ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოზე ჰელსინკის კომისიაში მოსმენა გაიმართა


შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედ, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში, რომელსაც უმეტესად ჰელსინკის კომისიის სახელით იცნობენ, საქართველოს საკითხი განიხილეს. მოსმენა სახელწოდებით - "საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერა" - ვაშინგტონში, 4 ივნისს გაიმართა.

კონგრესის ჰელსინკის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოში შექმნილ ვითარებაზეა საუბარი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ახლახან, რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონის მიღება, მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ანტიდასავლური კურსის შეცვლისა და ამასთან ერთად, რუსეთთან, თუ სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიცაა ჩინეთი, დაკავშირების ღია დეკლარაციას წარმოადგენს. სამი ათწლეულის განმავლობაში გატარებული პროდასავლური, დემოკრატიზაციისკენ მიმართული და ევროატლანტიკური სტრატეგიული დღის წესრიგის შემდეგ, საქართველოს მთავრობა აშკარად და ძალადობრივად არღვევს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური არჩევანის მიმართ რწმენას, ამ და კრემლის მიერ შთაგონებული სხვა კანონებისა და პოლიტიკის უხეშად მიღებით. „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ვექტორის ამ სტრატეგიულმა ცვლილებამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კვირების განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია, რაც ემუქრება ქვეყნის ისედაც მყიფე პოლიტიკურ და სოციალურ გარემოს.

ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა უკვე ნათლად განაცხადეს, რომ ამგვარი კანონმდებლობის სრულად ამოქმედება ხელს შეუშლის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს. და შედეგად, ევროპარლამენტმაც მიანიშნა, რომ გარკვეული პრივილეგიები, რომლებითაც საქართველო ევროკავშირისგან სარგებლობს, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია, შესაძლოა რისკის ქვეშ დადგეს.

შეერთებულ შტატებში, კონგრესმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა პირობა დადეს, რომ დაიცავენ და მხარს დაუჭერენ ქართველი ხალხის უზარმაზარ და დიდი ხნის დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ არჩევანს, მათ შორის - პოტენციურად, ინდივიდუალური ვიზების აკრძალვის, ფინანსური სანქციების, დახმარების პაკეტების გადახედვისა და სხვა ზომების მეშვეობით. აშკარაა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება დემოკრატიის მომხრე და პროდასავლურ მოსახლეობას, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მოსკოვისკენ ექაჩება და მზადაა ამ გზაზე ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენოს".

ჰელსინკის კომისიაში გამართულ მოსმენაზე ისაუბრეს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, ე.წ "უცხოეთის აგენტების" კანონის ზემოქმედებაზე ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე და ამ ყოველივეზე შეერთებული შტატების შესაძლო პოლიტიკურ რეაგირებაზე.

მოწმეების სახით, ჰელსინკის კომიტეტში დღეს მოუსმინეს: ვანო ჩხიკვაძეს - სამოქალაქო საზოგადოების ფონდში ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, ნატალი საბანაძეს - კონსულტანტს საქართველოს საკითხებში ევროპის დემოკრატიის ფონდში, "ჩათამ ჰაუსის" უფროს მკვლევარს და ასევე უილიამ კორტნის - შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს საქართველოში, რომელიც ახლა "კორპორაცია რანდში" უფროსი მკვლევარია.

სხდომა კონგრესმენმა ჯო უილსონმა გახსნა, რომელიც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა. მან 1991 წელს, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული ხანგრძლივი თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ტრადიციაზე ისაუბრა. კონგრესმენმა უილსონმა შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გაწეული 6 მილიარდ დოლარზე მეტი უშუალო დახმარების შესახებაც ისაუბრა და ასევე ხაზი გაუსვა ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცების ერთმანეთის მხარდამხარ ბრძოლის ფაქტს ერაყსა და ავღანეთში.

კონგრესმენის თქმით, საქართველოსთვის ახლა „კრიტიკულ მომენტი“ დადგა და მათი „მტკიცე კავშირი“ მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მოქმედი, საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა. კონგრესმენ უილსონის განცხადებით, ამის დასტურია „პუტინის სტილის“ კანონის შემოღება საქართველოში, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე თვეზე მეტია უწყვეტად აპროტესტებს ამას.

„კანონი ღიად არის გამიზნული ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სტიგმატიზაციისა და მათთვის ძირის გამოსათხრელად და კრიტიკული აზრის გამოხატვის შევიწროებისათვის. ეს „უცხოეთის აგენტების“ კანონი მხოლოდ აისბერგის წვერია, მთავრობის ანტიდემოკრატიული მიმართულებით შემობრუნების საქმეში“, - განაცხადა კონგრესმენმა უილსონმა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი ხდება იმის მიუხედავად, რომ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული. ამ ფონზე საქართველოს მმართველმა პარტიამ შეძლო გამოენახა “ომის კრიმინალ პუტინთან” საერთო მიზანი.

კონგრესმენმა ასევე ახსენა საქართველოს კავშირების გაღრმავება ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და თქვა, რომ „შეერთებული შტატები არ დაუშვებს ქართულ დემოკრატიაზე და მის ევროატლანტიკურ მომავალზე თავდასხმის უპასუხოდ დატოვებას". აქედან გამომდინარე, "მივესალმები [აშშ-ის] სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ახლახან გამოცხადებულ პოლიტიკას სავიზო შეზღუდვებზე იმ ინდივიდების წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას“, - განაცხადა მან.

კონგრესმენი უილსონი ასევე მიესალმა კონგრესში წარდგენილ ახალ კანონპროექტს, აქტს სახელად „მეგობარი“, რომელიც მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის შეზღუდვების დაწესებისას, დამატებით დამხმარე წყაროდ და გზამკვლევად გამოადგება. კონგრესმენმა ასევე აღნიშნა ის ფაქტი, რომ იგივე კანონპროექტი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის უფრო „მოქნილი“ ორმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, „მძლავრი ეკონომიკური და უსაფრთხოების დახმარების პაკეტების“ წარმოდგენით.

სხდომაზე მიწვეულ მოწმეთა ჩვენებების მოსმენასთან ერთად, ორპარტიულ ჰელსინკის კომისიაში სიტყვით გამოვიდნენ კონგრესმენი სტივ კოენი, სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი და წარმომადგენელთა პალატის წევრი ვიქტორია სპარცი. მოსმენის დასასრულს, ვანო ჩხიკვაძემ, ნატალი საბანაძემ და უილიამ კორტნიმ, შეერთებული შტატების კანონმდებელთა კითხვებს უპასუხეს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG