზე“, - ამბობს კოფი და დასძენს, რომ ამერიკის დადანაშაულება საქართველოში, უკრაინაში თუ სხვა ქვეყნებში მომხდარ რევოლუციებში, ახალი ნარატივი არაა და აქამდეც ხშირად მოუსმენია, თუმცა ეს მისთვის არასერიოზულია, რადგან ამერიკას არც შეუძლია და არც სურს ამის გაკეთება. „ოქტომბერი მნიშვნელოვანი თვე იქნება ქართველი ხალხისთვის. ის გადაწყვეტს, რა შედეგით სურს დასრულდეს არჩევნები“, - ხსნის კოფი.

„ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორს კი მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის არაერთმა ინიციატივამ თუ ნაბიჯმა კრემლს ასიამოვნა და არ გაუკვირდებოდა, თუ ზოგიერთი ამ ინიციატივის, მათ შორის ომში ჩათრევაში დასავლეთის დადანაშაულების თაობაზე ნარატივი, სინამდვილეში, გარკვეული თანამშრომლობის შედეგია. თუმცა ამბობს, რომ კრემლის „პოლიტტექნოლოგიები“ და მცდელობები ძალიან ადვილად პროგნოზირებადია, უკრაინის 2004 წლის მაგალითი კი - მისი წარუმატებლობის კარგი მტკიცებულება.

„თუმცა, სიმართლე ისაა, რომ ივანიშვილმა, თავის მხრივ, შექმნა რეპრესიული აპარატი, რომელიც არ იყო წარუმატებელი - ოპოზიციისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებაში იქნება ეს პოლიტიკაში, თუ მის საზღვრებს მიღმა. რათა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს“, - ამბობს ჰერბსტი.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ჯოშუა ჰაკმა კონგრესში გამართული მოსმენისას იმედი გამოთქვა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, კვლავ არსებობს სიტუაციის შემობრუნების სივრცე და შესაძლებლობა. ჯონ ჰერბსტის აზრით კი, ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუკი ივანიშვილის გუნდი იგრძნობს, რომ მათ ქმედებაზე საპასუხო ზომები საკმარისად მტკივნეულია.

“თუკი თბილისში მთავრობის მიერ გადადგმული ავტორიტარული ნაბიჯები, ზოგიერთი მათგანი მაინც, ხვალ მიმართულებას შეიცვლის, გაუმჯობესება მოხდება, მჯერა, რომ კონგრესიც და ადმინისტრაციაც ამგვარ ნაბიჯებს მიესალმება და შეაქებს. ჩემი აღქმით, ივანიშვილსა და მის უახლოეს დაქვემდებარებულ პირებს კვლავ სჯერათ, რომ შეუძლიათ ამ ავტორიტარული ნაბიჯების გაგრძელება და ამერიკა არ უპასუხებს. ახლა ისინი ხედავენ ამ პასუხის დასაწყისს”, - განმარტავს ჰერბსტი და დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილმა უნდა გაარკვიოს, შეუძლია ამ [ვითარების] მართვა თუ - არა:

“მჯერა, ამ ეტაპზე ის ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მართვადია და ამიტომ, ის თავისი და თავისი დაჯგუფების ძალაუფლებაში დარჩენას, ამერიკასთან გაუმჯობესებულ ურთიერთობაზე მაღლა დააყენებს. ეს გათვლა კი შეიძლება შეიცვალოს, თუკი ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ და ჩვენი ევროპელი პარტნიორები გადავდგამთ, უფრო მტკივნეული გახდება და უფრო ახლოს დაარტყამს ივანიშვილს დაქვემდებარებულების უფრო მოწყვლად ადგილებს. და საბოლოოდ კი იმის მიხედვით, თუ როგორი რეაქცია ექნება ქართველ ხალხს”, - ამბობს “ატლანტიკური საბჭოს” ევრაზიის ცენტრის დირექტორი.

ამერიკის კონგრესის ორივე პალატაში, საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ინიციატივებია წარდგენილი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG