31 ივლისს, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის პირდაპირ დახმარებას უჩერებს. დღეს ასევე გასაჯაროვდა წერილი, რომლითაც ამერიკის კონგრესის ორპარტიულმა ჰელსინკის კომისიამ, რომელიც ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობს და რომლის თავმჯდომარეც "მეგობარი აქტის" ავტორი ჯო უილსონია, ენტონი ბლინკენს ოფიციალურად მიმართა. წერილი 26 ივლისით თარიღდება და მას ხელს აწერენ კონგრესმენები: ჯო უილსონი, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი და მარკ ვესი.
წერილში კანონმდებლები სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით "უფრო მეტად დაუყოვნებლივი და გადამწყვეტი" ქმედებებისკენ მოუწოდებენ. ისინი მიესალმებიან სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას მათ მიმართ, ვინც ქვეყანაში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს უთხრის ძირს და ამბობენ, რომ მათი აზრით, ეს მტკიცე ნაბიჯია მზარდად ავტორიტარული და ანტიდემოკრატიული მთავრობის ანგარიშვალდებულებისთვის. თუმცა, ისინი იქვე დასძენენ, რომ მოვლენათა განვითარების ტემპი და სიმწვავე საქართველოს მოსახლეობის დასაცავად მეტ გადაუდებელ ნაბიჯსაც მოითხოვს.
"ჩვენ გვჯერა, რომ ესაა მართებული, შესაბამისი დრო იმისთვის, რომ დაწესდეს ინდივიდუალური ფინანსური სანქციები საქართველოში კორუფციისა და მავნე გავლენის კვანძის მიმართ - კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო წრის წინააღმდეგ", - ვკითხულობთ წერილში. კონგრესმენები ამბობენ, რომ ამერიკამ ნათელი უნდა გახადოს, რომ კორუფციისა და მავნე გავლენის მთავარი აგენტები საქართველოში ანტიდასავლურ ლიგასთან ერთად, ვერ განაგრძობენ ქართველ ხალხსა და მის დემოკრატიაზე თავისუფლად თავდასხმას. კანონმდებლები გასულ კვირას ევროპის ქვეკომიტეტში წარმდგარი ჯოშუა ჰაკის, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის გამოსვლასაც იმოწმებენ და ამბობენ, რომ უნდა გამოიყენონ ყველა ის მეთოდი, რომელიც განიხილება.
ამასთან, კონგრესმენები საუბრობენ ე.წ. "ქოლ ცენტრების სქემაზე", რომელიც მათი შეფასებით "ქართული ოცნებისთვის" შავი ფულისა და შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა და თაღლითურ და უკანონო ქმედებებს ეფუძნება.
"ეს ქოლ ცენტრები არის საკვანძო რამ საქართველოში კორუფციის აგენტებს შორის და ასევე რუსეთში მათ მსგავს კლეპტოკრატებთან თანამშრობისთვის. სავარაუდოდ, მსგავსი ქოლ ცენტრებია მობილიზებული ბოლო თვეებში სამოქალაქო საზოგადოების წევრების, დემოკრატიის მხარდამჭერი აქტივისტების, პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების დასაშინებლად და შესავიწროებლადაც. ის უკანონო მოგება, რომელსაც ისინი შოულობენ, საქართველოში, რუსეთში და მათ საზღვრებს გარეთაც, სხვადასხვა კორუფციული ქსელის მნიშვნელოვანი შემოსავალია და ეხმარება პოლიტიკური ეკონომიკის იმ შემაშფოთებელ სისტემას, რომელიც მართავს საქართველოში ბოლოდროინდელ ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ ცვლილებას. ასევე სავარაუდოა, რომ ეს ქსელები ემსახურება რუსეთის კორუმპირებულ ქსელებსაც და სანქციებისთვის გვერდის ავლის საშუალებას იძლევა. ჩვენ გვჯერა, რომ გადაუდებლად აუცილებელია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკასა და მეგობრულად განწყობილ სხვა საგარეო, სამართალდამცავ უწყებებთან ერთად, გადადგას სწრაფი და სისტემატური ნაბიჯები ამ ქოლ ცენტრების ქსელების და სხვა მსგავსი ძალისხმევის წინააღმდეგ. რათა საერთაშორისო დონეზე განადგურდეს ან შეფერხდეს მათი ოპერაციები", - ვკითხულობთ კონგრესმენების წერილში, რომელიც მათ ენტონი ბლინკენს 5 დღის წინ გაუგზავნეს.
4 კანონმდებელი ამბობს, რომ ეს ქმედებები შეავსებდა "მეგობარი აქტით" გათვალისწინებულ ზომებს, იმ კანონპროექტის, რომელიც მათი თქმით, ხელს შეუწყობს დემოკრატიული პრაქტიკის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის გაძლიერებას და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციას, ასევე ავტორიტარული რეჟიმების, კონკრეტულად კი რუსეთის გავლენასთან დაპირისპირებას. კონგრესმენები ამბობენ, რომ პალატა მზადაა მხარი დაუჭიროს ამ მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტის ძალისხმევას.