ამერიკა და ევროკავშირი მოუწოდებენ კოსოვოს გარკვეულ დათმობებზე წავიდეს

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მოუწოდებენ კოსოვოს, რომ უკან დაიხიოს სერბეთთან ურთიერთობაში ქვეყნის ჩრდილოეთში მიმდინარე დაძაბულობასთან დაკავშირებით, სადაც სიტუაცია სულ უფრო მწვავდება. დასავლელი პარტნიორები კოსოვოს აფრთხილებენ, რომ თუ შემხვედრ ნაბიჯებს არ გადადგამს, მაშინ დიდიხნიან პარნტიორებთან დასავლეთში მოუწევს მომხდარის შედეგებთან გამკლავება.

გაფრთხილება კოსოვოს ხელისუფლებას მას შემდეგ მისცეს, რაც ამერიკისა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენლებმა კოსოვოსა და სებრეთში ვიზიტები განახორციელეს და სიტუაცია ადგილზე შეაფასეს. გასულ კვირას მომხდარი დაპირისპირების შედეგად, რომელსაც ძალადობრივი ხასიათი მიეცა, დაჭრილია ათობით ადამიანი, მათ შორის ნატოს სამშვიდობო მისიის ჯარისკაცები და ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრები სერბი დემონსტრანტები.

სერბეთსა და კოსოვოს შორის დაძაბულობა ხელახლა გამწვავდა მას შემდეგ, რაც კოსოვოს პოლიციამ რეგიონის ჩრდილოეთში სერბებით დასახლებულ რაიონებში რეიდი ჩაატარა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობები დაიკავა.

ძალადობრივი შეტაკებების შედეგად, ერთი მხრივ, კოსოვოს პოლიციასა და ნატოს სამშვიდობოებს, ხოლო მეორე მხრივ, ადგილობრივ სერბებს შორის, ათობით ადამიანი დაშავდა.

ასევე ნახეთ: კოსოვო მზადაა ხელახალი არჩევნებისთვის სერბებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში

შეტაკებების შემდეგ, სერბეთმა, საზღვართან ჯარების საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა და თქვა, რომ თუ კოსოვოში სერბებს კვლავ დაარბევენ, ისინი გვერდით არ გადგებიან. შეტაკებებმა გააჩინა შიში, რომ არ განახლდეს 1998-99 წლების დაპირისპირება, რამაც კოსოვოში 10,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო მილიონზე მეტი უსახლკაროდ დატოვა.

კოსოვო, ძირითადად, ეთნიკური ალბანელებით დასახლებული ტერიტორიაა, რომელიც მანამდე სერბეთის ერთ-ერთი პროვინცია იყო. კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. სერბეთი არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას და რეგიონს, კვლავ, სერბეთის ნაწილად განიხილავს.

მოუხედავად ამისა, კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს 100-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპის ქვეყნების უმეტესობას. ხოლო ჩინეთი და რუსეთი მხარს სერბეთს უჭერენ.

ამერიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა დასავლეთ ბალკანეთში, გაბრიელ ესკობარმა თქვა, რომ კოსოვომ მეტი ავტონომია უნდა მისცეს სერბებით დასახლებულ მუმიციპალიტეტებს, თუ სურს, რომ მეტად დაუახლოვდეს ნატოსა და ევროკავშირს.