ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"აბსურდული" - ვაშინგტონი საქართველოს შესახებ რუსეთის დაზვერვის ბრალდებაზე


ამერიკის სახელწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე რუსეთის საგარეო დაზვერვის დღევანდელ განცხადებაზე ისაუბრა, რომლითაც მოსკოვი მტკიცებულებების გარეშე ადანაშაულებდა შეერთებულ შტატებს იმაში, თითქოს ვაშინგტონი თბილისში ხელისუფლების ცვლილებას გეგმავს.

"ეს სრულიად მცდარია. ვფიქრობ, სრულიად აშკარაა, რომ ეს არის სრულებით მცდარი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი წარადგენს მსგავს ბრალდებებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ამერიკის ჩართულობასთან დაკავშირებით, რაც სრულიად მცდარი და აბსურდულია. და მე უბრალოდ აღვნიშნავ ამ ქვეყნის, რუსეთის ირონიას, რომელსაც ახლა, ჩვენი საუბრისას, უკანონოდ აქვს ოკუპირებული საქართველოს 20 პროცენტი, და ამ აბსურდულ ბრალდებებს აყენებს სხვა ქვეყნის მიმართ", - თქვა მან.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურომ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია იმაზე, თითქოს, ვაშინგტონი საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას გეგმავს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში შესაბამისი გეგმა უკვე არსებობს.

“საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მიღებული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ვაშინგტონს გადაწყვეტილი აქვს მიაღწიოს ძალაუფლების შეცვლას საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე შეიმუშავა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციისთვის”, - ნათქვამია რუსეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთს არცერთი მტკიცებულებაარ წარუდგენია ამ განცხადების გასამყარებლად. განცხადება კი 9 ივლისს გამოქვეყნდა, ნატოს სამიტის პირველ დღეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG