ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა კავშირია შაქარს და გულის დაავადებებს შორის?


რუბრიკა „გალილეო“ უახლეს კვლევას ეთმობა, რომელიც ადასტურებს, რომ შაქრის ჭარბი რაოდენობით მოხმარება გულის დაავადებით დაღუპვის რისკს ერთიორად ზრდის

სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში „შინაგანი მედიცინა“ უახლესი სამეცნიერო კვლევა გამოქვეყნდა, რომელიც ადამიანის მიერ შაქრის ჭარბი რაოდენობით გამოყენებას ეთმობა. როგორც ირკვევა, იმ ადამიანების გულის დაავადებით დაღუპვის რისკი, რომელთა მიერ შაქრით მიღებული კალორიების რაოდენობა დღიური რაციონის მეხუთედს შეადგენს, ორჯერ მაღალია, ვიდრე მათი, ვინც ჯანმრთელად იკვებება და რომელთა დღიურ ნორმაში შაქრის რაოდენობა 10 პროცენტს არ აღემატება.

უფრო იოლად რომ წარმოვიდგინოთ, მხოლოდ ერთი ტკბილი სასმელის, დავუშვათ „კოკა-კოლას“, ან რაიმე სხვა გამაგრილებელი სასმელის ქილა, ან 250 გრამიანი ბოთლი 2 ათას კალორიიან დღიურ დიეტაში შაქრის 7 პროცენტის მარაგს ავსებს. ასეთი 3 მცირე ზომის სასმელის მიღება კი გულის დაავადებების რისკს ერთიორად ზრდის.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:44 0:00
ბმული

სამეცნიერო კვლევა ფოკუსირებას უფრო შაქრის დანამატების სახით მიღებაზე ახდენს და არა იმ ნატურალური, ბუნებრივი წესით რაციონში ჩართვაზე, როგორც ის შეიძლება ხილით ან ბოსტნეულით კვებისას მივიღოთ. ამერიკელი მეცნიერების აზრით, შეერთებულ შტატებში ამ მხრივ ყველაზე დიდი რისკის შემცველი გამაგრილებელი სასმელები, ენერგეტიკული, თუ სხვა ტიპის ტკბილი სითხეებია. ვერმონტის უნივერსიტეტის პროფესორის, რეიჩელ ჯონსონის თქმით, კიდევ ბევრი სხვა კვლევა მიმდინარეობს, რომლებშიც მკვლევარებს აინტერესებთ შაქრის ჭარბი მოხმარების გავლენა დიაბეტის და ჭარბწონიანობის რისკის გაზრდაზე.

„ჩვენი კვლევა კი ფოკუსირებას გულის დაავადებებით მზარდ სიკვდილიანობაზე ახდენს. უშუალოდ ლეტალურ დასასრულს ვიკვლევთ“ - ამბობს ის.

შეერთებული შტატების ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გამოცემული გზამკვლევი გვირჩევს კვების რაციონი ისე შევარჩიოთ, რომ შაქრის და ნაჯერი ცხიმების რაოდენობა დღიური კალორიების 5-დან 15 პროცენტს არ აღემატებოდეს. თუმცა, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის თანამშრომელი და აღნიშნული კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი, ჩუნჰუ იანგი ამბობს, რომ ამერიკელები ამ ნორმებს უმეტეს შემთხვევაში არ იცავენ. მისი თქმით, საშუალო ამერიკელი შაქარს დანამატის სახით რაციონში 15 პროცენტამდე რთავს.

„შაქრის ნაკლები მოხმარების ჯგუფებს რომ ვადარებთ, ჭარბი რაოდენობით მომხმარებლებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით დაღუპვის დაახლოებით 30 პროცენტით მეტ რისკს ვიღებთ“ - აღნიშნავს მეცნიერი და დასძენს, რომ დღეში მხოლოდ ერთი 250-გრამიანი გამაგრილებელი სასმელის ბოთლიც კი დიდ განსხვავებას იძლევა.

„დღეში ერთი პატარა ბოთლი ტკბილი სასმელის დალევა უკვე მეორე კატეგორიაში გახვედრებთ. იმაში, რომელშიც თქვენი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით დაღუპვის რისკი ორმაგდება“ - ამბობს შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მკვლევარი.

პროფესორი ჯონსონი თვლის, რომ საქმეში კანონმდებლებიც უნდა ჩაერთონ და რეგულაციები შეცვალონ. ნიუ იორკში უკვე ცდილობენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამაგრილებელი წყლის ჭიქების ზომების დარეგულირებას. ახლახან მექსიკაში გაზიან სასმელებზე და სხვა შაქრის შემცველ საკვებზე გადასახადები გაიზარდა. თუმცა, ქალაქ ნიუ იორკში ანალოგიური ინიციატივა ადამიანის პირადი თავისუფლების შეზღუდვად აღიქვეს. პროფესორ ჯონსონის თქმით, ანალოგიურ ზომებს სხვა ადგილობრივმა მთავრობებმაც უნდა მიმართონ, რათა მოსახლეობაში შაქრის მოხმარება შემცირდეს და ადამიანებს მეტი ჯანსაღი არჩევანი ჰქონდეთ.
XS
SM
MD
LG