„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა აწუხებს ქართველ ხალხს და ნათელია, რომ ახლანდელ მმართველ პარტიას ის სხვა მიმართულებით მიჰყავს“, - ამბობს კონგრესმენი ბილ კიტინგი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში. წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტში გამართული მოსმენის შემდეგ დემოკრატი კონგრესმენი აცხადებს, რომ სურს, ქართველმა ხალხმა იცოდეს, ამერიკა განაგრძობს მისი ნების მხარდაჭერას.
„ჩვენ არ დავშორდებით ქართველი ხალხის ნებას. მაგრამ ჩვენ დავაწესებთ სანქციებს და მივიღებთ სხვა ზომებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც ქართველი ხალხი სხვა მიმართულებით, რუსეთის მიმართულებით მიჰყავს, ასეთ კრიტიკულ დროს, როდესაც უკრაინაში მისი უკანონო ომი ასეთ განადგურებას იწვევს“, - ამბობს კონგრესმენი კიტინგი.
ეს უნდა იყოს გზავნილი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ყურადღებით ვართ, და ვაკვირდებით, როგორ მუშაობს ეკონომიკა, ბიზნესი, როგორ ტარდება არჩევნები და უზრუნველყოფილია თუ არა, რომ ხალხის ხმა ისმოდეს",- ბილ ჰაიზინგა
კონგრესში 23 ივლისს სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის - „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ მაღალჩინოსნებს მოუსმინეს იმის შესახებ თუ როგორია ან როგორი უნდა იყოს ამერიკის პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვის მიმართ - ქვეყნების, რომლებშიც ოქტომბერში მნიშვნელოვანი არჩევნები უნდა გაიმართოს.
"საქართველო ამერიკის კარგი პარტნიორია, მაგრამ რთულ სამეზობლოში", - ამბობს დინა ტაიტუსი, დემოკრატი კონგრესმენი ნევადიდან და დასძენს, რომ ამერიკა ქვეყანას დემოკრატიისკენ სვლაში უნდა დაეხმაროს, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სწორედ საპარლამენტო არჩევნები იქნება:
"უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, როგორ ჩატარდება არჩევნები ამ შემოდგომაზე. როგორც ჩანს, ხალხი ნამდვილად ერთ რამეს ამბობს, "ქართული ოცნება" კი - რაღაც სხვას. ვნახოთ როგორ შეძლებენ ისინი საერთო ენის გამონახვას", - უთხრა დემოკრატმა კონგრესმენმა "ამერიკის ხმას" საჯარო მოსმენის დასრულების შემდეგ.
ევროპის ქვეკომიტეტის მოსმენაზე სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, ჯოშუა ჰაკმა ისაუბრა "ქართული ოცნების" იმ ნაბიჯებზე, რომელთა გამოც მისი თქმით, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა გადაწყვიტა.
ხალხი ნამდვილად ერთ რამეს ამბობს, "ქართული ოცნება" კი - რაღაც სხვას. ვნახოთ როგორ შეძლებენ ისინი საერთო ენის გამონახვას",- დინა ტაიტუსი
საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონის კრიტიკის პასუხად აქამდე აცხადებდა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი დასავლური კანონმდებლობის ანალოგია და ის არ გამოიწვევს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხებას. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანონის მიღების მიზანი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა და რომ დასავლელი მეგობრების კრიტიკა გაუგებარი, დაუსაბუთებელი და დასანანია.
"ჩვენ ძალიან ნათლად ვუთხარით [საქართველოს] ხელისუფლებას, რომ საუკეთესო გზა დემოკრატიული პრინციპების ერთგულების გამოსახატად არის “უცხოეთის გავლენის კანონის” უკან გაწვევა, არადემოკრატიული კანონების შეწყვეტა და იმის გარანტირება, რომ წინასაარჩევნო პროცესი და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება”, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ჯოშუა ჰაკი.
კონგრესში გამართული მოსმენისას თბილისის ქმედებები არაერთხელ შეადარეს კიშინევის გადაწყვეტილებებს და თქვეს, რომ მაშინ, როცა მოლდოვა დასავლეთისკენ მიიწევს, საქართველოს მმართველი გუნდის ნაბიჯები მისი მიზნების თაობაზე შეშფოთებას აჩენს. ამერიკელ თუ ევროპელ მეგობრებზე თავდასხმა და რუსული მმართველობის სტილის გადაწყვეტილებები კი ვაშინგტონისგან უპასუხოდ არ დარჩება.
მოლდოვაში, საქართველოს საპარალამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ეს პირველი არჩევნებია მას შემდეგ, რაც პროდასავლური მთავრობის და პრეზიდენტის ძალისხმევით, ქვეყანას ევროკავშირმა წევრობის თაობაზე მოლაპარაკებები გაუხსნა. რუსეთი კი, მთავრობის მტკიცებით, აგრძელებს სხვადასხვა ჰიბრიდული მეთოდის გამოყენებას იმისთვის, რომ პროდასავლურ მთავრობას ძირი გამოუთხაროს.
"[საქართველოს ხელისუფლებამ] უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით [პროცესებს]" - ასე პასუხობს რესპუბლიკელი კონგრესმენი მიჩიგანიდან ბილ ჰაიზინგა კითხვას - რა გზავნილი უნდა მიეღო ამ მოსმენის შემდეგ "ქართულ ოცნებას":
"ეს უნდა იყოს გზავნილი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ყურადღებით ვართ, და ვაკვირდებით, როგორ მუშაობს ეკონომიკა, ბიზნესი, როგორ ტარდება არჩევნები და უზრუნველყოფილია თუ არა, რომ ხალხის ხმა ისმოდეს", - ამბობს კონგრესმენი ჰაიზინგა, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკურ დერეფანში ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობასა და მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ჩინეთთან დაახლოების რისკებსაც ახსენებს.
ეს ძალიან საშიშია და ცხადია, მთავარი საფრთხე აქ საქართველოს არჩევნებში რუსეთის მავნე გავლენაა. ამაზე ჩვენ ჩვენს საკუთარი არჩევნებთან დაკავშირებითაც ვღელავთ",- მადელინ დინი
"სასწორზე დემოკრატია დევს", - ამბობს მადელინ დინი, დემოკრატი კონგრესმენი პენსილვანიის შტატიდან. კანონმდებელი განმარტავს, რომ ამერიკა და საქართველო ათწლეულებია თანამშრომლობენ, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება "უცხოეთის აგენტების კანონზე" და ხაზი გაუსვას იმ საშიშროებას, რასაც ის შეიცავს. კონგრესმენის თქმით, ამ მხრივ კი USAID-ის მნიშვნელობა მისი აზრით, კიდევ უფრო იზრდება, მით უფრო მაშინ, როდესაც აგვისტოდან, არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე, კანონი ამოქმედდება.
"ეს ძალიან საშიშია და ცხადია, მთავარი საფრთხე აქ საქართველოს არჩევნებში რუსეთის მავნე გავლენაა. ამაზე ჩვენ ჩვენს საკუთარი არჩევნებთან დაკავშირებითაც ვღელავთ", - ამბობს კონგრესმენი და დასძენს, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის სასწორზე მისი მომავალი დევს:
"მათი ბედისწერა, საით წავლენ, რა ინფორმაციას მიიღებენ, რას გადაწყვეტენ საკუთარი ბედ-იღბლის შესახებ, საკუთარი დემოკრატიისა და სუვერენიტეტის შესახებ. ამაზე მნიშვნელოვანი ვერაფერი იქნება", - ამბობს მადელინ დინი.
წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ წარდგენილ "მეგობარ აქტს" კენჭი 11 ივლისს უყარა და მის პალატაში სრულ კენჭისყრაზე გატანას დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საქართველოს პროდასავლური მომავლის მხარდაჭერას და მის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო შემზრუდავი ზომების დაწესებას გულისხმობს, ახლა 16 წარმდგენი კონგრესმენი ჰყავს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მას "არამეგობრულ აქტს" უწოდებენ. პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საჭიროა ორი ქვეყნის ურთიერთობების გადატვირთვა.