„ამერიკის ხმის“ რუბრიკა „გალილეო“ დღეს მოგითხრობთ იმაზე, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენს ორგანიზმზე სიარულს, ვარჯიშის ამ ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ სახეს.
ადამიანის ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი სიარულის სასიკეთო გავლენაზე ექიმები დიდი ხანია საუბრობენ და ამაში ახალი თითქოს არაფერია. დღეში სულ მცირე, ნახევარსაათიანი სეირნობა ამერიკის გულის ასოციაციის მონაცემებით, ორგანიზმისთვის უამრავი დადებითი შედეგის მომტანია. 30-წუთიანი ყოველდღიური სიარული ამცირებს გულის დაავადებების რისკს; არეგულირებს სისხლის წნევას და სისხლში შაქრის დონეს; ხელს უწყობს წონის შენარჩუნებას და იცავს ორგანიზმს ჭარბი წონისგან; ასტიმულირებს გონებრივ აქტივობას; ამცირებს ოსტეოპოროზის, დემენციის და რამდენად გასაკვირადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მკერდის და სწორი ნაწლავის კიბოს რისკსაც კი. ეს ჩამონათვალი მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოიცავს და აქვე უნდა ითქვას, რომ სიას გამუდმებით ემატება ახალი დაავადებები, რომელთა თავიდან აცილებაზეც დღეში ნახევარსაათიან სიარულს დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.
ამასთან, ექიმები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ სეირნობა სასურველია დღის სინათლეზე, რადგან ამ შემთხვევაში ორგანიზმში D ვიტამინი გამომუშავდება, ნუტრიენტი, რომლის ათვისებაც საკვებიდან საკმაოდ რთულად, მზის სხივების წყალობით კი, იოლად ხდება. დავძენთ, რომ საუბარია მხოლოდ ზომიერი რაოდენობით მზის სხივების მიღებაზე. მსოფლიოში D ვიტამინის ნაკლებობა ერთგვარ პანდემიადაც კი ითვლება. ამერიკის მოსახლეობის სულ მცირე სამ მეოთხედს ჯერ კიდევ 2009 წლის მონაცემებით D ვიტამინის სხვადასხვა დოზით ნაკლებობა აღენიშნებოდა. მისი სიმცირე ორგანიზმში იმუნიტეტის დაქვეითებას უწყობს ხელს და ბევრ სერიოზულ დაავადებასთან ასოცირდება. მათ შორისაა მეორე ტიპის დიაბეტი, კიბოს მრავალი სახე, აუტოიმუნური, თუ ინფექციური დაავადებები.
ახლა კი დაავადებების თემიდან ოდნავ გადავუხვევთ და სიარულის უფრო სასიამოვნო მხარეზე, მის რამდენიმე სხვა კეთილისმყოფელ გავლენაზე ვისაუბრებთ. სტენფორდის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ბოლო კვლევა ამტკიცებს, რომ სიარული ადამიანის ფანტაზიას, წარმოსახვის უნარს ასტიმულირებს და მას უფრო შემოქმედებითს ხდის. შემოქმედებითი მიდგომის უნარი იმ ადამიანებში, რომელიც სეირნობის პროცესში იყო, ან სიარული ცოტა ხნის წინ შეწყვიტა, 60 პროცენტით აღემატებოდა იმ ადამიანთა რიცხვს, რომელიც გადაწყვეტილების მიღებამდე ოთახში სკამზე ან სავარძელში იჯდა.
სტივ ჯობსი, კომპანია „ეფლის“ ერთ-ერთი დამაარსებელი, ცნობილი იყო იმით, რომ მნიშვნელოვან შეხვედრებს და კრებებს სიარულის პროცესში აწყობდა. სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ შემქმნელი მარკ ცუკერბერგიც კრებებს ფეხზე დამდგარი ატარებს. არ არის გამორიცხული, რომ მათ გაცნობიერებულად, თუ გაუცნობიერებლად სურდათ, რომ შეხვედრაზე ძილი არავის მორეოდა და დამსწრეების გონებრივი შესაძლებლობები და მათი შემოქმედებითი ნიჭი მაქსიმალურად მობილიზებული ყოფილიყო.
რაც შეეხება გონებრივ აქტივობას: სიარული ენერგიის ზრდის ერთ-ერთ ბუნებრივ მასტიმულირებელ საშუალებად ითვლება. რეგულარული სეირნობის შემდეგ უმჯობესდება მეხსიერება და ყურადღების კონცენტრაცია. სიარული სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს და უჯრედებისთვის მთელ სხეულში, მათ შორის თავის ტვინში, ჟანგბადის მიწოდებას აძლიერებს. პერსონალური მწვრთნელები მომუშავე ადამიანებს სიარულს ხშირად შუადღეზე ურჩევენ, სამუშაო საათებიდან შესვენების დროს. ამ დროს ადამიანი ფხიზლდება და სამსახურში განახლებული ენერგიით ბრუნდება.
ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მწვანე ნარგავებში სიარულს თავის ტვინზე დამამშვიდებელი, მედიტაციური გავლენის მოხდენა შეუძლია. გარდა იმისა, რომ სიარული სტრესის მოხსნაშიც გვეხმარება, ის უკეთეს გუნება-განწყობას სხვა ზგითაც გვიქმნის, რაც საბოლოო ჯამში ასევე სასარგებლოა იმუნიტეტისთვის და ჩვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვის. როგორც ირკვევა, ამ დროს ადამიანის ორგანიზმში გამოიყოფა ენდორფინები, ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები, რომელსაც მეტსახელად „ბედნიერების ჰორმონსაც“ უწოდებენ.