ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰანო პევკური: "საით მიდის გვირაბი, რომლის ბოლოსაც საქართველოსთვის სინათლეა?"


ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ამჯერად 32 წევრით დაბადების ადგილას, ამერიკის დედაქალაქში დაბრუნდა. ნატო ამბობს, რომ რუსეთი ალიანსის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ რჩება, საქართველო კი - პირველი ქვეყანა, რომლის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიც პუტინის რუსეთის ჯარმა დაარღვია, სამიტის ფარგლებში თითქმის არ უხსენებიათ. ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია აღარ იმეორებს დაპირებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, თუნდაც პოლიტიკური, დემოკრატიული თუ თავდაცვის რეფორმების გატარების შემდეგ. ზოგი ამას ძველ წლებთან შედარებით, მისი სიმცირით და სხვა პრიორიტეტებით ხსნის. თუმცა ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ეს მმართველი გუნდის ნაბიჯების შედეგია. "ეს პროცესი ევროპულ მხარეს არ დაუწყია, ის ქართულმა მხარემ "აგენტების კანონის" მიღებით დაიწყო", - ამბობს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჰანო პევკური. მინისტრს ვაშინგტონში ვიზიტისას ვესაუბრეთ:

- საქართველო ნატოს ვაშინგტონის სამიტის დღის წესრიგში არ ყოფილა და საჯარო ტრიბუნებიდან არაფერი მოგვისმენია ქვეყნის შესახებ. არის საქართველო და მისი გაწევრიანება ამ ეტაპზე თქვენი დისკუსიების ნაწილი?

- ამ ეტაპზე მთავარი ფოკუსი უკრაინაზეა და ცხადია, ყველას გვესმის, რატომაა ეს ასე. იქ სრულმასშტაბიანი ომია, რომელიც დაახლოებით 900 დღეა გრძელდება. ყოველდღე ათეულობით, ასეულობით, ზოგჯერ ათასობით ადამიანიც კი იღუპება და ეს უდიდესი ტრაგედიაა, რომელიც ზოგჯერ გვავიწყდება. ტრაგედიაა ერთი ქვეყისთვის, ერთი ერისთვის და მას უნდა დავეხმაროთ რამდენადაც შეგვიძლია.

რაც შეეხება საქართველოს, ალბათ რელევანტური კითხვა ის იქნება, როგორი რეაქცია ექნება ქართველ ხალხს ამ ცვლილებებზე, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ ქართულ საზოგადოებაში ამ ეტაპზე. განსაკუთრებით კი პოლიტიკურ დონეზე.

- ცხადია გასაგებია, რატომ არის უკრაინა ალიანსის ყურადღების უმთავრესი ობიექტი. მაგრამ როცა პოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობთ, მოახდინა თუ არა გავლენა საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელმა ნაბიჯებმა იმაზე, რომ ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივა ამ სამიტზე ნახსენებიც აღარ არის?

საქართველოს ხალხის და მისი მთავრობის გადასაწყვეტია, რა არის გზა, რომლით წასვლაც სურთ. საით მიდის, საით იყურება საქართველოსთვის ის გვირაბი, რომლის ბოლოსაც სინათლეა - დასავლეთით თუ ჩრდილოეთისკენ?  

- ცხადია ვხედავთ, რომ არის გადახვევა იმ გზიდან, რაც საქართველოს გზა იყო ბევრი, ბევრი, ბევრი წლის განმავლობაში. მე მართლა ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს მართებულ არჩევანს, [რათა] დააბრუნოს საქართველო იმავე გზაზე და მისცეს ძალიან მკაფიო სიგნალი ევროკავშირსა და ნატოს, რომ საქართველოს სურს იყოს დემოკრატიული, დასავლური საზოგადოებების ნაწილი.

