ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზეია: "დეზინფორმაციის გავრცელება აშშ-ის მიმართ, მხოლოდ ჩვენი მტრის ინტერესებს ემსახურება“


სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეზრა ზეია ირაკლი კობახიძეს ხვდება
სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეზრა ზეია ირაკლი კობახიძეს ხვდება

„ამერიკის შეერთებულ შტატებში უაღრესად შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და დეზინფორმაციით, რომელიც ვრცელდება მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას, აზიანებს ჩვენს პარტნიორობას და ადამიანის უფლებებს საქართველოში“ - ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც ვაშინგტონიდან თბილისში, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეზრა ზეიამ ჩამოიტანა.

ეზრა ზეია სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრის დროს
ეზრა ზეია სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრის დროს
„ე.წ უცხოური გავლენის კანონი აზიანებს ქართველ ხალხს და მათ შორის ძლიერ სამოქალაქო ორგანიზაციებს...საგანგაშოა ძალადობა და დაშინება სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების მიმართ. მეტიც, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ დეზინფორმაციის გავრცელება, მისი ერთგული და ხანგრძლივი პარტნიორის, მათ შორის, აშშ-ის მიმართ, მხოლოდ ჩვენი მტრების ინტერესებს ემსახურება“
ეზრა ზეია, სახელმწიფო მდივნის მოადგილე

ვიზიტის პირველ დღეს, ზეია სამოქალაქო საზოგადოების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, პარასკევს, „ოცნების“ პრემიერ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ კი ამერიკელმა დიპლომატმა მედიასთან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებში, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, ივანიშვილის მთავრობის მიერ, ე.წ რუსული კანონის მიღება რჩება.

„ე.წ უცხოური გავლენის კანონი აზიანებს ქართველ ხალხს და მათ შორის ძლიერ სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით, მხარს უჭერენ ჯანდაცვას, სკოლებს, განათლებას, სოფლის მეურნეობას, მედიას და მრავალ სხვა სფეროს. სწორედ ამის შედეგად შეაჩერა ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი, რაც საკმაოდ დიდი ძალისხმევის შედეგად მიიღწა.

ანალოგიურად საგანგაშოა ძალადობა და დაშინება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ოპოზიციური პარტიების მიმართ. მეტიც, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ დეზინფორმაციის გავრცელება, მისი ერთგული და ხანგრძლივი პარტნიორის მიმართ, მათ შორის, აშშ-ის მიმართ, მხოლოდ ჩვენი მტრების ინტერესებს ემსახურება“ - ბრძანა ამერიკელმა დიპლომატმა.

საქართველოს დედაქალაქში სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ორდღიანი ვიზიტის დროს ასევე შეხვდა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს, რომლებსაც ივანიშვილის ხელისუფლება „უცხოეთის აგენტებად“ აცხადებს.

ეზრა ზეია ჩავიდა ოკუპაციის ხაზთან, სოფელ წეროვანშიც, სადაც 2008 წელს, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, საკუთარი სახლებიდან გამოყრილი საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ.

„აშშ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ყველა ქართველმა კარგად იცის, რომ უკვე 16 წელია რუსეთი აგრძელებს საქართველოს 20% ოკუპაციას და არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.

ჩემი ვიზიტისას მქონდა შესაძლებლობა გამეცნო მამაცი ქართველი ქალები, რომლებსაც პუტინის აგრესიის შედეგად მოუხდათ საკუთარი სახლების დატოვება და გახდნენ დევნილები. მოვისმინე მათი ამბები, განცდები, ტანჯვა და ამავდროულად მათი სიმტკიცე. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და არ შეიცვლება: აშშ გააგრძელებს საქართველოს ასი ათასობით დევნილი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების მხარდაჭერას“ - აღნიშნა ზეიამ.

შეხვედრა წეროვანში, რუსეთის მიერ ოკუპირებული შიდა ქართლიდან დევნილ ქალებთან
შეხვედრა წეროვანში, რუსეთის მიერ ოკუპირებული შიდა ქართლიდან დევნილ ქალებთან

სახელმწიფო მდივნის მოადგილის მესამე გზავნილი, 2024 წლის 26 ოქტომბრის უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებს შეეხებოდა. ზეიამ შეხვედრები გამართა, როგორც იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ოქტომბერში არჩევნებს უნდა დააკვირდნენ, ისე ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებთან.

„მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ-ის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, მათი პოზიცი არის, რომ ისინი ყველანაირად ეცდებიან მხარი დაუჭირონ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას“
ნინო დოლიძე, სამართლიანი არჩევნები

„აშშ რომელიმე კონკრეტულ პარტიას მხარს არ უჭერს, თუმცა, ნამდვილად გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ ნამდვილ, კონკურენტუნარიან პოლიტიკურ პროცესს. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და აირჩიონ თავიანთი წარმომადგენლები, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების შედეგად, რომელიც არის თავისუფალი ძალადობის, მუქარისა და დაშინებისგან და ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უფლებას.

და ბოლოს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის აუცილებელია ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ არჩევნებზე შეუფერხებლად დაკვირვება. საქართველოს აქვს საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიცია გამოცდილი და სანდო ადგილობრივი დამკვირვებლებისა, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ დაეხმარონ დემოკრატიული პროცესის სანდოობას“ - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

ზეიამ „ოცნებას“ მკაფიოდ მოუწოდა შეწყვიტოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებზე ფიზიკური ძალადობა და მუქარა, ასევე სასწრაფოდ გამოიძიოს თავდასხმის ფაქტები და დასაჯოს მოძალადეები. „ნებისმიერი ტიპის ძალადობა უნდა დაიგმოს და უნდა იქნას გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ“ - ხაზი გასუვა მან.

„სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ-ის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების და იმ საქმიანობის მიმართ, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში, ქვეყანაში ვახორციელებთ ანუ დემოკრატიის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერა.

მათი პოზიციაა რომ ისინი ყველანაირად ეცდებიან მხარი დაუჭირონ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას“ - განაცხადა ნინო დოლიძემ, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" თავმჯდომარემ, რომელიც ერთ-ერთი იყო, რომელიც მესამე სექტორიდან ზეიას თბილისში შეხვდა.

„ჩვენი წუხილია, რომ აშშ-ის ბიუჯეტიდან საქართველოში თანხები იხარჯებოდეს გამჭვირვალედ; და მეორე, ამერიკის ხელისუფლებამ გააკონტროლოს, რომ ეს ფული არ წავიდეს პოლიტიკური პარტიების და რადიკალების ყულაბაში"
შალვა პაპუაშვილი, სპიკერი, "ოცნება"

ეზრა ზეიას „ოცნებიდან“ მხოლოდ სამი ქალი დეპუტატი შეახვედრეს, ერთ-ერთმა მათგანმა მარიამ ლაშხმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე აშშ-ის მხრიდან დაწესებულ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა, მესამე სექტორთან, დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ დაადასტურა, რომ სულ მცირე 30 საჯარო პირს ეცნობა, აშშ-ის მხრიდან სავიზო შეზღუდვის დაწესების შესახებ.

პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი ზეიას არ შეხვედრია, მან გააგრძელა ანტიამერიკული რიტორიკა და შტატები კვლავ „ოპოზიციური პარტიების და რადიკალების დაფინანსებაში“ დაადანაშაულა.

„ჩვენი წუხილია, რომ აშშ-ის ბიუჯეტიდან საქართველოში თანხები იხარჯებოდეს გამჭვირვალედ; და მეორე, ამერიკის ხელისუფლებამ გააკონტროლოს, რომ ეს ფული არ წავიდეს პოლიტიკური პარტიების ყულაბაში, არ წავიდეს რადიკალური ჯგუფების ყულაბაში, რაც, სამწუხაროდ, დღეს სხვადასხვა ფაქტიდან ვიცით, რომ ხდება“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პრემიერმა კობახიძემ სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ X-ზე დაწერა, რომ შეხვედრაზე “ხაზი გავუსვით ორმხრივი პარტნიორობის განახლების და გაუმჯობესების აუცილებლობას, რათა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობით სარგებელი მივიღოთ“.

თბილისში, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეზრა ზეიას ვიზიტი, ამერიკულ-ქართული ურთიერთობების უკიდურესი გაცივების ფონზე მიმდინარეობდა.

ვიზიტის დაწყების დღეს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის საპასუხოდ, „მეგობარი აქტი“ მიიღო. მანამდე, პენტაგონმა გაურკვეველი დროით გადადო ყოველწლიური სამხედრო წვრთნები - „ღირსეული პარტნიორი“. პარალელურად, ევროკავშირმა გაყინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი დახმარების მრავალმილიონიანი პაკეტი,

აშშ-ის გარდა, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გადახედვა დაიწყეს საფრანგეთმა და გერმანიამ. ექსპერტების აზრით, ეს ასიმეტრიული არის პასუხი ოლიგარქ ივანიშვილის ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ პოლიტიკაზე.

"ოცნებამ" ზეიას სამი ქალი დეპუტატი შეახვედრა
"ოცნებამ" ზეიას სამი ქალი დეპუტატი შეახვედრა

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG