ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო მდივნის მოადგილე თბილისში ჩადის და ყურადღებას ამერიკაზე საქართველოს მთავრობის დეზინფორმაციის შედეგებზე გაამახვილებს


დემოკრატიული მმართველობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლებების, მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფების ჩართულობის შესახებ საკითხებს, თბილისში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე განიხილავს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ეზრა ზეია, სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, თბილისსა და ერევანს 9-17 ივლისს სტუმრობს.

აშშ-ის საგარეო უწყების ცნობით, სახელმწიფო მდივნის მოადგილე, საქართველოში შეხვედრებს გამართავს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან, „რათა ხაზი გაუსვას აშშ-ის ღრმა შეშფოთებას, „უცხოური გავლენის“ კანონთან და სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასთან და საქართველოს მთავრობის მავნე რიტორკასთან დაკავშირებით, რამაც საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორია რისკის ქვეშ დააყენა".

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენის მოადგილე ცხადყოფს, რომ საქართველოს „მთავრობის არადემოკრატიულმა ქცევამ და შეერთებული შტატების შესახებ დეზინფორმაციამ“, აშშ-საქართველოს ხანგრძლივი ურთიერთობა დააზიანა.

„მდივნის მოადგილე ზეია ასევე ხაზს გაუსვამს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ქართველი ხალხის ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და საქართველოს დახმარებას 32-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში. გარდა ამისა, იგი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას და ენერგიული სამოქალაქო საზოგადოების, ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის, მარგინალიზებული ჯგუფების წევრების და ყველა ქართველის ადამიანის უფლებებს დაცვას. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ზეია ასევე ეწვევა საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც დაარსებულია და იმართება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგად დევნილი ქალების მიერ“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება სომხეთს, უწყების ცნობით, ერევანში ვიზიტისას, სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეხვდება მთავრობის მაღალჩინოსნებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, აშშ-სომხეთის პარტნიორობის გაძლიერებისა და სომხეთის დემოკრატიული მიღწევების, კანონის უზენაესობის, ანტიკორუფციული და სასამართლო რეფორმის სფეროებში წინსვლის განსახილველად.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG