„[საქართველოს ხელისუფლება] ავტორიტარიზმის მიმართულებით წავიდა და ამ საფუძველზე, ამერიკულ-ქართული ურთიერთობები ვერ შენარჩუნდება“, - ამბობს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ელჩი დენიელ ფრიდი და განმარტავს, რომ ვაშინგტონის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, იქნება ეს სავიზო შეზღუდვები, უვადოდ გადადებული სამხედრო წვრთნები თუ სხვა, ოფიციალურ თბილისს არ უნდა აკვირვებდეს.
„რას ელოდებოდა "ქართული ოცნების" ხელისუფლება იმ ენით, რომლითაც ის საუბრობს ან პოლიტიკით, რომელსაც ის აწარმოებს? ფიქრობდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დასარტყამი ტომარა იქნებოდა და რეაქცია არ გვექნებოდა იმაზე, რასაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება აკეთებს? არ გვექნებოდა რეაქცია იმაზე, თუ როგორ ესხმის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თავს სამოქალაქო საზოგადოებას და ასუსტებს დემოკრატიას [ქვეყანაში]? მათ უნდა სცოდნოდათ, რომ მათ ქმედებებს, ვაშინგტონის მხრიდან ეს რეაქცია მოჰყვებოდა. მათ არაერთი გაფრთხილება მიიღეს არასაჯაროდაც, ტელეკამერებს მიღმაც. თუმცა, მათ ეს არ გაითვალისწინეს და ავტორიტარიზმისკენ სვლა გააგრძელეს. ასე რომ, ისინი არ უნდა იყვნენ შოკირებულები ან გაკვირვებულები“, - ეუბნება „ამერიკის ხმას“ დენიელ ფრიდი.
სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანს „ამერიკის ხმა“ მას შემდეგ ესაუბრა, რაც თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა მაიკ კარპენტერმა თქვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული ამერიკის ყველა პროგრამა „გადახედვის პროცესშია“ და აღნიშნა, რომ ამის მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებია, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს არ შეესაბამება.
„სამწუხარო რეალობაა“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ფრიდი და აქვე განმარტავს, რომ ვაშინგტონის ყველა ეს და შესაძლო სამომავლო ნაბიჯი არის და იქნება საპასუხო რეაქცია იმ პოლიტიკაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აქვს.
ფრიდს მიაჩნია, რომ ოფიციალურმა თბილისმა "ვერ დააფასა" ამერიკელი ხალხის მეგობრობა. მას ასევე ვკითხეთ, რამდენად არის მოსალოდნელი, ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ინდივიდუალური ფინანსური და ეკონომიკური სანქციების დაწესება.
„ვფიქრობ, ამის საწყისი ნაბიჯები ყველამ ერთად ვიხილეთ. [ყველაფერი] ამ მიმართულებით მიდის, სამწუხაროდ. ეს არის იმის შედეგები, როცა ქვეყნის მთავრობა ავტორიტარული მიმართულებით მიდის. ჩვენ, ამერიკელები, ძალიან ბედნიერები ვიყავით „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობით. მათ გაიმარჯვეს არჩევნებში - სამართლიანად, ისინი ხელახლა აირჩიეს - სამართლიანად, მაგრამ ისინი ავტორიტარულ მიმართულებას დაადგნენ და ამ საფუძველზე ქართულ - ამერიკული ურთიერთობები ვერ შენარჩუნდება“, - გვეუბნება ფრიდი.
ამერიკელ ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელიც საქართველოს კარგად იცნობს და საქმიანი ურთიერთობები ჰქონდა საქართველოს როგორც წინა, ასევე ამჟამინდელ ხელისუფლებასთან, ვკითხეთ, რას ფიქრობს იმ განცხადებებზე, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები, ამერიკისა და დასავლელი პარტნიორების შესახებ აკეთებენ.
„მაკვირვებს "ქართული ოცნების" განცხადებები, რომ თითქოს ამერიკა მხარს უჭერს ვინმე კონკრეტულ ძალას საქართველოში, - "ნაციონალურ მოძრაობას" თუ სააკაშვილს. ჩვენ ბედნიერები ვართ ვიმუშაოთ საქართველოში მთავრობასთან, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს და ამის დემონსტრირება ჩვენი მხრიდან არაერთხელ მოხდა. მაგრამ, თუ საქართველოს ხელისუფლება, თავის სუვერენულ უფლებამოსილებებს დემოკრატიის ძირითადი წესების დარღვევის მიზნით გამოიყენებს, ამას შედეგები მოჰყვება", - გვეუბნება დენიელ ფრიდი.
ოფიციალური ვაშინგტონი იმედს გამოთქვამს, რომ საქმე უფრო შორს არ წავა და ოფიციალური თბილისი დემოკრატიული განვითარების გზას დაუბრუნდება, მანამდე კი, როგორც ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, „საქართველოსთან ამერიკის ყველა პროგრამა გადახედვის პროცესში“ დარჩება. დენიელ ფრიდს ვკითხეთ, რა ნაბიჯები შეუძლია გადადგას ოფიციალურ თბილისს იმისთვის, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო არ გაუარესდეს.
„რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ? შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა, შეწყვიტოს ქმედებებით [იმის დემონსტრირება], რომ თითქოს პეკინისა და მოსკოვის აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ქართველი ხალხის და საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილება, გახდეს ევროპული ერთობის წევრი. აი ეს უნდა გააკეთოს“, - ამბობს ფრიდი.
„ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდვებისა და ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ, საქართველოში უვადოდ გადადებული წვრთნების შემდეგ, როგორც ჩანს, ოფიციალური ვაშინგტონი გეგმავს საქართველოსთვის სამხედრო დახმარების მიწოდება შეაჩეროს.
ორი კვირის წინ, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა ამის შესახებ „ჰადსონის ინსტიტუტში" ვრცლად ისაუბრა. ცოტა ხნის წინ კი აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე მუშაობა გრძელდება. სენატორი აქვე განმარტავს, რომ პენტაგონის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო რთული, თუმცა მნიშვნელოვანი.
„რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტისგან, - გადაედო დაგეგმილი სამხედრო წვრთნები საქართველოში. ეს შეფერხება ასახავს იმ ფორმულირებას, რომელიც მე გავამყარე კომიტეტის მიერ მიღებული ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც მოითხოვს საქართველოსთან თავდაცვის თანამშრომლობის გადახედვას, „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ“, - ამბობს სენატორი ჯინ შაჰინი, სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ბაიდენის ადმინისტრაცია, ამერიკის კონგრესის ორივე პალატის ორპარტიული შემადგენლობა და ამერიკელი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ თუ „ქართული ოცნება“ ავტორიტარიზმის მიმართულებით სვლას გააგრძელებს, საპასუხო ზომები გაგრძელდება და როგორც უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი და "ატლანტიკური საბჭოს" ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი ამბობს, ის „უფრო ცივი გახდება“.
ის, რომ ვაშინგტონი გეგმავს ნაბიჯების გადადგმას, გასულ კვირას, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ განაცხადა. ენტონი ბლინკენმა, „ბრუკინგსის ინსტიტუტში" საუბრისას, დამატებითი ზომების მიღება არ გამორიცხა.
ამ ფონზე, საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ამერიკის შეერთებული შტატებისგან "შემხვედრ ნაბიჯებს" ელის და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბრობს.