ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ატლანტიკური საბჭოს" განცხადება მისი თანამშრომლების ჩხრეკაზე


გრემ ბრუკი
გრემ ბრუკი

"ატლანტიკური საბჭო" ღრმადაა შეშფოთებული მომხდარით და იმ გავლენით, რაც ამას საქართველოში არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჩვენი თანამშრომლების მუშაობაზე ექნება" - აცხადებს "ატლანტიკური საბჭო" თბილისში მისი ორი თანამშრომლის სახლების ჩხრეკასთან დაკავშირებით.

ამერიკული კვლევითი ცენტრის, „ატლანტიკური საბჭოს“ ორი ქართველი თანამშრომლის - ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში 24 ოქტომბერს, დილით ჩხრეკა ჩატარდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკა იმ გამოძიების ფარგლებში ჩაატარეს, რომელიც ფულის ჯგუფურად გათეთრებისა და ჯგუფური თაღლითობის მუხლებით მიმდინარეობს. ბუზიაშვილიც და გელავაც "ატლანტიკური საბჭოს "ციფრული კრიმინალისტური კვლევითი ლაბორატორიის" თანამშრომლები არიან.

"ჩვენი ქართველი კოლეგები - სოფო გელავა და ეთო ბუზიაშვილი ჩართულნი არიან დამოუკიდებელ, არაპარტიულ საქმიანობაში, რომლის მიზანიც არის დემოკრატიის დაცვა და გაძლიერება მათგან, ვინც მისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს ციფრულ სფეროში. მათ შორის კვლევითი საქმიანობით, რომელიც უკავშირდება უცხოური გავლენის ძალისხმევას, მარგინალიზებული ჯგუფების მიზანში ამოღებას და სხვა ციფრულ ზიანს", - ამბობს "ამერიკის ხმისთვის" გაგზავნილ ოფიციალურ განცხადებაში გრემ ბრუკი, "ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი ტექნოლოგიების პროგრამებისა და სტრატეგიის მიმართულებით და კვლევითი ლაბორატორიის უფროსი დირექტორი.

ბრუკი იმედოვნებს, "ატლანტიკური საბჭოს" თანამშრომლებს მალე შეეძლებათ დაუბრუნდნენ საკუთარ საქმიანობას და ხელისუფლება უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას.

"ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს უფრო მეტ სიცხადეს მისი ქმედებების თაობაზე, უზრუნველყოფს ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებასა და დაცულობას, მათი ქონების დაბრუნებას და მათთვის საშუალების მიცემას, რომ განაგრძონ ქართულ დემოკრატიაში წვლილის შეტანა", - ამბობს ბრუკი.

მისი თქმით, "ატლანტიკური საბჭო" განაგრძობს საქართველოში მუშაობას, თავისი მისიის შესაბამისად ფუნქციონირებას და ყურადღებით დააკვირდება მოვლენების განვითარებას.

XS
SM
MD
LG