მამაკაცები, რომლებიც მობილურ ტელეფონს შარვლის ჯიბით ატარებენ, უნებლიედ შესაძლოა საკუთარ ნაყოფიერებას აზიანებდნენ და შთამომავლობის გაგრძელების უნარს ზღუდავდნენ. მიზეზი ის არის, რომ წინასწარი შედეგებით, ტელეფონის ელეტრომაგნიტური რადიაცია მათი მამობის შანსს ამცირებს. მეცნიერები ამ გარემოებას მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევენ, რადგან დედამიწაზე ზრდასრული ადამიანების უმეტესობა მობილურ ტელეფონს ხმარობს. მაღალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში კი მოსახლეობის 14 პროცენტს უშვილობის პრობლემა აქვს.
დიდი ბრიტანეთის ექსეტერის უნივერსიტეტში პროფესორ ფიონა მათეუსის ხელმძღვანლეობით 10 სხვადასხვა სამეცნიერო კვლევა შეაჯამეს, რომლებიც დაკვირვებას 1 492 ადამიანზე აწარმოებდა. კვლევების მიხედვით, მობილური ტელეფონების გავლენით სპერმების მოძრაობა 8 პროცენტით შენელდა. ამავე რაოდენობით შემცირდა მათი სიცოცხლისუნარიანობაც. პროფესორ მათეუსის თქმით, ეფექტი განსაკუთრებით კრიტიკულია იმ მამაკაცებში, ვინც განაყოფიერების პრობლემების ზღვარზე ისედაც იმყოფებოდა.
მეცნიერების აზრით, შესაძლოა პრობლემა არამარტო მობილურ ტელეფონებში, არამედ ზოგადად გარემოს სხვა ფაქტორების, მაგალითად -თანამედროვე ტექნოლოგიების სხვა უსადენო გადამცემებშიც- აღმოჩნდეს და ამ შემთხვევაში საქმე ერთგვარ კრებით ფაქტორთან გვექნება. საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად კი, პროფესორ მათეუსის განცხადებით, „შემდეგი კვლევებია საჭირო, რათა მოსახლეობაზე მობილური ტელეფონის გავლენის სრული კლინიკური ზემოქმედება გაირკვეს“. კვლევის შედეგების დეტალური გაცნობა შესაძლებელია ჟურნალის „საერთაშორისო გარემოს დაცვა“ (Environment International) 9 ივნისის გამოშვებაში.
* * *
დღეს კიდევ ერთ უახლეს კვლევას გაგაცნობთ, რომელიც ადასტურებს, რომ მარიხუანის მოწევა, როგორც დამოუკიდებელი ფაქტორი, ასევე უარყოფით გავლენას ახდენს მამაკაცთა ნაყოფიერებაზე. კერძოდ, ის ახალგაზრდა მამაკაცის სპერმის ზომაზე და ფორმაზე ზემოქმედებს, რითაც უშვილობის პრობლემებს იწვევს, ნათქვამია შეფილდის და მანჩესტერის უნივერსიტეტების მიერ ჩატარებული კვლევის დასკვნაში.
სამეცნიერო ექსპერიმენტში 14 უნაყოფობის ცენტრიდან 2 249 მამაკაცი მონაწილეობდა. როგორც მეცნიერები იუწყებიან, 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში, ვინც მარიხუანა ანალიზის აღებამდე 3 თვის განმავლობაში მოწია, ნორმალური სპერმის არსებობის შანსი 2-ჯერ მცირდება იმათთან შედარებით, ვისაც ბოლო 3 თვის მანძილზე ის რაიმე ფორმით არ მიუღია. მრავალი კვლევით არაერთხელ დადასტურდა, რომ სპერმის ხარისხს, კონცენტრაციას, ფორმას და ზომას მამაკაცის ჯანმრთელი განაყოფიერების უნარში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
მეცნიერები ურჩევენ იმ მამაკაცებს, ვისაც შვილის ყოლა სურს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მარიხუანის, თუ სხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერების მიღება. „ჩვენი მონაცემებიდან გამომდინარე მარიხუანას მწეველებს შეგვიძლია ვურჩიოთ, რომ შეწყვიტონ მისი ნებისმიერი სახით მიღება, თუკი მათ ოჯახის დაწყება და შვილის ყოლა სურთ“ - აღნიშნავს ალან პეისი, კვლევის ავტორი და შეფილდის უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. კვლევა გამოქვეყნდა 4 ივნისს ოქსფორდის სამედიცინო გამოცემაში „ადამიანის რეპროდუქცია“ (Human Reproduction).
რუბრიკა „გალილეო“ გაგაცნობთ კვლევებს, რომელთაც მამაკაცთა ნაყოფიერებაზე სხვადასხვა ფაქტორის უარყოფითი გავლენა შეისწავლეს