- სამიტამდე სულ რამდენიმე დღით ადრე პენტაგონმა განუსაზღვრელი ვადით გადადო მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები “ღირსეული პარტნიორი”, რომელშიც ესტონეთიც მონაწილეობს. თავდაცვის დეპარტამენტმა პირდაპირ მიუთითა, რომ ამის მიზეზი მმართველი გუნდის მხრიდან ანტიდასავლური განცხადებები და ყალბი ბრალდებები იყო. რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებაზე, რას ნიშნავს ეს?

- სამხედრო და თავდაცვის კუთხით თანამშრომლობა ყოველთვის ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული პოლიტიკურ თანამშრომლობასთან. და რა თქმა უნდა, საქართველოს ხალხის და ქართული მთავრობის გადასაწყვეტია, რა არის გზა, რომლით წასვლაც სურთ. საით მიდის, საით იყურება საქართველოსთვის ის გვირაბი, რომლის ბოლოსაც სინათლეა - დასავლეთით თუ ჩრდილოეთისკენ?

- ცვლილებები და გადაწყვეტილებებია მიღებული ევროკავშირის ფარგლებშიც. ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ გაყინულია სამხედრო დახმარების 30 მილიონი ევრო, ის საქართველოს მთავრობას მისი მხარდაჭერის თანდათანობითი შემცირების თაობაზეც აფრთხილებს. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ დასავლელმა პარტნიორებმა ამ ეტაპზე საქართველოზე თუ მასთან თანამშრომლობაზე ხელი ჩაიქნიეს?

- არ მგონია, რომ კითხვა ასე უნდა დავსვათ. ევროპელ პარტნიორებს ხელი არასდროს ჩაუქნევიათ. როგორც ვიცით, ეს პროცესი დაიწყო ერთი კანონპროექტით, და სამწუხაროდ ვნახეთ, რომ ის კანონად იქცა. ვნახავთ, როგორი იქნება ამ პროცესის შედეგები, მაგრამ ნამდვილად ვხედავთ იმას, რომ ეს არაა ძალიანმ დემოკრატიული პროცესი სამწუხაროდ, კანონის პერსპექტივიდან და იმის მიხედვით, როგორი უნდა იყოს კანონის უზენაესობა.

- რეგიონის ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ეს “ქართული ოცნების” მთავრობის ქმედებების ლოგიკური შედეგებია, მაგრამ ზოგის აზრით, სწორედ ახლაა ის დრო, როდესაც დახმარების შემცირების ნაცვლად, ჩართულობის გაზრდაა საჭირო, რათა საქართველო რუსეთის სამხედრო თუ ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ უფრო მოწყვლადი არ გახდეს. როგორც ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რას ფიქრობთ ამ განსხვავებულ პოზიციებზე?

სამხედრო და თავდაცვის კუთხით თანამშრომლობა ყოველთვის ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული პოლიტიკურ თანამშრომლობასთან".

- ეს ევროპულ მხარეს არ დაუწყია. ეს ქართულმა მხარემ დაიწყო. საქართველოს მთავრობა იყო ის, ვინც წარმოადგინა ეს კანონი, სამწუხაროდ არადემოკრატიული [კანონი]. საკითხი ის არაა, რომ ევროკავშირმა ან ნატომ თუ მისმა მოკავშირეებმა [წევრებმა] გააკეთეს რაღაც, ეს პირიქითაა. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც მოჰყვა შედეგები დასავლეთის მხრიდან.

- საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ დასავლელი პარტნიორები თითქოს მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ, რათა თბილისმა რუსეთს ომის ე.წ. მეორე ფრონტი გაუხსნას, ცდილობდნენ საქართველო ომში ჩაეთრიათ, ან ხელისუფლება დაემხოთ, როგორ ჟღეერს ეს განცხადებები კანდიდატი ქვეყნის ლიდერების მხრიდან თქვენთვის?

- მე არ მინდა საქართველოს შიდა პოლიტიკაზე ვისაუბრო. ეს ქართველი ხალხის, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის არჩევანია, როგორ წარმართონ საქართველოს მომავალი, მაგრამ ნათლად ვხედავთ, რომ ეს ნაბიჯები არ იყო დემოკრატიული და არ იყო სასიკეთო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG