ხანგრძლივი დაყოვნების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში ელჩი წარადგინა. თეთრმა სახლმა ამ თანამდებობაზე დიპლომატი ბრიჯიტ ბრინკი დაასახელა.
ბრინკს დიდი გამოცდილება აქვს. ის 2019 წლიდან მსახურობს ელჩად სლოვაკათში. მანამდე ის ამერიკას წარმოადგენდა სერბეთში, კვიპროსში, საქართველოსა და უზბეკეთში. ბრინკი ასევე იყო ეროვნული უშიშროების საბჭოში.
ბრინკს საქართველოში რიჩარდ ნორლანდის ელჩობის დროს ელჩის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ასევე ნახეთ: ოსტინი: ამერიკა უკრაინას ომის მოგებაში დაეხმარებამოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკა ბრინკის საქართველოში ელჩად გაგზავნას გეგმავდა, თუმცა მმართველმა "ქართული ოცნების" პარტიამ მისი კანდიდატი დაიწუნა. ოფიციალური თბილისი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
პრეზიდენტის წარდგენის შემდეგ ბრინკს ამერიკელი კანონმდებლები მოუსმენენ. სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გაიმართება საჯარო მოსმენა, რომლის დროსაც სენატორები ელჩობის კანდიდატს შეკითხვებს დაუსვამენ მისი დამოკიდებულებისა და პოზიციების დასაფიქსირებლად. ამის შემდეგ, კომიტეტი ბრინკის კანდიდატურას კენჭს უყრის და თუ ის კომიტეტის წევრების ხმათა უმრავლესობას მიიღებს მას ელჩად სრული სენატი დაამტკიცებს. ამ დროისთვის უცნობია როდის გაიმართება ბრინკის მოსმენა.
უკრაინაში ამერიკის საელჩო ამ დროისთვის დახურულია, საელჩომ მუშაობა მას შემდეგ შეაჩერა, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი განაახლა. ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ უკრაინაში ამერიკელი დიპლომატები უახლოეს კვირებში განაახლებენ მუშაობას. სახელმწიფო მდივანმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები კიევში იმყოფებოდნენ, სადაც ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტს და მთავრობის წევრებს ხვდებოდნენ. ვიზიტის შესახებ ვრცლად ინფორმაციას გაეცანით აქ.