"ჰელსინკის კომისია" "ატლანტიკური საბჭოს" ქართველ თანამშრომელთა ჩხრეკას ეხმაურება

შეერთებული შტატების "ჰელსინკის კომისიამ" საქართველოში "ატლანტიკური საბჭოს" თანამშრომელთა ბინების ჩხრეკასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა. განცხადება სოციალურ ქსელ X-ზე, კომისიის ოფიციალურ გვერდზე 25 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

განცხადებას ხელს აწერს კონგრესის ორპარტიული კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კანონმდებელი ჯონ უილსონი. ის წარმომადგენელთა პალატაში საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრიც არის. კონგრესმენი "შემაშფოთებელს" უწოდებს საქართველოში სამართალდამცავების მხრიდან ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას მიმართ განხორციელებულ ქმედებებს.

"დიდი წუხილითა და შეშფოთებით შევიტყვე ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლების ჩხრეკის შესახებ. ისინი არიან "ატლანტიკური საბჭოს" მკვლევრები, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ რუსეთის დეზინფორმაციის გამოსავლენად და საქართველოს სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. როგორც მესმის, მთავრობამ მკვლევრებს ელექტრონული აღჭურვილობა ჩამოართვა, მათ შორის ქალბატონ გელავას შვილის კომპიუტერიცაა".

კონგრესმენი უილსონი კატეგორიულად გმობს ჩხრეკის ფაქტს, რომელიც საქართველოში უშუალოდ საპარლამენტო არჩევნების წინ მოხდა, რომელსაც ის "კრიტიკულს" უწოდებს. განცხადებაში ის ასევე ამბობს, რომ მომხდარის გამო ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს:

"ცალსახად ვგმობ ჩხრეკას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ეს კრიტიკულ ეროვნულ არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოხდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩხრეკა არანაირ შედეგს არ მოიტანს, გარდა იმის დამტკიცებისა, რომ ქალბატონები ბუზიაშვილი და გელავა საკუთარი ქვეყნის პატრიოტები არიან. უნდა დადგეს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო განყოფილების იმ თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც აშკარად გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას".

"ჰელსინკის კომისია" დაკომპლექტებულია ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენებისგან, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის, ხაზინისა და თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან. მისი მისია მსოფლიოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობის მოკვლევა და მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებაა.

ასევე ნახეთ: „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა „ფულის გათეთრებასა“ და "თაღლითობაზე“ გამოძიების ფარგლებში ჩატარდა

თავად "ატლანტიკური საბჭო" მომხდართან დაკავშირებით ამბობს, რომ "ღრმადაა შეშფოთებული" ამ ფაქტითა და იმ გავლენით, რაც ამას საქართველოში არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მათი თანამშრომლების მუშაობაზე ექნება. "ჩვენი ქართველი კოლეგები - სოფო გელავა და ეთო ბუზიაშვილი ჩართულნი არიან დამოუკიდებელ, არაპარტიულ საქმიანობაში, რომლის მიზანიც არის დემოკრატიის დაცვა და გაძლიერება მათგან, ვინც მისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს ციფრულ სფეროში. მათ შორის კვლევითი საქმიანობით, რომელიც უკავშირდება უცხოური გავლენის ძალისხმევას, მარგინალიზებული ჯგუფების მიზანში ამოღებას და სხვა ციფრულ ზიანს", - ამბობს "ამერიკის ხმისთვის" გაგზავნილ ოფიციალურ განცხადებაში გრემ ბრუკი, "ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი ტექნოლოგიების პროგრამებისა და სტრატეგიის მიმართულებით და კვლევითი ლაბორატორიის უფროსი დირექტორი.

ერთი დღით ადრე, "მეგობარი აქტის" ავტორი, კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოში 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებსაც შეეხმიანა. “26 ოქტომბერი გადამწყვეტი მომენტია არაჩვეულებრივი ქართველი ხალხის სულისთვის”, - განაცხადა მან ვიდეო-განცხადებაში, რომელიც 24 ოქტომბერს, “ამერიკის ხმის” ჟურნალისტს, ეკა მაღალდაძეს მიაწოდა.

ასევე ნახეთ: კონგრესმენი უილსონი: ქართველი ხალხი მკაფიოდ ამბობს, რომ სურს მთავრობა, რომელიც პატივს სცემს მის არჩევანს

“ქართველი ხალხი მკაფიოდ ამბობს, რომ მას სურს მთავრობა, რომელიც პატივს სცემს მის არჩევანს ჰქონდეს უფრო მჭიდრო კავშირი დინამიურ ევროპულ ქვეყნებთან, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ისინი უარს ეუბნებიან ომის დამნაშავე პუტინის მომაკვდინებელ მცდელობას, წაართვას მათ რთულად მოპოვებული თავისუფლება, რათა თავიდან შექმნას დაშლილი საბჭოთა კავშირი", - ნათქვამია კონგრესმენ უილსონის განცხადებაში.

მისი თქმით, საქართველოსთვის წინ მიმავალი გზა დაფუძნებულია თავისუფლებისა და თვითგამორკვევის საზიარო ღირებულებებზე. ევროკავშირი და ნატო სთავაზობენ უსაფრთხო და კეთილდღეობის მქონე მომავალს, რომელიც ეფუძნება დემოკრატიულ ღირებულებებს. მეგობრობა ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის არის ძლიერი და ეფუძნება თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საერთო ერთგულებას… “მეგობარი აქტის” სულისკვეთებით, ამერიკა დგას ქართველი ხალხის გვერდით მისი ნათელი მომავლისთვის. ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი და ამერიკა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ხალხს”, - ამბობს ჯო უილსონი